თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის
განუთავსებლობისთვის გუშინ, 20 ოქტომბერს 5-5 ათასი ლარით მეორედ
დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიებს „ძლიერი
საქართველოს“ ვიდეორგოლის განუთავსებლობისთვის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევათა ოქმები მეორედ 18 ოქტომბერს შეუდგინა.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.
ComCom-მა „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს „ძლიერი საქართველოს“ რეკლამის განუთავსებლობისთვის ოქმები პირველად 13 ოქტომბერს შეუდგინა. სასამართლომ კი, მეორე დღეს ისინი 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და ვიდეორგოლების ტელეეთერში განთავსებაც დაავალა.
კოალიციის იურისტის, თორნიკე ართქმელაძის განმარტებით, პირველ ჯერზე სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიების ინტერესების დამცველების თქმით კი, მათ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვთ.
ComCom-ის განცხადებით, კომისიაში შევიდა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ საჩივარი, რომლის თანახმადაც, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ტელევიზიასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა, მაუწყებლები „ძლიერი საქართველო“ რეკლამას კვლავ არ ათავსებენ.
გუშინ, 20 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „რუსთავი 2“ სამართალდამრღვევად სცნო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც. როგორც ComCom-ი წერს, კომისიაში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში აღარ გადის მათ მიერ მიწოდებული უფასო პოლიტიკური რეკლამები.
10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებს. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.
„საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია „რუსთავი 2“-ს, სწორედ იმავე პერიოდიდან, მათ ეთერში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი აღარ გადის“, - ვკითხულობთ ComCom-ის განცხადებაში.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სასამართლომ 5-5 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა „იმედი“, POSTV და „მაესტრო“.