დღეს, 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის
განუთავსებლობისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა და ვიდერგოლის ეთერში
განთავსება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიას
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 20 ოქტომბერს შეუდგინა.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.
კომისიის განცხადებით, ComCom-ში პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 10 ოქტომბრიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში მათ მიერ მიწოდებული უფასო პოლიტიკური რეკლამები აღარ გადის.
10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.
„საჩივრის ავტორის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი განცხადება არ გაუვრცელებია „რუსთავი 2“-ს, სწორედ იმავე პერიოდიდან, მათ ეთერში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეორგოლი აღარ გადის“, - ვკითხულობთ ComCom-ის განცხადებაში.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სასამართლომ 5-5 ათასი ლარით უკვე დააჯარიმა „იმედი“, POSTV და „მაესტრო“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით ორჯერ დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც.