GDI: კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებების ტენდენცია აჩენს საფუძვლიან განცდას, რომ კომისია ხელისუფლების მიერ შესაძლოა გამოიყენებოდეს მედიისა და პოლიტიკური სიტყვის წინასაარჩევნო ცენზორად
23.10.2024


„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ გამოაქვეყნა ანგარიში - „საქართველოს კომუნიკაციების კომისია და მედია გარემო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე“. დოკუმენტში შეფასებულია კომუნიკაციების კომისიის მიერ არაწინასაარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში განხილული საქმეები 2024 წლის 20 ივნისიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით. 

GDI-ის შეფასებით, კომისიის საქმიანობის მონიტორინგი აჩვენებს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად მიკერძოებულია მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რის ხარჯზეც უკანონოდ იზღუდება არასახელისუფლებო მედიების სარედაქციო პოლიტიკა და გამოხატვის თავისუფლება. 

„ამგვარი მოცემულობა საგანგაშოა, ვინაიდან კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პრაქტიკას და ავტორიტარიზმის გამყარების მცდელობებს“. 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომუნიკაციების კომისიის მიერ განხილულ საქმეებში გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:

● საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს სთავაზობს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის ზედმეტად ფართო განმარტებას და შედეგად ქმნის ცენზურის საფრთხეს მედიისთვის; 
● საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებისათვის ბუნდოვნად დატოვა თუ, კონკრეტულად რას გულისხმობს საზოგადოებრივი აზრის კვლევის კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმება; 
● საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოირჩევა მმართველი პარტიის საჩივრების დაკმაყოფილების მაღალი მაჩვენებლით; 
● კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და მაუწყებლებისათვის გაუგებარს ტოვებს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს კომისიისათვის სამართალდარღვევად; 
● კომუნიკაციების კომისიის, ასევე საერთო სასამართლოების მიერ შექმნილი ბუნდოვანი პრაქტიკა თუ რა შემთხვევაში უნდა განათავსოს/არ განათავსოს მაუწყებელმა პოლიტიკური რეკლამა ეთერში მაუწყებლებს აყენებს მსუსხავი ეფექტის წინაშე და არღვევს სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპს, რადგან მათთვის წინასწარ განსაზღვრული არ არის როგორი იქნება კომისიის ან სასამართლოს პრაქტიკა კონკრეტული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების/არ განთავსების შემთხვევაში, რასაც შედეგად მათი დაჯარიმება მოჰყვება.
● კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ და საერთო სასამართლოებმა მედიებს დააკისრეს ვალდებულება, ისეთ კრიტიკულ დროს, როგორიც წინასაარჩევნო პერიოდია, აქტიურად ადევნონ თვალი სატელევიზიო და ინტერნეტ სივრცეში გაკეთებულ ყველა განცხადებას რომელიმე პარტიის რომელიმე კოალიციასთან სავარაუდო გაერთიანების და რომელიმე კოალიციიდან სავარაუდო გამოსვლის შესახებ. შედეგად, მედიას ეკისრება ვალდებულება რეკლამის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის უგულებელყოფითაც კი; 
● კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები მაუწყებლებს შეუდგინა იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული წინარე პრაქტიკა და კანონმდებლობა ამის საშუალებას არ იძლეოდა;
● როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოები ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმის კანონიერების შესწავლისას იღებდნენ დაუსაბუთებელ და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს; 
● კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საერთო სასამართლოების მიერ მაუწყებლებისათვის დაკისრებული ჯარიმები კიდევ უფრო ამძიმებს მედიების ფინანსურ მდგომარეობას. 

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ დასკვნის მიხედვით, გამოვლენილი ტენდენციები მიუთითებს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის მედიაზე ზეწოლის და ცენზურის საფრთხეებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად. 

„ამასთან, კომისიის ბოლოდროინდელი მიდგომა, ზედმეტად ფართო ინტერპრეტაცია მისცეს და ღიად დატოვოს გარკვეული საკითხები, მედიებს ურთულებს მათი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, რაც იწვევს გაურკვევლობასა და მოულოდნელ სამართლებრივ შედეგებს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ არჩევნების წინა პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების ტენდენცია აჩენს საფუძვლიან განცდას, რომ კომისია ხელისუფლების მიერ შესაძლოა გამოიყენებოდეს მედიისა და პოლიტიკური სიტყვის წინასაარჩევნო ცენზორად. კომისიის ფართო და რიგ შემთხვევაში ბუნდოვანი პრაქტიკა მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორც მედიის, ასევე პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებას, ხელს უშლის თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას“

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კომუნიკაციების კომისიის, ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაახლოებული პრაქტიკა, კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებული ისეთი გამოწვევების ფონზე, როგორიც არის: რუსული კანონის ამოქმედება, ჟურნალისტებზე ფიზიკური/სიტყვიერი თავდასხმები, SLAPP სარჩელების მზარდი ტენდენცია, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედიტაციული განცხადებები და სხვა. 

GDI-ის შეფასება ვრცლად კომუნიკაციების კომისიის მიერ არაწინასაარჩევნო  და წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებულ საქმეებზე იხილეთ აქ: 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ