სევინჩ სადიგოვა: „აფგანი ნებისმიერ წუთს შეიძლება, კომაში ჩავარდეს“
24.10.2024


თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 1 თვეზე მეტია შიმშილობს. როგორც აფგან სადიგოვის მეუღლემ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას განაცხადა, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია.

სევინჩ სადიგოვას თქმით, აფგანს გადაადგილებაც უჭირს, წნევა და შაქარის ნორმა სისხლში ძალიან დაბალი აქვს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს კომაში ჩავარდეს.

„მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. მას დღეს შევხვდი, ის ეტლით მოიყვანეს. შეხვედრის დასრულებისას ექიმი და ფსიქოლოგი შემოვიდნენ და მითხრეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ბავშვების თანდასწრებით არ უნდათ საუბარი, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება, რომ კომაში ჩავარდეს. 

ექიმი მეუბნებოდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა მიიღოს, მაგრამ აფგანი არ თანხმდება. ამბობს, რომ შიმშილობას გააგრძელებს, რადგან არ მუშაობს კანონი და მუშაობს მხოლოდ ბრძანებები, მას სხვა გზა არ აქვს და მოკვდება“, - ამბობს სადიგოვა.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ