„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ია გულიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს გურჯაანის მეორე საარჩევნო უბანზე მუშაობის დროს ქალაქის სპორტსკოლის მაშველი, კახა დევიძე დაუპირისპირდა.
ია გულიაშვილის თქმით, ისინი საარჩევნო უბანზე კონკრეტული ფაქტის გადამოწმებას ცდილობდნენ.
„გურჯაანის #2 საარჩევნო უბანზე იმის გასარკვევად მივედი, თუ როგორ მოხდა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ერთსა და იმავე მისამართზე ათეულობით ადამიანი ჰყავთ რეგისტრირებული“.
როგორც „მთავარი არხის“ ჟურნალისტი „მედიაჩეკერთან“ ჰყვება, გადამღები ჯგუფის ადგილზე მუშაობის დროს, დაცვის პოლიციელები მივიდნენ, რომლებსაც კახა დევიძეც მიჰყვა.
„საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გვეუბნებოდა,
რომ საარჩევნო უბანი უნდა დაიცვან და ამიტომ არიანო. ჟურნალისტი ვარ
და თავისთავად იქ მყოფი პირებისგან ვცდილობდი, ინფორმაცია მიმეღო, რა
მიზნით და რა მოტივით იყვნენ მოსულები, რამაც გამოიწვია „ქართული
ოცნების“ „ზონდერის“ კახა დევიძის გაღიზიანება“.
ია გულიაშვილის თქმით, დევიძემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,
მის ხელთ არსებული ნივთები ესროლა და კამერის დამტვრევითაც დაემუქრა.
ინციდენტთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა 112-საც მიაწოდა ინფორმაცია,
თუმცა, მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.
განახლება: როგორც „მედიაჩეკერს“ სპეციალური
საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, უწყება ჟურნალისტს უკვე
დაუკავშირდა და ის დაბარებულია საგამოძიებო სამსახურში რეაგირების
მიზნით.
„მთავარი არხისა“ და qvemoqartli.ge-ს ჟურნალისტებზე ზეწოლის
შემთხვევებს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.
ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ადგილობრივი
ჩინოვნიკები და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები რეგიონებში
აგრესიულად ექცევიან ჟურნალისტებს, რომელებიც საარჩევნო გარემოს
შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ორივე ფაქტის დაუყოვნებლივ და
ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდა, საჯარო უწყებების წარმომადგენლებს
კი შეახსენა, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას
ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.
მთავარი არხის გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში
ხელშეშლის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობით
შეატყობინა და გამოძიების დაწყება მოითხოვა „მედიაომბუდსმენმაც“.
ორგანიზაცია ჟურნალისტებისა და ოპერატორების სამართლებრივ დახმარებას
აგრძელებს. არჩევნების დღეს მედიისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცხელი
ხაზი: 577 070 592
როგორც ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა - QvemoQartli.ge 23
ოქტომბერს დაწერა, ჟურნალისტი ქეთევან მოსიავა „ქართული ოცნების“
ღონისძიებისთვის თბილისში მოქალაქეების გადაყვანის პროცესის გადაღებას
ცდილობდა, რა დროსაც, რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის
მოადგილემ, კარლო ნოდიამ მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება
შეუზღუდა.