საპარლამენტო არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებთან
მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის
ფაქტებს გამოეხმაურა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
ორგანიზაციის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების მისამართით საარჩევნო უბნებზე მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნება აგრესია და მტრული გარემო.
„ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თელავში, მარნეულსა და ვაზისუბანში. ფიზიკურად გაუსწორდნენ CNews-ის ჟურნალისტს. „მთავარი არხის“ წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს მუშაობაში კახეთსა და ბათუმში. გამოვლინდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი რუსთავში; სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ცდილობდნენ რადიო „მარნეულის“, „პუბლიკას“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის", - წერს ორგანიზაცია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ჟურნალისტზე თავდასხმა პრესის თავისუფლების დარღვევაა და დემოკრატიულ საზოგადოებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.