3 დეკემბერს, გვიან ღამით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო
გამოშვებაში გავიდა
ტელეკომპანიის
ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან, რომლის წარდგენისას
გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ იგი „ტრამპის ადმინისტრაციის
ევროკავშირში სავარაუდო წარმომადგენლად განიხილება“.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში კიმბერლი ლოუ ამბობს: „ვეთანხმები, რომ შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ, მათ შორის, „მეგობარი აქტი“, რომელიც შეჩერდა. ის ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ“. ასევე, მისი თქმით, მთავრობას ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შეწყვეტა არ სურდა, „მაგრამ იყო ბევრი საკითხი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუარესებული იყო. ვიცით, რომ, ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, ეს გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“.
კიმბერლი ლოუს კომენტარი გაავრცელეს სხვა პროსამთავრობო მედიასაშუალებებმაც, მათ შორის ტელეკომპანია „იმედმა“.
ვინ არის რეალურად კიმბერლი ლოუ „მითების დეტექტორმა“ გადაამოწმა. როგორც ფაქტების გადამოწმების პორტალი წერს, ლოუ რესპუბლიკური პარტიის წევრია. მან მონაწილეობის მიღება 2024 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებში სცადა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის კანდიდატი არ ყოფილა და იმ პირებს შორის იყო, რომლებმაც პრაიმერიდან კანდიდატურა ან მოხსნეს, ან დისკვალიფიცირებული იყვნენ.
„2022 წელს ლოუმ ასევე სცადა წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, თუმცა კანდიდატობიდან დისკვალიფიცირებული იყო, რადგან არ ჰქონდა საკმარისი ხელმოწერები და მის განაცხადში შეცდომები ჰქონდა დაშვებული. საპასუხოდ ლოუმ განაცხადა, რომ “პარტის ესტაბლიშმენტი” მის დაბლოკვას ცდილობდა.
ამერიკულ მედიაში არ იძებნება ცნობები, რომ ლოუს ევროკავშირში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლად ან რაიმე სხვა თანამდეობაზე დანიშვნა იგეგმება. ინფორმაციის წყაროდ, რომ ლოუ კანდიდატად განიხილება, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად ლოუს უთითებს.
2022 წელს არჩევნებში მონაწილეთათვის არსებულ კითხვარში ლოუ აღნიშნავს, რომ “მარტოხელა დედა, ფერმერი და პოლიტიკის საკითხებში მრჩეველია”. ამავე კითხვარში მითითებულია, რომ არჩევის შემთხვევაში ლოუს სურვილი ექნებოდა საერთაშორისო საკითხების კომიტეტის წევრი გახდეს და “ბევრი ქვეყნის ექსპერტთან მუშაობს, რათა ამ პოზიციისთვის მოემზადოს”. ამავე კითხვარში კითხვაზე, სასარგებლოა თუ არა წარმომადგენლებისთვის წინა პოლიტიკური გამოცდილება”, ლოუ პასუხობს: “ხალხს ყელში ჰყავს ამოსული პოლიტიკოსები, ოფისში გვჭირდება ნამდვილი ადამიანები, რათა ხალხისთვის იბრძოლონ”.
ფეისბუქზე კიმბერლის ლოუს გვერდს 3 400-მდე გამომწერი ჰყავს. ლოუ სხვადასხვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსთან გადაღებულ ფოტოს ხშირად აქვენებს, თუმცა სხვა წყაროები, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო კონტაქტი აქვს, არ იძებნება. ერთ-ერთ პოსტში ლოუ “დიფ სტეიტს” მის დევნაში ადანაშაულებს.
31 ოქტომბრის პოსტში ლოუ აღნიშნავს, რომ “საყოველთაო მშვიდობის ფედერაციის” მშვიდობის ელჩი გახდა. “საყოველთაო მშვიდობის ფედრაცია” კორეის უნიფიკაციის ტაძრის დამფუძნებლის, სუნ მიონ მუნის დაფუძნებული ორგანიზაციაა. თავად უნიფიკაციის ტაძარი მუნმა 1954 წელს დააფუძნა. მუნი თავს “მესიად” აცხადებდა. რელიგიური მოძრაობა არაერთ სკანდალთან არის დაკავშირებული. 2023 წელს იაპონიის პრემიერმინისტრის, შინძო აბეს მკლელმა განაცხადა, რომ აბე უნიფიკაციის ტაძართან კავშირის გამო მოკლა. მკვლელობის შემდეგ იაპონიის მთავრობას იაპონიაში ორგანიზაციის მოქმედების შეჩერება სურდა. კრიტიკოსები უნიფიკაციის ტაძარს მიმდევრების ექსპულატაციაში ადანაშაულებენ“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ 4 დეკემბერს, დილით ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ კიმბერლი ლოუს პირადად ესაუბრა და „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა, რომ შესაძლოა იყოს. თუმცა, ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში, ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს, რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“.
როგორც „მითების დეტექტორი“ წერს, „გვიმრაძე აღნიშნავს, რომ ის სენატში კენჭს იყრიდა და ეს “ადვილად იძებნება”. თუმცა, როგორც აღინიშა, ლოუ სენატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი არასოდეს ყოფილა. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან ლოუს კავშირები, რომელბსაც გვიმრაძე ახსენებს, ლოუს მიერვე გამოქვეყნებული ფოტოების გარდა სხვა წყაროებით არ დასტურდება“.
გუშინ, შუადღით, „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გვიმრაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა. თუმცა, გამოცემას ტელევიზიის კომუნიკაციების სამსახურში ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუზუსტეს. გვიმრაძეს ეს პოზიცია 2015 წლის ოქტომბრიდან ეკავა.
„მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, გიორგი გვიმრაძე, როგორც წამყვანი ტელევიზიაში რჩება.
„მითების დეტექტორი“ წერს, ქართულ მედია წყაროებში კიმბერლი ლოუ ბესარიონ შენგელიას კომენტარებშიც გვხვდება.
„შენგელიას პოსტები თავის ფეისბუქ გვერდზე კიმბერლის ლოუსაც აქვს გაზიარებული (1;2;3;4) ბესარიონ (ბესო) შენგელია საბავშვო წიგნის “ქინდერბუბუს” ავტორია. ის საქართველოში “მსოფლიო მშვიდობის ფორუმის” ჩატარებას გეგმავს. შენგელია ამბობს, რომ ფორუმის შესახებ კიმბერლი ლოუსთან კომუნიკაციის შედეგად დონალდ ტრამპიც ინფორმირებულია. მისივე მტკიცებით, ტრამპს ფორუმის საპატიო სტუმრობა შესთავაზა და ამერიკული მხარე მზად არის ფორუმის ორგანიზებაშიც მიიღოს მონაწილეობა და ფინანსურადაც დაეხმაროს. გარდა ამისა, შენგელია ოქტომბერში ქართულ მედიებს კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუს ჩასაწერად მასთან დაკავშირებას სთავაზობდა. შენგელია ლოუს “სენატორობის კანდიდატად” მოიხსენიებს, ასევე გაზიარებული აქვს Georgia Today-ს ივლისის სტატია, რომელშიც ლოუ კვლავ შენგელიასთან არის დაკავშირებული და ასევე “მომავალ სენატორად” არის მოხსენიებული, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ლოუ სენატორობის კანდიდატი არ ყოფილა და რეპუბლიკური პარტიის პრაიმერშიც კი ვერ მიიღო მონაწილეობა. Georgia Today-სთან მოყვანილია ლოუს კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ პირადად ცდილობს მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორებას მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებით, თუმცა მისი დიპლომატიური საქმიანობის და ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სხვა წყაროებში არ იძებნება. მსგავსი ოფიციალური შეხვედრების შესახებ ლოუს სიახლეები თავის ვებ-საიტზეც კი არ აქვს გამოქვეყნებული.
შენგელია აცხადებს, რომ 2024 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის იყო და ის თეოლოგმა პროფესორმა კონსტანტინე აკოპმა წარადგინა. ნობელის პრემიის კომისიის მხრიდან ლაურეატობის კანდიდატების სია კონფიდენციალურია. სოციალური მედიაში შენგელიას მითითებული აქვს, რომ “ნობელის პრემიის მშვიდობის კანდიდატი, გამომგონებელი და ეკონომისტია”. ასევე, მითითებული აქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ბესარიონ შენგელია ასევე იძებნება რუსეთის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებულთა შორის“.