„იმედი“ კუბოს დაწვას რელიგიური გრძნობებით მანიპულაციისთვის იყენებს
10.12.2024


დღეს, დილით პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 8:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ქვეყნის მთავარ გამზირზე კუბო მიიტანეს და პარლამენტის მიმდებარედ, საახალწლო ნაძვის ხის წინ ცეცხლი წაუკიდეს“. 

„ქრონიკის“ წამყვანს, ქეთევან გრიგორაშვილს არ უხსენებია ფაქტი, რომ გუშინ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კუბო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის,  ბიძინა ივანიშვილის ფიტულითა და ყვავილებით დაწვეს. ივანიშვილის ფიტული არ ჩანს არც იმ კადრებში, რომელიც „იმედმა“ მაყურებელს შესთავაზა.

ბიძინა ივანიშვილის ფიტულით კუბოს დაწვა არ უხსენებია არც 11:00-საათიანი „ქრონიკის“ წამყვანს. ქეთი ლაცაბიძე ამბობს: „გრინჩი და კუბო - საპროტესტო აქციის ანტურაჟი რუსთაველზე. მომიტინგეებმა ქვეყნის მთავარ გამზირზე კუბო მიიტანეს და პარლამენტის მიმდებარედ საახალწლო ნაძვის ხის წინ ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი პრინციპით,ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მე-11 პრინციპის მიხედვით კი, ფაქტის განზრახ დამახინჯება ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს.

პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროევროპული აქციის დისკრედიტაცია სოციალურ ქსელში რელიგიური გრძნობებით მანიპულაციით გააგრძელა.

„იმედმა“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე, 11:10 საათზე, დილის „ქრონიკაში“ გასული მასალა გამოაქვეყნა და დაურთო ტექსტი: „მომიტინგეებმა პარლამენტის წინ დაწვეს კუბო, რომელზეც იესო ქრისტე იყო გამოსახული“.

ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ქარდიც, რომელზეც „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის იმავე ნარატივის მატარებელი ციტატაა დატანილი.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით,  „მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე“.

გარდა ამისა, კოდექსში ვკითხულობთ, რომ „მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან“.

 28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები მიმდინარეობს. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას შსს-ს ძალები სპეციალური საშუალებების გამოყენებით შლიან, პროტესტანტებს ფიზიკურად უსწორდებიან და აკავებენ. 

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. 

შენიშვნა: მასალაში მიმოხილულია 13:30 საათამდე გამოქვეყნებული მასალები. 

 

თეგები : ანალიტიკა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ