საქართველო
კატეგორია - საქართველო
უკანონო მოსმენების საქმეზე ჟურნალისტების საჩივრის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის შემდეგ, პროკურატურამ „ფორმულას“ წამყვანი თამარ ჩიხლაძე გამოკითხვაზე დაიბარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

რა მოხდა

  • 14 ივლისს ე.წ. სუსის კრებსების საქმეზე თბილისის პროკურატურამ „ფორმულას“ ჟურნალისტი თამარ ჩიხლაძე გამოკითხვაზე დაიბარა და დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
  • გამოკითხვას წინ უძღოდა „მედიაომბუდსმენის“ მიერ 12 ივლისს 10 ჟურნალისტის, მათ შორის თამარ ჩიხლაძის, სარჩელის გაგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
  • „მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, აქამდე საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ რამდენჯერმე თქვა უარი ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე და მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში ეფექტურად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა.

კონტექსტი

  • 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები გავრცელდა.
  • დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა.
  • ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს.
  • 12 ივლისს „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 4 სხვადასხვა მედიის 10 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა
  • „მედიაომბუდსმენი“ უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით ყველა მედიის წარმომადგენელს სთავაზობს დახმარებას.
კატეგორია - საქართველო
ტელეწამყვანმა და მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ იგივე “უცნობმა” “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა.

რა რის მნიშვნელოვანი?

გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ის “ოპოზიციურ ტელევიზიებს ამხელს” - კრიტიკული ტელევიზიის წარმომადგენლები “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე უკანონო, ფარულ მიყურადებაზე საუბრობენ.

რა ირკვევა გავრცელებული ჩანაწერით?

გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი 2022 წლის 13 ივლისს გამოაქვეყნა.

  • 2-წუთიან აუდიო ჩანაწერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” მაშინდელი წამყვანის გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის ეკა სარიას და ჟურნალისტების ლაშა კვესელაძისა და გიორგი გვიშიანის საუარი ისმის.
  • ჟურნალისტები წყაროსგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობენ.

“უცნობის” მტკიცებით, ჩანაწერიდან იკვეთება, რომ გოგაშვილი სამ ტელევიზიას (“მთავარ არხს”, “ტვ.პირველსა” და “ფორმულას”) აწვდის ინფორმაციას, რომელსაც ეს არხები “სათავისოდ” იყენებენ და “ასე მზადდება ყველანაირი ფეიკი.”

“მთავარი არხის” ჟურნალისტები კი ამბობენ, რომ ჩანაწერში “მთავარი არხის” გადაცემისთვის რეპორტაჟის დაგეგმვის პროცესია ასახული.

ჩანაწერის ავთენტურობა

“უცნობის” გასაჯაროვებული ჩანაწერის ავთენტურობა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიორგი გვიშიანმა დაადასტურა.

გვიშიანის ინფორმაციით, ჩაწერილი საუბარი 2021 წლის ნოემბერში შედგა და იმავე პერიოდში გავიდა ეთერში რეპორტაჟი, რომელსაც ჟურნალისტები “უცნობის” გასაჯაროვებულ ჩანაწერში გეგმავენ.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალების შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა, რომ ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს, თუმცა შეიმჩნევა მონტაჟის კვალი.

ვინ ჩაიწერა ჟურნალისტების თათბირი?

“მთავარი არხის” ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ეს სუს-ის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერია, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძეს გაასაჯაროვებინეს.

გაჩეჩილაძის თქმით კი მას ტელეკომპანია “მაესტროს” შესასვლელთან დახვდა ნაცნობი ერთ-ერთი კრიტიკული მედიასაშუალებიდან და ჩანაწერი გადასცა.

ჟურნალისტების მიყურადება

“მთავარ არხში” მიიჩნევენ, რომ მათ სატელეფონო საუბრების გარდა სხვა მეთოდებითაც უსმენენ. არხის ჟურნალისტის გიორგი გვიშიანის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ ვისგან გავიდა ინფორმაცია და რას ემსახურებოდა ჟურნალისტების მოსმენა.

  • “თუ ეს იყო კანონიერი, გვითხრან, რომ ე.ი თვალთვალის ობიექტები ვართ, თუ არ არის - ეს ყველაფერი მაშინ უკანონოა და დაადგინონ ვინ გვისმენს უკანონოდ”, - ამბობს გვიშიანი “მთავარ არხთან”.

გამოძიების მოთხოვნაში აზრს ვერ ხედავს არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

  • “სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა - საკუთარ დანაშაულს რანაირად გამოიძიებენ? გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი არ აქვს.”, - ამბობს გიორგი გაბუნია.

არხის ხელმძღვანელი სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს:

  • აუცილებლად დაინტერესდნენ “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით.
  • შეისწავლონ ეს ფაქტი და მოახდინონ სათანადო რეაგირება, რადგან “ქვეყანაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო.

ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.

ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ ეჭვები.

კოალიციის განცხადებით:

  • ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა.
  • 2022 წლის 13 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.
  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით უნდა დაიწყოს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

ჟურნალისტებზე მიყურადების ფაქტები გასაჯაროვდა გასულ წელსაც. ვრცლად ამ თემაზე: ფარულ მოსმენებზე 10 ჟურნალისტის სარჩელი „მედიაომბუდსმენმა“ სტრასბურგში გაგზავნა.
კატეგორია - საქართველო
„მედიაომბუდსმენმა“ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე 10 ჟურნალისტის სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნა.

რა ხდება

12 ივლისს ე.წ. კრებსების საქმეზე „მედიაომბუდსმენმა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 4 სხვადასხვა მედიის 10 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა:

  • გიორგი მგელაძე, გელა ბოჩიკაშვილი - „რადიო თავისუფლება“
  • ნინო ბიძინაშვილი - „ნეტგაზეთი“
  • ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო მაისურაძე, გიორგი დარჩაშვილი და თამუნა ჩიხლაძე - „ფორმულა“
  • ნოდარ მელაძე, ინგა გრიგოლია და თამთა დოლენჯაშვილი - „TV პირველი“

„მედიაომბუდსმენის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გაიგზავნება „ფორმულას“ ჟურნალისტის ხატია შამანაურის საქმეც.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ უარი თქვა ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე და მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო პროცესში ეფექტურად ჩართვის შესაძლებლობა არ მისცა.

„მედიაომბუდსმენის“ დირექტორის, ნათია კაპანაძის შეფასებით, „საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი.“

კონტექსტი

  • 2021 წლის 1 აგვისტოს და 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ ჩანაწერები გავრცელდა.
  • დაახლოებით 58 000-მდე ფაილში ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაციაა.
  • ჩანაწერების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ჟურნალისტებმაც დაადასტურეს
  • მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაციების 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უმოქმედოა.
კატეგორია - საქართველო
ჟურნალისტი ნატა ქაჯაია ითხოვს, პარლამენტმა დისციპლინური სანქცია გამოიყენოს დეპუტატ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, დისკრიმინაციული და დამამცირებელი ქცევის გამო.

რა მოხდა?

11 ივნისს მედიაკოალიციის კოორდინატორმა და “მედიაომბუდსმენის” დირექტორმა ნათია კაპანაძემ, ნატა ქაჯაიას სახელით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და სამართლებრივი რეაგირებისთვის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართა.

კონტექსტი

24 ივნისს პარლამენტში, ინტერვიუს ჩაწერისას, „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას შეურაცხმყოფელი სტყვებით მიმართა:

  • “დაკარგე ადამიანის სახე”
  • „თვალები გადმოგეყარა, ცუდად ხარ, მართლა ცუდად ხარ“
  • „გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ“
  • “მელაპარაკები თვალებგადმოყრილი და გაღიზიანებული, შენ ინტერვიუ გგონია ახლა ეს?”

რა პრობლემაა?

ნატა ქაჯაიას განმარტებით, ეს დამაკნინებელი მოპყრობა პარლამენტის წევრის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

“საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი” პარლამენტის წევრს უზღუდავს მოქალაქეებთან არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს:

  • მუხლი 2.7. პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს;
  • მუხლი 2.8. პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება;.

მედიაკოალიციის კოორდინატორისა და მედიაომბუდსმენის დირექტორის, ნათია კაპანაძის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მამუკა მდინარაძის ქმედება ღირსების მიზანმიმართულად შემლახავი იყო.

„ჟურნალისტების, განსაკუთრებით ქალი ჟურნალისტების დაცინვა და მათთვის დამამცირებელი გარემოს შექმნა, ცალსახად ახალისებს მუქარას და ძალადობას, შესაბამისად, ძირს უთხრის მედიის მიმართ საზოგადოების ნდობას“ - განმარტავს კაპანაძე.

დეტალები

ნათია კაპანაძე პარლამენტის ეთიკის საბჭოს სთხოვს, შეისწავლონ ნატა ქაჯაიას მიმართ უხეში მოპყრობის, დისკრიმინაციული მიმართვების და პატივისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულების ფაქტი.

ასევე, ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭომ „იმსჯელონ მომხდარ ინციდენტზე და გამოიყენონ დისციპლინური სანქციებიდან ერთ-ერთი“:

  • სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება
  • ხელფასის დაკავება
  • ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში.

სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლისა და პარლამენტისთვის რეკომენდაციის მომზადების თხოვნით, ნათია კაპანაძემ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსაც.
კატეგორია - საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქარელში, TV “მონიტორინგის” თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

რა მოხდა? ტელეკომპანია “მონიტორინგის” ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს არხის ჟურნალისტს შოთიკო სადაღაშვილს და ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს ძალადობრივი და პრორუსული პარტიის ,,ალტ-ინფოს,“ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი წევრები და მხარდამჭერები დაესხნენ თავს.

 

  • თავდამსხმელებმა ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • სცადეს აპარატურის დამტვრევა.
  • მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება.

გამოძიების დეტალები

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

  • სსკ-ის 154-ე მუხლი: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან.

საგამოძიებო უწყებაში ტელეკომპანია “მონიტორინგის” ჟურნალისტსა და ოპერატორს გამოკითხავენ.

ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ამბობს, რომ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მომხდარის სრული ვიდეო ჩანაწერი მიაწოდოს.
კატეგორია - საქართველო
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" ჟურნალისტებზე მასშტაბური ძალადობიდან ერთი წლის შემდეგ მედიაგარემოს გაუარესებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს.

რა ხდება? მედია კოალიციიის წევრები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოუწოდეს:

  • გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენების დროს დანაშაულებრივი ქმედებების უშუალო ჩამდენები და ორგანიზატორები.
  • Სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ მომრავლებული თავდასხმები, მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტები და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს შესაბამისი პირები.
  • შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
  • გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები.

რატომ არის მნიშვნელოვანი? ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მედიის ათობით წარმომადგენელზე ძალადობიდან ერთი წლის შემდეგაც თავდასხმის ორგანიზატორები არ დასჯილან.

მედიაკოალიცია ამბობს, რომ პასუხისმგებლობაში მიცემული არ არიან უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც.

მედიაექსპერტის, ზვიად ქორიძის თქმით, 5-6 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები ერთი წლის განმავლობაში  ტელეკომპანიის მფლობელები და პარტიის დამფუძნებლები გახდნენ და ცდილობენ მეტი ლეგიტიმაცია მოიპოვონ საზოგადოებაში თავიანთი "შავრაზმული" საქმიანობისთვის.
  • “ ამას რომ ხელს უწყობს ხელისუფლება, ბუნებრივია ის ხელს უწყობს ქვეყანაში ქვეყანაში თავგასულობის, ულტრანაციონალიზმის, შავრაზმული პოლიტიკის წახალისებას, ეს ყველაფერი აზიანებს ჩვენი საზოგადოების პრინციპულ გადაწყვეტილებას: ევროპულ არჩევანს და ევროკავშირისკენ სწრაფვას.”, - ამბობს ქროიძე.

კოალიციის შეფასებით, დაუსჯელობამ მედიაგარემო გააუარესა:

  • “მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება - ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია.”
  • “ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო თითქმის ყოველდღე ხდებიან პოლიტიკოსების თუ წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლები.”
  • “ჟურნალისტებს ეზღუდებათ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, განსაკუთრებით, როცა ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის, ბიუჯეტის არასწორი მართვის თუ დანაშაულებრივი საქმიანობის შემთხვევებს იკვლევენ.”
  • “პატიმრობაშია კრიტიკული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის გამამტყუნებელ განაჩენსაც შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.”

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

კოალიცია განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

  • სახელმწიფო პასუხისმგებელია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და ხელშეშლის თავიდან აცილებაზე.
  • სახელმწიფო ვალდებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი.

კონტექსტი

2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
ერთი წელი გავიდა 2021 წლის 5 ივლისიდან, როდესაც თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.

მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

უწყვეტი პროტესტის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

როგორ შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში ბოლო 1 წელიწადში?

5 ივლისს მედიაზე თავდასხმამ გავლენა იქონია საქართველოში მედიაგარემოს შეფასებაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან:

მთავარი აქცენტები: 

  • ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მედიაგარემო გაუარესდა
  • მიუთითებენ პოლიტიკურ ჩარევებზე, სამართლებრივ პრობლემებზე
  • ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე
  • ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე

დეტალურად:

საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებამ გავლენა იქონია ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ.

  • კანდიდატის სტატუსის მისაღებ 12 პირობას შორის არის თავისუფალი მედიაგარემოს პუნქტიც. 
  • საკითხის განხილვისას, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია და ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

  • ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოსთვის უპრეცენდენტო უკუსვლა იყო 2021 ივლისში 50 რეპორტიორზე თავდასხმა უსაფრთხოების ძალების თვალწინ.
  • RSF წერს, რომ საქმის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა აჩვენებს იმ დაუსჯელობას, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები.

“ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა”

  • ორგანიზაციის ანგარიშში, “პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობისა და კონფლიქტის დროს”, საუბარია საქართველოში 5 ივლისის თავდასხმაზე, გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და გახშირებულ მუქარებზე ჟურნალისტების მიმართ.

"ამნესთი ინთერნეიშენალი"

  • თავის ბოლო ანგარიშში, საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოში კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფარულ თვალთვალზე, დაშინებასა და თავდასხმაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

  • 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიის პლურალიზმი შემცირდა.
  • პრობლემებს შორის ჩამოთვლილია ჟურნალისტების არდაშვება საჯარო ღონისძიებებზე
  • მთავრობის გავლენა მედიის ნაწილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

2021 წელს მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხეზე მიუთითებდა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-იც.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები თავს ჯგუფურად დაესხნენ. მმართველი გუნდი ამას „პროვოკაციაზე რეაქციით“ ამართლებს.

30 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელს, ვატო წერეთელს, მისივე თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი.

ინციდენტში მონაწილეობდნენ ბექა ოდიშარია და ირაკლი ზარქუაც, რომლებიც ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან.

რა არის საყურადღებო?

გარდა იმისა, რომ მედიის მენეჯერი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ძალადობაში ადანაშაულებს, ეს ამბავი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დაპირისპირება აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, რაც სცდება საქართველოს სამართალდამცავთა იურისდიქციას.

რას ამბობს ვატო წერეთელი? “ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე… ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორესი, მერე ჭიქა მესროლა", - ამბობს ვატო წერეთელი.

  •  ტელეკომპანია “პირველის” მფლობელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა თავდასხმა ანრი ოხანაშვილთან ერთი წლის წინ პარლამენტში მომხდარ შელაპარაკებას უკავშირდებოდეს.
  •  ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, გაშველების დროს დაზიანებები მიიღო არხის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ.

რას ამბობენ “ქართული ოცნების” დეპუტატები?

მმართველი პარტიის დეპუტატი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ტელეკომპანია “პირველის” მფლობელს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

  • ოხანაშვილის თქმით, ვატო წერეთელი მასთან მივიდა და სთხოვა გვერდით მისთვის მეგობრულად რაღაც ეთქვა და შემდეგ „ყურში ჩუჩულით უბინძურესი სიტყვები თქვა“ - რასაც ვერ გაიმეორებს.
  •  ვატო წერეთელმა “ბინძურ პროვოცირებაზე მიიღო პროპორციული პასუხი“.
  •  “ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება ასევე საელჩოს მხრიდან, ეს იყო თავდასხმა პარლამენტის წევრზე უმძიმესი, უბინძურესი პროვოკაციით და გასარკვევია რაიმე თრობის ქვეშ ხომ არ იმყოფებოდა”.

იმავეს იმეორებენ ინციდენტთან დაკავშირებული სხვა დეპუტატებიც.

  • ვატო წერეთელი აშშ-ს საელჩოს ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება სთხოვს კადრების გასაჯაროების იმედი აქვს ანრი ოხანაშვილსაც.

ვინ უნდა გამოიძიოს საქმე?

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ:

  •  აშშ-ის საელჩოს ტერიტორია არ არის საქართველოს იურისდიქციაში.
  •  შესაბამისად, აქ მომხდარ ამბავს იძიებს აშშ.
  •  საქართველოს მხარეს შეუძლია პასუხისგებაში მისცეს პირები, თუ აშშ ამ საკითხზე გამოძიებას არ დაიწყებს, ხოლო ჩადენილი ქმედება საქართველოს კანონმდებლობითაც დასჯადია.
  •  თუ საელჩოს ტერიტორიაზეა ჩადენილი დანაშაულზე აშშ-მ გამოძიება დაიწყო, საქართველო გამოძიებას ვერ დაიწყებს, რადგან არ შეიძლება ადამიანის ორჯერ დასჯა ერთი ქმედებისთვის.
  •  საქართველოს შეუძლია გამოძიება დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი დანაშაული არ ისჯება აშშ-ის კანონმდებლობით, თუმცა ის საქართველოს კანონმდებლობით ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია.

თუმცა, როგორც სიმონიშვილი ამბობს: “აქ არის ერთი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპუტატებზე, ისინი სარგებლობენ დიპლომატიური სტატუსით, იმუნიტეტით და შესაბამისად თუ არ მოხდება ამ იმუნიტეტის მოხსნა ამ ადამიანების დასჯა გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნება.”

  • მანდატის/სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამისთვის კი გამამტყუნებელი განაჩენი, რის შემდეგაც გადაწყდება მანდატის შეწყვეტის საკითხი პოლიტიკურად.

გამოხმაურებები:

მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას გმობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მათ მოუწოდებს:

  •  აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
  •  გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში კიდევ უფრო არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა.

მედიაკოალიცია “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ წევრებს.
  •  გააკეთოს სათანადო განცხადებები მედიის წამომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.
კატეგორია - საქართველო
რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი (ოგუზი), რომელსაც ორი კვირის განმავლობაში საქართველოში არ უშვებდნენ, ლიეტუვაში გაფრინდა.


რა მოხდა? რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი 29 ივნისს ლიეტუვაში ჩავიდა. ის 12 ივნისიდან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რჩებოდა. ინსა ლანდერს შსს-მ უარი უთხრა საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით შემოსვლაზე, თუმცა 27 ივნისს სახელმწიფომ მისი ქვეყანაში შემოშვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და იმავე დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ლანდერი თბილისში ჩაიყვანეს.

ინსა ლანდერის ინტერესებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავდა. ბლოგერის უფლებადამცველების ინფორმაციით:

  • ინსა ლანდერმა 13 ივნისს განმეორებით მოითხოვა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა და საქართველოში საერთაშორისო დაცვა (თავშესაფარი), რაზეც უარი მიიღო.
  • ორგანიზაციამ 17 ივნისს ადმინისტრაციული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ბლოგერისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და დროებითი განჩინების გამოტანა.
  • 20 ივნისს, „უფლებები საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დროებითი ღონისძიების გამოყენების გზით ინსა ლანდერისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილიყო.
  • 22 ივნისს, ევროსასამართლომ კომუნიკაცია დაიწყო მხარეებთან - მოსარჩელეს და სახელმწიფოს გამოუგზავნა კითხვები და კითხვებზე პასუხების წარდგენის საბოლო ვადად 29 ივნისი განუსაზღვრა.
  • 27 ივნისს საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ინსა ლანდერის ქვეყანაში შემოშვების შესახებ.

რატომ წავიდა ბლოგერი ლიეტუვაში? ინსა ლანდერს ლიეტუვაში გამგზავრება ლიეტუვის ელჩმა საჯაროდ შესთავაზა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მას საქართველოში შესვლის ნებას მისცემდნენ.

ინსა ლანდერის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ვრცლად, ვინ არის რუსი ბლოგერი ინსა ლანდერი წაიკითხეთ ამ ბმულზე.
კატეგორია - საქართველო
მედიის ადვოკატირების კოალიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს აირიდოს 2021 წელს 5 ივლისს დაშვებული შეცდომები და დაიცვას მედიისა და ქვიარ აქტივისტების უსაფრთხოება.


რა ხდება?
28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, რომლის ფარგმებში ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება, რეგიონული კონფერენცია და პრაიდ ფესტივალი გაიმართება.

მედიაკოალიცია: “ღონისძიებების გამართვას კვლავაც საფრთხეს უქმნიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ.” 

რატომ არის მნიშვნელოვანი? კოალიციის განმარტებით, 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ, სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ვალდებულია დაიცვას მედია და “თბილისი პრაიდის” მონაწილეთა უსაფრთხოება.

მედიაკოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს თბილისი პრაიდის აქტივისტთა უსაფრთხოება.
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან.
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.
კონტექსტი

2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების დასჯას უშედეგოდ ითხოვს მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცა, ამ დრომდე არც ერთი ორგანიზატორი პასუხისგებაში მიცემული არ არის.
კატეგორია - საქართველო
ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თავს დაესხნენ. ინფორმაციას არხი ავრცელებს.

რა მოხდა? TV "პირველის” ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უცნობი პირები დაესხნენ თავს, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ:
  • მოძალადეები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმიტომ დაესხნენ, რომ ხელში TV "პირველის” მიკროფონი ეჭირა.
  • ჟურნალისტებზე თავდასხმას წინ უძღოდა “ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა "შაბათის ეთერის" ჟურნალისტის, ნანუკა ქაჯაიას დის, ნატა ქაჯაიას მიმართ.

სამართალდამცავი უწყების რეაგირება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა TV “პირველის” ჟურნალისტისა და მისი ოპერატორისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

  • “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს ბათუმში, 18 ივნისსაც დაესხნენ თავს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში TV "პირველის" ოპერატორის მიმართ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
კატეგორია - საქართველო

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 

რა ხდება? მას შემდეგ, რაც ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. ნათია კაპანაძემ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

კაპანაძის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და კაპანაძის სასარგებლო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს. 

დეტალები

6 მაისს, სამწლიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა:

  • მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

 

კონტექსტი

ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა დირექტორობიდან მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

იმპიჩმენტის ინიციატორები გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე სხვადასხვა საკითხთან ერთად ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ:

  • „მისი დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგის შემცირებას.“ 
  • „რომ ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
  • „რომ ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

ვრცლად ამ თემაზე: ნათია კაპანაძე „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ.