"ფოტოები ისედაც არსებობენ, შენ ისინი უბრალოდ უნდა გადაიღო" - რობერტ კაპა
25.05.2016
ომის ფოტოგრაფი ანდრე ფრიდმანი, ფსევდონიმით რობერტ კაპა, 1913 წლის 22 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაიბადა. რობერტ კაპამ 5 ომი გააშუქა და ისტორიას უნიკალური კადრები დაუტოვა.

რობერტ კაპა აშუქებდა ესპანეთის სამოქალაქო ომს, ჩინეთ-იაპონიის მეორე ომს, მეორე მსოფლიო ომს ევროპაში, 1948 წლის არაბეთი-ისრაელის ომს და ინდოჩინეთის პირველ ომს. ასევე, ის იყო პირველი ფოტოსააგენტოს მაგნუმის დამფუძნებელ ანრი კარტიე-ბრენსონთან, დევიდ სეიმურთან და ჯორჯ როჯერსთან ერთად.

რობერტ კაპა საკმაოდ ახალგაზრდა ჩაერთო უნგრეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის მონაწილეობდა მიტინგებსა და გამოსვლებში. ერთერთი მიტინგის შემდეგ 17 წლის კაპა დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. 1929 წელს კაპა ბერლინში დასახლდა და გერმანულ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა დაიწყო. პარალელურად ერთ-ერთი გერმანული ფოტოსააგენტოს ლაბორატორიაში ასისტენტად მუშაობდა. კაპამ ბერლინში გადაწყვიტა, რომ მისი პროფესია ფოტოგრაფია და ფოტოჟურნალისტიკა გამხდარიყო.

ნაცისტური იდეოლოგიის გაძლიერების გამო, 1933 წელს კაპამ გერმანიაც დატოვა და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მან მისი საყვარელი ქალი, ასევე ფოტოგრაფი გერმანელი გრეტა ტარო გაიცნო. კაპა ასევე დაუახლოვდა ანრი კარტიე-ბრენსონსა და დევიდ სეიმურს. მან სწორედ პარიზში დაირქვა კაპას ფსევდონიმი. გრეტა ტარო და ანდრე ფრიდმანი რობერტ კაპას ფოტოებს საზოგადოებას წარუდგენდნენ, როგორც ამერიკელი წარმატებული ფოტოგრაფის ფოტოებს. მოგვიანებით თავად ფრიდმანმა თქვა: “რობერტ კაპა დაიბადა პარიზში, 22 წლის ასაკში”.

რობერტ კაპა და საომარი ჟურნალისტიკა

1936-1939 წლებში, კაპამ პარიზში დაიწყო აქტიური საქმიანობა, როგორც ფოტოჟურნალისტმა. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა ესპანეთში გრეტა ტაროსთან ერთად სამოქალაქო ომის გასაშუქებლად. კაპას მიერ ესპანეთში გადაღებულმა ფოტოებმა საოცარი ეფექტი მოახდინა. მათ შორის, ომის ამსახველი ყველაზე აღიარებული ფოტო “ჯარისკაცის სიკვდილია”.

ფოტოს გადაღების სცენას კაპა ასე იხსენებს: “იმ დღეს ყველას ძალიან გვეშნოდა. ფრანკოს მომხრეები გაუჩერებლად ისროდნენ. რესპუბლიკელების მხრიდან დახოცილების რაოდენობა რამდენიმე ათეული იყო. მთელი დღე სანგარში ვიჯექი. მაშინ, როცა რესპუბლიკელებმა შეუტიეს, სანგრიდან ფოტოკამერა ამოვწიე და ბრმად დავაჭირე თითი”. შედეგად კაპამ გადაიღო ფოტო, რომელმაც მას 1938 წელს მსოფლიოში უდიდესი ომის ფოტოგრაფის სახელი მოუტანა.

პროფესიულ აღიარებას თან ახლდა მნიშვნელოვანი დანაკარგიც. კაპამ ესპანეთში საყვარელი ადამიანი გრეტა ტარო დაკარგა. ის საომარი მოქმედებებისას დაიღუპა.

მეორე მსოფლიოს ომის დაწყებამდე კაპამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ის მუშაობდა სხვადასხვა გამოცემისთვის, მათ შორის, ჟურნალების Life-სა და Time-ისთვის. რაღაც პერიოდით ჰოლივუდშიც სცადა საქმიანობის დაწყება. თუმცა საომარი ფოტოჟურნალისტიკისთვის თავი არ დაუნებებია.

ის ერთერთი იყო იმ ფოტოგრაფებს შორის, ვინც მეორე მსოფლიო ომის მნიშვნელოვან ფაქტებს აღბეჭდავდა ფირზე. 1941-1946 წლებში ის იყო Life-ის და Collier-ის ომის ფოტოგრაფი, მოგზაურობდა ამერიკულ არმიასთან ერთად და აშუქებდა მოკავშირეთა გამარჯვებას ჩრდილოეთ აფრიკაში, მოკავშირეთა დანაყოფების გადასხმას ნორმანდიის სანაპიროზე, ასევე ლაიფციგის, ნიურემბერგისა და ბერლინის აღებას.

ყველაზე მნიშვნელოანი ფოტოები მეორე მსოფლიო ომისას კაპამ ნორმანდიაში მეკავშირეთა დესანტის გადასხმისას გადაიღო. ის ერთადერთი ფოტოგრაფი იყო, ვინც ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას აშუქებდა. თუმცა მის მიერ გადაღებული 100-ზე მეტი კადრიდან, ფირის გამჟღავნებისას ლაბორანტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ისტორიას მხოლოდ 11 ფოტო შემორჩა.

“ჩვენი ბარჯის ზედაპირი საფრანგეთის მიწას შეეხო”, - იხსენებს კაპა მის წიგნში “ცოტა მეტად ფოკუსს მიღმა”, - ბოცვანმა ბარჯა ფოლადის ფირფიტას ამოაფარა, წყლიდან ამოშვერილ ფოლადის კონსტრუქციებს შორის ზოლად ჩანდა მიწა, რომელიც კვამლში იყო გახვეული. ჩემი მშვენიერი საფრანგეთი საცოდავად გამოიყურებოდა. გერმანული ტყვიამფრქვევი მიწას ტყვიებით რწყავდა და სრულად აფუჭებდა ჩემ დაბრუნებას. ჩემ ბარჯაზე მყოფები წყალში გადახტნენ და ნაპირისკენ გაემართნენ. მე მოვემზადე და პირველი კადრი გადავიღე წელამდე წყალში მყოფი ჯარისკაცები დაბრკოლებებისა და კვამლიანი სანაპიროს ფონზე. ბოცვანი, რომელიც გასაგები მიზეზების გამო ჩქარობდა, რომ იქაურობას გასცლოდა, ვერ მიხვდა რატომ შევჩერდი, სურათის გადაღებაში ხელი შემიშალა და ნავიდან გადმოსვლაში “დამეხმარა”. წყალი ცივი იყო, ტყვიები ზუზუნებდნენ. ახლოსმდებარე თავდაცვით ნაგებობას შევეფარე. ჩემთან ერთად სხვა ჯარისკაციც იყო თავშესაფარში. მან იარაღი მოამზადა და ნაპირისკენ დაიწყო სროლა. ასე არასდროს შემშინებია, შიშისა და სიცივისგან აკანკალებული ვიღებდი და ვიღებდი ფოტოებს. მერე წამოვხტი და უკან ბარჯისკენ გავიქეცი. ვიცოდი, რომ მხდალივით ვიქცეოდი, მაგრამ უკან მიბრუნება ვერ შევძელი”.

ომის შემდეგ კაპამ ანრი კარტიე-ბრენსონთნ, დევიდ სეიმურთან და ჯორჯ როჯერსთან ერთად ფოტოსააგენტო მაგნუმი დააფუძნა. ეს იყო სააგენტო ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გამოცემებს ამარაგებდნენ ფოტომასალით.

მიუხედავად დიდი რისკისა საომარი ჟურნალისტიკა მისი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი აღმოჩნდა. ისრაელის კონფლიქტის შემდეგ კაპა ჰანოიში გაემგზავრა 1954 წელს. აქ საფრანგეთი საომარ ოპერაციებს აწარმოებდა. კაპა ინდოჩინეთში ჟურნალ Life-ისთვის მუშაობდა და გეგმავდა საომარ პირობებში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა აღეწერა. თუმცა 25 მაისს გადაღებისას 40 წლის ფოტოგრაფმა ნაღმს დააბიჯა ფეხი და გარდაიცვალა.

კაპა და საქართველო

რობერტ კაპამ 1946 წელს მწერალ ჯონ სტაინბეკთან ერთად საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. ისინი საქართველოსაც ესტუმრნენ.


სტაინბეკი წერდა: “მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან გვესმოდა მაგიური სიტყვა - საქართველო. ისინი საქართველოზე გრძნობითა და დიდი აღტაცებით საუბრობდნენ. ქართველ მამაკაცებზე საუბრობდნენ, როგორც სუპერმენებზე, კარგ მსმელებზე, უბადლო მოცეკვავეებზე, დიდ მუსიკოსებზე, მათ გამორჩეულ თვისებებზე, როგორც სანიმუშო მშრომელებსა და საუკეთესო საყვარლებზე. ქვეყანას, რომელიც მდებარეობს კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისინი მეორე სამოთხეს უწოდებდნენ. საქართველოში მოგზაურობისას ჩვენ ვრწმუნდებოდით, რომ რუსები არ ტყუოდნენ… ეს ქვეყანა მართლაც მიწიერი სამოთხე იყო…”

რობერტ კაპას 5 ცნობილი ფრაზა

“სიმართლე საუკეთესო ფოტოა, ყველაზე კარგი პროპაგანდა”

"ფოტოები ისედაც არსებობენ, შენ ისინი მხოლოდ უნდა გადაიღო"

“ომი ისევეა, როგორც მსახიობი, რომელიც ბერდება. ის უფროდაუფრო ნაკლებ ფოტოგენური და მეტად სახიფათოა”

“თუ ფოტოები საკმარისად კარგი არ არის, ესე იგი საკმარისად ახლოს არ ხარ”

"ვიმედოვნებ, სიცოცხლის ბოლომდე უმუშევარი ვიქნები, როგორც ომის ფოტოგრაფი"

თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : მაია წიკლაური;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ