ყველაზე სანდო კაცი ამერიკაში
08.08.2016
2009 წლის 23 ივლისს ნიუ იორკში, 92 წლის მოხუც კაცს უკანასკნელად გამოეთხოვნენ მეგობრები. ის ახალი ამბის გმირი უოლტერ კრონკაითი იყო, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი. როგორც მას სამშობლოში უწოდებდნენ - “ყველაზე სანდო კაცი ამერიკაში”.

უოლტერ ლელან კრონკაითი 1916 4 ნოემბერს სენტ ჯოზეფში, მისურის შტატში დაიბადა. იზრდებოდა კანზასში, შემდეგ ქალაქ ჰიუსტონში, სადაც მოსწავლეობისას სკოლის გაზეთის რედაქტორიც იყო. კრონკაითი ჟურნალისტიკამ იმდენად მოხიბლა, რომ სწავლა მიატოვა და 1935 წელს ჰიუსტონ პოსტში რეპორტიორად მუშაობა დაიწყო. გაზეთის შემდეგ იყო რადიოკორესპონდენტობა უოლტერ უილოქსის ფსევდონიმით. სწორედ ამ დროს გაიცნო მომავალი მეუღლე მერი ელიზაბეტ მაქსველი, რომელიც მთელი ცხოვრება გამორჩეულად უყვარდა.

კარიერის საწყის ეტაპზე კრონკაითის ცხოვრებაში მეორე მსოფლიო ომი შემოიჭრა. ამ დროს ის გაერთიანებული პრესისთვის (United Press) რეპორტიორად მუშაობდა და მათი დავალებით გაემგზავრა ევროპაშიც. ომმა ახალგაზრდა კორესპონდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი გარდამტეხი როლი შეასრულა. თუკი აქამდე მას ნაკლებად უწევდა სერიოზულ თემებზე მუშაობა, ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში პირდაპირ ფრონტის ხაზიდან აშუქებდა მოვლენებს. კრონკაითმაც თავი მალევე გამოიჩინა, ის ერთ-ერთი გახდა რვა ჟურნალისტიდან, რომლებიც ამერიკელებისა და გერმანელების საჰაერო ბრძოლებს, უშუალოდ თვითმფრინავებიდან აკვირდებოდნენ.

ომის დასრულების შემდგომ ნიურნბერგის პროცესს კრონკაითი უკვე უფროსი ჟურნალისტის რანგში აშუქებდა გაერთიანებული პრესისთვის. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში უოლტერს CBS-დანაც დაუკავშირდნენ და ომის კორესპონდენტობა შესთავაზეს, მაგრამ კრონკაიტმა უარი თქვა რედაქციის გამოცვლაზე, ეს თავდაპირველად ძალიან არ მოეწონათ ტელეკომპნაიის წარმომადგენლებს, თუმცა კი მოგვიანებით სწორედ CBS-მა ითამაშა კრონკაიტის ცხოვრებაში უდიდესი როლი, უოლტერმა კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არხის პოპულარობაში.

ტელეკომპანია CBS-ს უოლტერ კრონკაიტი 1950 წელს შეუერთდა. თავდაპირველად, მიყავდა მცირეხნიანი საინფორმაციო გამოშვება კვირა საღამოს - “წუთი წუთზე” (Up To the Minutes).1951-1962 წლებში კი ამავე არხზე შოუს “რომელია ჩემი ხაზი?” (What’s My Line?) წამყვანად განაგრძო საქმიანობა. თუმცა, კრონკაითის ჟურნალისტობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ის უძღვებოდა დისკუსიებს საპრეზიდენტო მარათონის დროს, ჩართული იყო CBS-ის პროგრამაში “შენ ხარ აქ” (You Are There), მიყავდა დოკუმენტური ფილმების სერია, ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1960 წელს, დილის გადაცემაც კი.

თუმცა, უოლტერ კრონკაითის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც შემდეგ იწყება. 1962 წლის 16 აპრილს მან დუგლას ედვარდსი CBS-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანობიდან შეცვალა. სწორედ საღამოს ახალი ამაბებიდან გაითქვა კრონკაითმა სახელი. თავიდანვე მას NBC-ის გამოშვებასთან საკმაოდ რთულ კონკურენციაში მოუწია ჩაბმა, რადგან, იმ დროს, კონკურენტ არხს შედარებით მეტი მაყურებელი ჰყავდა. მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს კრონკაითის პროფესიულმა ზრდამ შედეგი გამოიღო და მისი “საღამოს გამოშვება” აშშ-ში დომინანტი გახდა. კრონკაითს თხრობის კარგი მანერა ჰქონდა, მიმზიდველი, ობიექტური და გაწონასწორებული. საინფომრაციო გამოშვებასაც საკუთარი ხელწერა შემატა. That’s the way it is გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ამ ფრაზით ასრულებდა ყოველ გამოშვებას უოლტერ კრონკაითი. საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მან 1981 წლამდე იმუშავა და ამ დროის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანდო ჟურნალისტი გახდა.

კრონკაითს, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროფესიულად ერთ რამეში კი გაუმართლა, მისი ჟურნალისტური კარიერა დიდ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს დაემთხვა. მეორე მსოფლიო ომი, “ბითლზის” გამოჩენა, პრეზიდენტ კენედის მკვლელობა, აფროამერიკელთა ბრძოლა უფლებებისთვის და ვიეტნამის ომი, უოტერგეიტის სკანდალი და სოციალური მოძრაობები ამერიკაში. კრონკაითმა სახელი ამ სერიოზული და რთული მოვლენების მაღალპროფესიული გაშუქებით გაითქვა. სწორედ მისგან გაიგო ამერიკამ, რომ პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს, ეს სიტყვა, შეიძლება ითქვას, ისტორიულია. როგორც მოგვიანებით თავად უოლტერი იხსენებდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი მის საქმიანობაში. “თვალები ცრემლით მევსებოდა და ხმაც მიწყდებოდა… საბედნიეროდ, მოვახერხე თავის შეკავება”.

უოლტერ კორნკაითმა წამყვანობიდან წასვლა ჯერ კიდევ 1980 წელს გადაწყვიტა, თუმცა კი მას დიდი გავლენა და რეპუტაცია ჰქონდა. ტელეკომპანია CBS-ის პოლიტიკის მიხედვით, მას შემდეგ რაც 65 წელს გადასცილდებოდა, წამყვანს სხვისთვის უნდა დაეთმო ადგილი და კრონკაითიც ასე მოიქცა, ის საღამოს გამოშვებაში დენ რაზერმა შეცვალა. უოლტერ კორნკაითი მაყურებელს 1986 წლის 6 მარტს დაემშვიდობა. კარიერა კი სპეციალური კორსპონდენციითა და დოკუმენტალისტიკით განგარძო.


ტელეწამყვანობის გარდა, კრონკაითი ახმოვანებდა და იშვიათად თავადაც მონაწილეობდა ფილმებში. ჟურნალისტიკიდან წასვლის შემდეგ, ჩაერთო პოლიტიკასა და აკადემიურ საქმიანობაშიც. დღესაც არიზონას სახლემწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლა მის სახელს ატარებს.

2005 წელს მან მეუღლე დაკარგა, 2009 წლის 17 ივლისს კი, თავადაც ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

თეგები : ბიოგრაფია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ