რა ბედი ეწია კარტერს?
24.03.2017
“შიმშილი სუდანში” - ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათია. სვავისა და ბავშვის ფოტო, მტაცებლისა და მსხვერპლის სიკვდილის მოლოდინი. კევინ კარტერის ფოტომ გამოქვეყნების დღიდან გამოიწვია ხმაური. “ნიუ-იორკ თაიმზის” რედაქციას უამრავი ადამიანის წერილი მისდიოდა: “რა ბედი ეწია ბავშვს?” მერე იყო ფოტოგრაფის კრიტიკა, რომ რომ თითქოს კარტერი უგულო ადამიანი იყო, ბოროტი. შემდეგ ისიც ითქვა, რომ კევინს ბავშვი არ მიუტოვებია. მოკლედ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, ალბათ ეს აზრები ერთი დიდი შეშფოთების გამოძახილი იყო. ხალხს არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ იმ დღეს მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში შიმშილით სიკვდილი შეიძლება ყოველდღიური რუტინა ყოფილიყო. რომ პატარა ბავშვები შეიძლება ცხოველებზე დაუცველები იყვნენ, სვავების საკვებად იქცნენ.

კევინ კარტერი მკაცრად იცავდა წესს, მუდამ მდგარიყო ობიექტივის უკან. მიიჩნევდა, რომ მისი მთავარი იარაღი ფოტოაპარატი იყო, არ უნდა გამოსულიყო დამკვირვებლის როლიდან. ამის გამო აკრიტიკებდნენ ფოტოგრაფს და უგულოდ მიიჩნევდნენ. თუმცა, მისი მეგობარი, ჟურნალისტი იუდიტ მატლოფი იხსენებდა, რომ კევინი ბევრს ფიქრობდა იმ ხალხზე, ვისაც უღებდა. “ის ძალიან განიცდიდა იმ ხალხის ბედს. წუხდა, რომ ვერ ეხმარებოდა სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს” - ყვებოდა მატლოფი მოგვიანებით.

კარტერი თითქმის ათი წელი მუშაობდა ცხელ წერტილებში, შიმშილისთვის განწირულ დასახლებებში. საკუთარი თვალით ხედავდა “ყელსაბამებს” - ადამიანებს, რომლებსაც ყელზე ცეცხლწაკიდებული საბურავების ჩამოცმით სჯიდნენ. მასობრივ ხოცვას, შიმშილს, უამრავ ტრაგედიას. თუმცა ფოტოგრაფი სულ უფრო დეპრესიული ხდებოდა და მისი დამოკიდებულება კოკაინზეც იზრდებოდა. ბოლოს მან პულიტცერის პრემია მიიღო, მოიპოვა აღიარება. თუმცა, იმ დღეს როცა ის ამ ჯილდოზე ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტს, მისი მეგობარი და “შეშლილთა კლუბის” წევრი კენ ოსტბრუკი მოკლეს. კარტერი თავს ირწმუნებდა, რომ მის ადგილას თავად უნდა ყოფილიყო, ამის მაგივრად კი ქალაქში დარჩა ინტერვიუსთვის.

მალევე, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა ნელსონ მანდელა. ეს აპარტეიდის დასასრულს ნიშნავდა, იმ მოვლენების, რომლის სასტიკი ბუნების გაშუქებასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. კევინ კარტერი 1994 წლის 27 ივლისს, საკუთარ მანქანაში, იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც ბავშვობაში თამაში უყვარდა. ფოტოგრაფმა თავი მოიკლა.

კევინ კარტერი 1960 წლის 30 სექტემბერს, თეთრკანიან სამხრეთ აფრიკელთა ოჯახში დაიბადა. შემდეგ ფარმაციას სწავლობდა, მსახურობდა არმიაშიც. მაგრამ, საბოლოოდ, კარტერმა ცხოვრება ფოტოგრაფიას და აფრიკის მძიმე რეალობის გაშუქებას მიუძღვნა, რამაც 1994 წელს პულიტცერის პრემიაც მოუტანა. ბოლოს კი, ბევრი ტრაგიკული ფოტოს ავტორმა საკუთარი სიცოცხლეც ტრაგიკულად დაასრულა.


თეგები : ბიოგრაფია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ