როიტერსის ახალი სტანდარტი - ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევები
04.12.2015
„როიტერსის“ ახალი სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, ფრილანსერმა ფოტოგრაფებმა ამიერიდან რედაქციას უნდა გაუგზავნონ მხოლოდ ის ფოტოები, რომლებსაც პირდაპირ Jpeg ფორმატში გადაიღებენ.

„როიტერსის“ კონტრიბუტორებმა მთელ მსოფლიოში ფოტორედაქტორისგან ელექტრონული ფოსტით მოკლე შეტყობინება მიიღეს. წერილში ვკითხულობთ: „გთხოვთ, ნუღარ გამოუგზავნით რედაქციას ფოტოებს, რომლებიც Raw (დაუმუშავებელი) ფაილებიდანაა მიღებული. თუკი დაუმუშავებელი ფაილების გადაღება გსურთ, კარგია, მაგრამ, ამავე დროს, Jpeg-ებიც გადაიღეთ. ჩვენ კი გამოგვიგზავნეთ მხოლოდ პირდაპირ Jpeg ფორმატში გადაღებული ფოტოები. დასაშვებია მათი მინიმალური შესწორება (ამოჭრა, გასწორება, ა.შ)“.

Raw ფორმატის ფაილების გადაღების შემდეგ ფოტოგრაფს გამოსახულების დამუშავების (შესაბამისად, გაყალბების) გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე Jpeg-ის შემთხვევაში. Raw-ს გადაღებისას კამერა სენსორიდან (მატრიციდან) მიღებულ სრულ პიქსელურ ინფორმაციას ინახავს, შესაბამისად, გაცილებით მეტია ფოტოს მანიპულირების შანსი. ამიტომაც იღებენ პროფესიონალი ფოტოგრაფები (ფოტოჟურნალსიტები თუ სტუდიებში მომუშავე არტისტები) დაუმუშავებელ ფაილებს და სხვადასხვა პროგრამებში დამუშავების (პოსტპროცესინგის) შემდეგ იღებენ სასურველ გამოსახულებას.

სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მიზეზად „როიტერსის“ პრესსპიკერი ეთიკურობისა და სისწრაფის პრიორიტეტულობას ასახელებს: „როიტერსის“ ფოტოგრაფები მუშაობენ მსოფლიოში ყველაზე დიდი მულტიმედია ნიუზ-პროვაიდერისათვის, შესაბამისად მათი საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს როიტერსის ფოტოგრაფების სახელმძღვანელოსა და ნდობის პრინციპებს. როიტერსის ფოტოები სინამდვილეს აღწერენ. ჩვენი მიზანი არ არის ახალი ამბების არტისტული ინტერპრეტაცია“.

სინამდვილეში, ტექნიკურად ყველა კამერა იღებს „ნედლ“ ფაილებს. საქმე ისაა, რომ Jpeg-ების გადაღებისას კამერა ავტომატურად (კამერაშივე) აკონვერტირებს მთელ დაუმუშავებელ ინფორმაციას: ფოტოაპარატი დამოუკიდებლად ასწორებს თეთრი ფერის ბალანსს, სიმკვეთრეს, ფერების ინტენსივობას, კონტრასტს, აკომპრესებს (ზომაში ამცირებს) ფოტოს და ა.შ. ერთი სიტყვით, კამერა „ცდილობს“, მიიღოს რეალობასთან მიახლოებული გამოსახულება.

Jpeg ფორმატის ფოტოების მანიპულირება გაცილებით რთული და მოუხერხებელია და კვალს ტოვებს. ამასთან, ჩვეულებრივ, მომხმარებლები სპეციალური პროგრამების გარეშე ვერ ხსნიან დაუმუშავებელი ფორმატის ფოტოებს, ამიტომ ფოტოგრაფს მის მიერ გადაღებული ფაილის Jpeg-ად კონვერტირება ნებისმიერ შემთხვევაში უწევს, რაც, თავის მხრივ, დროს მოითხოვს.

სწორედ ამას უსვამს ხაზს „როიტერსიც“. პრესსპიკერის თქმით, Jpeg-ების გადაღების შემთხვევაში ფოტოები გაცილებით სწრაფად მიაღწევს მკითხველამდე: „ჩვენთვის სისწრაფეც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ფოტოგრაფებს ვთხოვეთ, ნუ დახარჯავენ ზედმეტ დროს დამუშავებაში, რათა კლიენტებს სურათები უფრო სწრაფად მივაწოდოთ“.

საინტერესოა, როგორ გაიგებს ესა თუ ის გამოცემა, ფოტოგრაფის გამოგზავნილი ფოტო ორიგინალი Jpeg ფაილია თუ ექსპორტირებული Raw. ამაზე პასუხი ალბათ არის მეტამონაცემები (Metadata) - ანუ ყველა სახის ინფორმაცია ფოტოზე: ლინზის ფოკუსური სიგრძე, კამერის მოდელი, ექსპოზიციის ხანგრძლივობა, სინათლის მგრძნობელობა, განათება, რეზოლუცია, გადაღების დრო, დიაფრაგმა და ა.შ. ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მეტამონაცემებიდან შეგვიძლია გავიგოთ, არის თუ არა ფოტო რომელიმე პროგრამაში დამუშავებული, კონკრეტულად რა არის შეცვლილი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მეტამონაცემების გაყალბებაც შესაძლებელია, თუმცა ესეც დროს მოითხოვს...

შეცვლის თუ არა რამეს „როიტერსის“ ეს მოთხოვნა ფოტოჟურნალისტიკაში? მიბაძავენ თუ არა მას სხვა მსხვილი გამოცემები?

ფოტოჟურნალისტური ეთიკის გამოწვევებზე სულ უფრო მეტს საუბრობენ. დისკუსია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ბოლო, 2015 წლის, მსოფლიო პრესის ფოტოკონკურსის (World Press Photo) ფინალურ ეტაპებზე გადასული ფოტოების მეხუთედი დისკვალიფიცირდა სწორედ მანიპულაციების გამო. აღმოჩნდა, რომ ფოტოგრაფები ხშირად აყალბებდნენ ფოტოს - ისინი ამატებდნენ, აკლებდნენ ან ცვლიდნენ დეტალებს ფოტოში. დისკვალიფიცირებული ფოტოების რაოდენობა კი, „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ცნობით, თითქმის სამჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში ფოტოჟურნალისტების რიცხვი მცირდება. ამის მიზეზი სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და ე.წ მობილოგრაფიის (და აიფონოგრაფიის) სწრაფი განვითარებაა - გამოცემებს ფოტოჟურნალისტების (მუდმივი თანამშრომლების) „შენახვა“ უფრო მეტი უჯდებათ, ვიდრე ფოტოების ყიდვა მოქალაქე ჟურნალისტებისგან.

ამის ფონზე, შეიძლება პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტები და კეთილსინდისიერება იქცეს იმ ღირებულებებად და მახასიათებლებად, რითაც პროფესიონალ ფოტოგრაფებს განვასხვავებთ მოქალაქე, მოყვარული ჟურნალისტებისაგან...

ავტორი : ლუკა პერტაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ