ევროსასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილება ონლაინმედიის კონტენტზე
11.03.2018
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 2 თებერვალს დაადგინა, რომ უგრეთში დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება. სასამართლო განიხილავდა უნგრეთის ინტერნეტკონტენტის მიმწოდებელთა თვითრეგულირების ორგანოსა და ახალი ამბების გამავრცელებელი ინტერნეტპორტალის საკითხს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალისა და ამ მასალაზე მკითხველთა კომენტარების გამო.

მოსარჩელეების აზრით, უნგრულმა სასამართლომ ისინი უსამართლოდ გაამტყუნა მკითხველის მიერ დაწერილი კომენტარების გამო. კომენტარები კი მოჰყვა პუბლიკაციას, რომელიც ამხელდა უძრავი ქონების საიტებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაში.

მოსარჩელეები უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული იურიდიული პირები იყვნენ: უნგრული კონტენტის პროვაიდერების ასოციაცია (Magyar Tartalomszolgáltatók Egyesülete - MTE) და ახალი ამბების გამავრცელებელი ვებსაიტი index.hu.

უნგრული კონტენტის პროვაიდერების ასოციაცია (MTE) თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც 2001 წელს ჩამოყალიბდა უნგრეთში ინტერნეტის კონტენტის მიმწოდებლების მიერ. ასოციაციის შემქმნელთა შორის იყო „ინდექსიც“ (index.hu) - ერთ-ერთი გავლენიანი ინტერნეტპორტალი უნგრეთში.

მოცემულ დროს MTE და „ინდექსი“ ნებას რთავდნენ მომხმარებლებს, თავისუფლად ეწერათ კომენტარები მათს საიტებზე გამოქვეყნებულ მასალაზე. ორივე პორტალის წესებსა და პირობებში მითითებული იყო, რომ კომენტარების ავტორები თავად იყვნენ პასუხისმგებელნი კომენტარის შინაარსზე. ამას გარდა, ორივე საიტი მუშაობდა სისტემით, რომლის პირობებშიც მომხმარებელს შეეძლო, „დაერეპორტებინა“ შეუფერებელი კომენტარი. დარეპორტების შემდეგ კი კომენტარი წაიშლებოდა.

2010 წლის 5 თებერვალს MTE-მ გამოაქვეყნა მოსაზრება, სადაც აკრიტიკებდა უძრავი ქონების სააგენტოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გამო - სააგენტო მომხმარებელს 30-დღიან უფასო სარეკლამო მომსახურებას სთავაზობდა, 30 დღის შემდეგ კი მომხმარებელი წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჯარიმდებოდა. MTE-ის კრიტიკას „ინდექსი“ გამოეხმაურა და პუბლიკაცია სრულად გამოაქვეყნა საკუთარ საიტზე. მასალის კომენტარების ველში მალევე გაჩნდა შეურაცხმყოფელი კომენტარები უძრავი ქონების სააგენტოს მისამართით.

2010 წლის 17 თებერვალს კომპანიამ, რომელიც უძრავი ქონების ვებსაიტებს ფლობდა, აღძრა საქმე MTE-ისა და index.hu-ს წინააღმდეგ. კომპანია ამტკიცებდა, რომ გამოქვეყნებული მოსაზრება და კომენტარები მის რეპუტაციას ლახავდა. უნგრეთის სასამართლომ მოგვიანებით დაადგინა, რომ საიტზე გამოქვეყნებული კომენტარები სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების დასაშვებ ზღვარს. ამასთან, სასამართლომ MTE-სა და „ინდექსს“ 75 ათასი უნგრული ფორინტის (დაახლოებით 250 ევრო) გადახდა დააკისრა. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქმე ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განიხილა.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თვითრეგულირების ორგანო MTE და ახალი ამბების პორტალი index.hu არ იყვნენ პასუხისმგებელი მათი მკითხველის მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო. გადაწყვეტილების მიხედვით, უნგრეთის სახელმწიფოს ეკისრება სამი თვის განმავლობაში 5100 ევროს კომპენსაციის გადახდა მოსარჩელეებისათვის.

თეგები : ECHR-ის საქმეები;
ავტორი : ლუკა პერტაია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ