ტრამპი, როგორც გამოწვევა
24.03.2017
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი, რომელსაც ოპონენტები ხშირად ადანაშაულებენ რასიზმსა და ქსენოფობიაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, დასავლური და მსოფლიო მედია ახალი რეალობის წინაშე დადგა. როგორ უნდა შეაჩერონ ჟურნალისტებმა პოპულისტი ლიდერები, როგორ უნდა გააშუქონ ისე, რომ თავიანთი მედიასაშუალება მათი პოპულიზმისა თუ სიძულვილის ენის ტრიბუნად არ აქციონ, როგორ უნდა შეძლონ ჟურნალისტებმა, იყვნენ ანგარიშვალდებული საკუთარ თავთან და აუდიტორიასთან, როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა მათ ან მათ კოლეგებს პოლიტიკოსი კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევს და აძევებს პრესკონფერენციიდან - ეს ის საკითხებია, რაზეც ბოლო დროს, დასავლურ პროფესიულ წრეებში აქტიური დისკუსიაა. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ტრამპის გაშუქების სახელმძღვანელო წესებიც კი ცალკე შეიმუშავა.

ჟურნალისტებთან ურთიერთობა თავიდანვე არასახარბიელოდ დაიწყო ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა. მაგალითად, ტრამპმა პირველივე პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტს კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა და ტელევიზია ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ამის ფონზე, კითხვა - „როგორ გავაშუქოთ დონალდ ტრამპი ეთიკურად?“ - უფრო აქტუალური გახდა და ის არაერთი სოლიდური გამოცემის რედაქციაშიც დაისვა.

მიმდინარე წლის იანვარში ბრიტანული გამოცემა The Guardian წერდა, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ პრესის წარმომადგენლები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. მასალაში ნათქვამია, რომ გაპრეზიდენტებისთანავე, მის პირველ პრესკონფერენციაზე ახლადარჩეული პრეზიდენტი თავს დაესხა CNN-ის ჟურნალისტს და შეურაცხყოფა მიაყენა მას. თუმცა, სამწუხაროდ, მისი გამოქომაგება პრესკონფერენციაზე მყოფმა არცერთმა კოლეგამ არ სცადა. მასალაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამერიკელი ჟურნალისტები უნდა გაერთიანდნენ, ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადონ და ითანამშრომოლონ. მაგალითად, შემდეგში, როდესაც დონალდ ტრამპი რომელიმე ჟურნალისტს ამოიჩემებს, ან კითხვას არ უპასუხებს, მომდევნო რეპორტიორმა, რომელსაც კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნება, იმ ჟურნალისტის კითხვა უნდა გაიმეოროს, რომლის გვერდის ავლაც ტრამპმა სცადა. თუკი, ტრამპი ამ ჟურნალისტსაც შეაჩერებს, მაშინ მომდევნო ჟურნალისტმაც იგივე უნდა მოიმოქმედოს და ასე დაუსრულებლად...

მასალაში ასევე ვკითხულობთ, რომ სოლიდარობის კიდევ ერთი ფორმა, შესაძლოა, ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის გაცვლაც იყოს. მაგალითად, თუკი, პირობითად Washington Post-ის რეპორტიორი, რომელსაც აქვს ღირებული ინფორმაცია, რომლის გადამოწმებას მარტო ვერ ახერხებს, დახმარებისთვის რატომ არ უნდა მიმართოს კოლეგებს სხვა გამოცემიდან, რომლებსაც უკვე ნამუშევარი აქვთ ამავე საკითხზე. მათ შესაძლოა თავსატეხის ამოხსნისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილი ჰქონდეთ, ან ჰყავდეთ მნიშვნელოვანი მეორე წყარო, რომელიც ამბის დადასტურებას შეძლებს.

გარდა ამისა, გამოცემის შეფასებით, ჟურნალისტების მხრიდან თანამშრომლობის უმაღლესი დონის გამოვლინება სპეციალური საერთო პროექტის შექმნა იქნებოდა - დონალდ ტრამპი უამრავ კომპანიას ფლობს და ცალკე აღებული ვერცერთი მედიასაშუალება სათანადო გამოძიების ჩატარებას ვერ შეძლებს. მათი გაერთიანებისა და თანამშრომლობის შემთხვევაში კი, ეს უკვე შესაძლებელი იქნება.

კიდევ ერთი გამოწვევა, რის წინაშეც მედია დადგა, ტრამპის მხრიდან ყალბი ინფორმაციის გავრცელებაა. არასწორ ფაქტებს, სტატისტიკას, მონაცემებს პრეზიდენტი არც თუ ისე იშვიათად იყენებს ხოლმე საკუთარი პოპულისტური ხედვების გასამყარებლად. ბრიტანულმა გამოცემამ The Guardian - მა ტრამპის მიერ, პრეზიდენტობის პირველი თვის განმავლობაში ნათქვამი არასწორი ფაქტების შესახებ ვიდეომასალა მოამზადა. ვიდეოში დონალდ ტრამპის მიერ არასწორად გაჟღერებული ფაქტებია მოყვანილი.


„დონალდ ტრამპი იტყუება. ის ამბობს დიდ ტყუილებს და პატარა ტყუილებს. ხშირად ის თავისი ძველი ტყუილების გადასაფარად, ახალ ტყუილს იგონებს“ - ასეთი ტექსტით იწყებს ჟურნალისტი ტრამპის მიერ არასწორი განცხადებების ჩამონათვალზე საუბარს.

ვიდეოს ბოლოში მითითებული ტექსტით, გამოცემა მკითხველს ჰპირდება, რომ - „გარდიანი შეისწავლის ტრამპის ყველაზე აშკარა ტყუილებს და მოიფიქრებს, რა მოიმოქმედოს თეთრი სახლის სერიულ მატყუარასთან დაკავშირებით“.

ტრამპთან პაექრობა ფაქტების გადამოწმების გზით გადაწყვიტა Associated Press - მაც. გამოცემის სტანდარტების ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ დენისვესკიმ ახსნა, რომ ისინი საპასუხოდ აუცილებლად შეებრძოლებიან პოლიტიკოსების მხრიდან გამოვლენილ გაზვიადებულ ფაქტებს და სიცრუეს. ასევე, გამოამჟღავნებენ არასწორ ინფორმაციას.

შეფასებებში უფრო ფრთხილი აღმოჩნდა The Wall Street Journal. გამოცემა Politico წერს, რომ The Wall Street Journal - ის რედაქცია თავს იკავებდა, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული მცდარი განცხადებების შეფასებისას, სიტყვა „ტყუილის“ გამოყენებისგან.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, მედიის დღის წესრიგში დადგა, ახლადარჩეული პრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებაა. ამერიკის ახალი პრეზიდენტი არასოდეს ერიდებოდა არაკორექტული განცხადებების კეთებას. საკუთარ გამოსვლებში მას არაერთხელ გამოუყენებია სიძულვილის ენა მექსიკელებისა და მუსლიმი მოსახლეობის მისამართით. მექსიკიდან მიგრაციის შეჩერების მიზნით, მან მექსიკა-ამერიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის პირობაც დადო. მუსლიმ მოსახლეობას კი პოტენციურ ტერორისტებად მოიხსენიებდა. სხვადასხვა დამაკნინებელ ეპითეტს ის არც ქალების მისამართით იშურებდა. როგორ უნდა მოიქცეს მედია ასეთ შემთხვევაში? პრეზიდენტის ამგვარი განცხადებების გაშუქებით, ხომ არ უწყობს ის ხელს სიძულვილისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების ტირაჟირებას? ეს სწორედ ის კითხვებია, რაც მედიაკრიტიკოსების მხრიდან ხშირად ისმის. ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელის მასალაში - „სიძულვილის ენა - ჟურნალისტების დილემა“ - ნათქვამია, რომ სიძულვილის ენა თანამედროვე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. ასევე, ხაზგასმულია ისიც, რომ ხშირად ჟურნალისტები ვერ აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რაც მათ აკისრიათ იმ რესპონდენტების გაშუქებისას, რომლებიც სიძულვილის ენის გამოყენებით საუბრობენ.

რესპონდენტების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების პრევენციის მიზნით, ეთიკური ჟურანლისტიკის ქსელი ერთგვარ რეკომენდაციას იძლევა, რომ მედია რესპონდენტს არ უნდა აძლევდეს „თავისუფალად ჯირითის“ შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა მედია პირდაპირ, ყოველგვარი შეწინააღმდეგების, საპირისპირო არგუმენტების გარეშე აშუქებს ამგვარ განცხადებებს, ის სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამოხატვის ტრიბუნად იქცევა.

გამოწვევების კვალდაკვალ, დასავლური მედია ცდილობს გაუმკლავდეს მათ. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ახალ რეალობას, ტრამპის გაშუქების გაწერილი სტრატეგიები შეაგება.

მაგალითად, Reuters - ის მთავარმა რედაქტორმა სტივ ადლერმა ტრამპის მხრიდან ჟურნალისტების კრიტიკის საპასუხოდ, გამოაქვეყნა წერილი - „ტრამპის გაშუქების როიტერსისეული გზა“. ადლერის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 12 დღე ყველასთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: „ყოველდღიურად არ ხდება, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტებს დედამიწის ყველაზე გაიძვერა არსებებს უწოდებს“ - ამბობს ადლერი.

ადლერი იქვე, რამდენიმე კითხვასაც სვამს: რა არის ამ ყველაფერზე Reuters - ის პასუხი? ადმინისტრაციასთან დაპირისპირება? მისი დამშვიდება? მათი ბრიფინგების ბოიკოტირება? კითხვებს ის თავადვე პასუხობს და ამბობს, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის.

ადლერი ხაზს უსვამს, რომ როიტერსი მასშტაბური საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის, ისეთებშიც, სადაც მედია არასასურველია და მუდმივად თავდასხმის ობიექტია. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მკაცრი იქნება ტრამპის ადმინისტრაცია მედიის მიმართ და დაწესდება თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვები ამ მიმართულებით. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ ერთი რამ დაზუსტებით იცის - ამერიკაში მუშაობა სწორედ იმ წესების დაცვით უნდა გაგრძელდეს, რითიც ხელმძღვანელობა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ხდება.

ფოტო: TIME

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ