რადიო მზის სხივებით
31.03.2017
სამხრეთ სუდანში პატარა რადიომიმღები, ხშირად, სამყაროსთან კავშირის ერთადერთი წყაროა. მილიონობით ღარიბი და იძულებით გადაადგილებული პირი ახალი ამბების მოსასმენად საღამოებს, სწორედ, რადიოსთან ატარებს. ქვეყანას ჩრდილოეთ ნაწილისგან დამოუკიდებლობის მოპოვება ძვირი დაუჯდა. ბოლო წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია მხოლოდ იშვიათად, ტელევიზორი კი საერთოდ არ აქვს. ამიტომ რადიომ ხალხისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

თუმცა, არც ამ მედიასაშუალებით ყოფილა ინფორმაციის მიღება იოლი. უშუქობა ხომ არა მარტო მომხმარებლებზე მოქმედებს, რადიოსადგურების მუშაობასაც აფერხებს. არადა, ახალი ამბების მოსმენას მსმენელი ყოველდღიურად განსაკუთრებით ელის. ამიტომ, ისა კასიმუმ, ელექტროინჟინერმა, პრობლემის გადაწყვეტის ახალი გზა მოძებნა - რადიოსადგური მზის ენერგიაზე. ცოტა უცნაურად ჟღერს, ეგოზტიკურადაც კი, თუმცა კასიმუმ ინფორმაცია ხალხს სწორედ მზის სხივებით მოუტანა.

სუდანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში დაარსებული Mayardit FM მზის 84 პანელსა და 48 ბატარეაზე მუშაობს, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება რომ 24 საათის განმავლობაში შეძლოს. რა თქმა უნდა, ეს იაფი და მარტივი არ ყოფილა, ინჟინრის თქმით, მზის ენერგიაზე რადიოს ამუშავება 172 000 დოლარი დაჯდა. თუმცა, იმ რეგიონებში, რომელიც დედაქალაქიდან შორს არის, ელექტროენერგიის მაგივრად, რადიოსადგურები საწვავის გენერატორებს იყენებენ. ისინი კი არც დაბალბიუჯეტურია და არც სტაბილური.

კასიმუს იდეამ სამხრეთ სუდანის დედაქალაქიდან მოშორებულ რეგიონებს სწორედ ეს შესაძლებლობა მისცა - მუდმივი რადიოსიგნალი გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. “ელექტროენერგიის არ არსებობის გამო, ერთი რადიოსადგურისთვის გენერატორის უზრუნველყოფას, ყოველწლიურად 22 000 დოლარი სჭირდებოდა. მით უმეტეს, საწვავი დედაქალაქიდან შორს ორმაგი და ხან სამმაგიც კი ღირს” - ყვება ინჟინერი, რომელიც საკუთარი პროფესიით არა მარტო მის რადიოს, სხვა სადგურების ფუნქციონირებასაც ეხმარება.

სამხრეთ სუდანის ელექტროენერგიის სისტემაში მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტია ჩართული. კასიმუ კი იმ მცირერიცხოვან ინჟინერთა შორისაა, რომლებმაც გენერატორების შეკეთება იციან. ამის გამო, ხშირად ხუთი-ექვსი დღითაც უწევს წასვლა, რომ შორეულ სადგურებამდე ჩავიდეს. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადგილობრივი აუდიტორია ახალი ამბების გარეშე რჩება. არადა, კასიმუს აზრით, ქვეყნისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის, პრობლემების, აზრების გაზიარება. სწორედ ამან დააფიქრა რადიოს ამუშავების ახალ გზებზე.

თუმცა, ელექტროენერგია სამხრეთ სუდანში მედიისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის, “ხალხის ნაწილს ერთმანეთის ენის გაგება უჭირს, დაბალია წიგნიერების დონეც. ზრდასრული მოსახლეობის 30%-მა წერა-კითხვა არ იცის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი დაშორებულ რეგიონებში ცალკე რადიოსადგურების გახსნაა. ” - ყვება სტივენ ლემი “რადიო საზოგადოების” უფროსი ინჟინერი.

6 ადგილობრივი სადგურის “რადიო საზოგადოება”, რომლის ერთ-ერთი წევრი კასიმუც არის, Internews-ის პროექტია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. გაერთიანებული ჟურნალისტების მიზანი ქვეყანაში საინფორმაციო ვაკუუმის აღმოფხვრაა. თუმცა კი, ეს მათგან დიდ შრომასთან ერთად, რისკზე წასვლასაც მოითხოვს. სამხრეთ სუდანში 3 წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 2016 წელს დაპირისპირებას შეეწირა ერთ-ერთი სადგურის მენეჯერი, 2015 წელს კი აქ 7 ჟურნალისტი მოკლეს.

კასიმუს მიერ მზის ენერგიაზე რადიოს ამუშავება სამხრეთ სუდანისთვის უბრალო ინოვაცია არ ყოფილა. ომითა და სიღარიბით გადაღლილი საზოგადოება პატარა მიმღებს ხშირად ყურს იმედის მომტანი ამბის გასაგონად უგდებს. რადიოში საქმდებიან ადგილობრივებიც, სწავლობენ ახალ უნარ-ჩვევებს. კასიმუსთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა: “როცა ფიქრობ, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანი ხდები, ცდილობ იმუშავო კიდევ უფრო მეტი, რომ რადიო შეუფერხებლად მაუწყებლობდეს. ხანდახან, თითქოს არაფერი, მიკროფონში ქოლერასთან გამკლავების გზებს ყვები. საბოლოოდ კი, შენი ხმა ეხმარება ხალხს, გადარჩეს.”

წყარო: mashable

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ