პულიტცერის პრემიის 2017 წლის გამარჯვებულები
11.04.2017
10 აპრილს, ნიუ იორკში, დასახელდნენ ის ჟურნალსიტები და მედიასაშუალებები, რომლებმაც პრესტიჟული ჯილდო ჟურნალისტიკაში - პულიტცერის პრემია მიიღეს. პრიზი ჟურნალისტიკის 14 ჟანრში გაიცა, გამარჯვებულებს შორის იყვნენ The Wall Street Journal, The New York Times, The Washington Post და სხვა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მედიასაშუალებები და ჟურნალისტები. პულიტცერის პრემიის 2017 გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საზოგადოებრივი სამსახური (Public Service) - New York Daily News and ProPublica

გამოცემა დაჯილდოვდა ნიუ იორკში გახმაურებული გამოსახლებების აქტიური გაშუქებისთვის. მკაცრი რეგულაციების გამო, პოლიციამ ძალით გამოასახლა ასობით ღარიბი ადამიანი, რომელთა შორის უმეტესობა უმცირესობების წარმომადგენელი იყო.

Breaking News Reporting - East Bay Times-ის რედაქცია, ოკლენდი, კალიფორნია

გუნდმა პრემია “გემი-მოჩვენების” ხანძრის ოპერატიული გაშუქებისთვის მიიღო. ოკლენდში, საწყობში გაჩენილმა ხანძარმა 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. East Bay Times-ის რედაქციამ ხანძარი ოპერატიულად და სიღრმისეულად გააშუქა, მოგვიანებით კი მისი თავიდან აცილების გზებიც გააცნო საზოგადოებას, რისი საშუალებითაც მუნიციპალიტეტს ტრაგედიის პრევენცია შეეძლო.

საგამოძიებო რეპორტინგი - ერიკ ეირი Charleston Gazette-Mail-დან, ჩარლსტონი, დასავლეთ ვირჯინია

ერიკ ეირმა პრემია შტატში ნარკოტიკული საშუალებების, ოპიოიდების ბუმის გაშუქებისთვის მიიღო. დასავლეთ ვირჯინია ზედოზირებით სიკვდილით აშშ-ში პირველ ადგილზეა. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეირმა ეს თემა მაინც გამოიკვლია.

კომპლექსური ჟურნალისტიკა (Explanatory Reporting) გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმი, პანამის დოკუმენტები

300-ზე მეტმა რეპორტიორმა ექვსი კონტინენტიდან გამოაქვეყნა “პანამის დოკუმენტები” . გახმაურებული ამბავი შეეხებოდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, სპორტსმენების და სხვა პირების მიერ ოფშორული ზონების დახმარებით გადასახადების თავიდან აცილებას.

ადგილობრივი რეპორტინგი (Local Reporting) - The Salt Lake Tribune-ის რედაქცია

გუნდმა პრემია მიიღო მასალების სერიისთვის, რომელიც იუტაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ - ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტს შეეხებოდა. რედაქციამ გამოავლინა, რომ დაწესებულებაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს არასათანადო, დამახინჯებული მეთოდებით მკურნალობდნენ.

ნაციონალური რეპორტინგი (National Reporting) - David A. Fahrenthold of The Washington Post

ჟურნალისტმა აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის ობიექტურად და გამჭვირვალედ გაშუქების მოდელი შექმნა. ფეჰრენსოლდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა დონალდ ტრამპის მტკიცებები, ქველმოქმედების შესახებ.

საერთაშორისო რეპორტინგი - The New York Times-ის რედაქცია

ცნობილმა გაზეთმა პრემია სტატიების სერიისთვის მიიღო, რომელიც შეეხებოდა ვლადიმერ პუტინის მცდელობებს, გაავრცელოს საკუთრი გავლენა საზღვარგარეთ. ეს იყო მასალები რუსეთის მხრიდან ონლაინ ძალადობის, მკვლელობების, ოპონენტებისთვის ბრალდებების წაყენების შესახებ.

ფიჩერსი - C. J. Chivers, The New York Times

ნომინაციაში გაიმარჯვა ომგამოვლილი საზღვაო ქვეითის ისტორიამ, ამბავმა კრიმინალსა თუ პოსტტრავმული აშლილობის მსხვერპლზე.

კომენტარი, საავტორო სვეტი - Peggy Noonan,The Wall Street Journal

პეგი ნუნანმა ჯილდო აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაზე სვეტისთვის მიიღო. ჟურნალისტმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბული პოლიტიკური კამპანიის დროს საავტორო სვეტების სერია დაწერა.

კრიტიკა - Hilton Als , The New Yorker

ორიგინალური და თამამი კრიტიკისთვის, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემების, მათ შორის, სექსუალობის, გენდერის და რასობრივ თემაზე ყურადღების გამახვილებისთვის, ჰილტონ ელსმა პულიტცერის პრემია მოიგო.

ედიტორიალი -Art Cullen , The Storm Lake Times

ნომინაციაში გაიმარჯვა სარედაქციო წერილებმა, რომელიც ეხება კორპორაციების ინტერესებს აგრარულ სფეროში.

კარიკატურა - ჯიმ მორინ, Miami Herald

ჯიმ მორინმა ჯილდო, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე კარიკატურების შესრულებისთვის მიიღო.

ახალი ამბების ფოტო - Daniel Berehulak

დანიელ ბერეჰულაკმა პულიცერის პრემია ფილიპინებში მთავრობის მიერ ნარკოტიკებთან გამოცხადებული დაუნდობელი ბრძოლის გაშუქებისთვის მიიღო. ფოტოები ნარკოტიკების მომხმარებლებთან და დილერებთან სასტიკ დაპირისპირებას ასახავს.

ფოტო ისტორია - E. Jason Wambsgans, Chicago Tribune


შესანიშნავი ისტორია 10 წლის მოზარდისა და დედამისის შესახებ, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს საკუთარ შვილს, გაუმკლავდეს სტრესს ჩიკაგოში მომხდარი სროლის გადარჩენის შემდეგ რომ მიიღო.

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ