11.04.2017
ფოტოზე გამოსახულია 37 წლის რომეო
ჯოელ ტორეს ფონტალინას ცხედარი, რომელიც 11 ოქტომბერს ორმა
შეიარაღებულმა პირმა მოკლა. ის ერთ-ერთია იმ 3500 ადამიანს შორის,
რომელთა მკვლელობაც ჯერ კიდევ გამოუძიებელია. მკვლელობების სერია მას
შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპინების პრეზიდენტად როდრიგო დუტერტე აირჩიეს
და ნარკომომხმარებლებსა და დილერებთან ბრუტალური ბრძოლა დაიწყო.
პოლიციის სპეცოპერაციებს მხოლოდ ივლისიდან ნოემბრამდე 2 000 ადამიანზე
მეტი ემსხვერპლა. კიდევ უფრო მეტი ლინჩის წესით გაასამართლეს.
ფონტანილა, რომელსაც ტიგასის სახელით იცნობდნენ, ერთ-ერთია იმ
დაღუპულებს შორის, რომელთა სიკვდილის სცენაც მანილაში დენიელ
ბერეჰულაკმა გადაიღო.
ბერეჰულაკი სისხლიან სცენებს ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდა - ტროტუარზე, ტრამვაის ლიანდაგზე, სკოლისა თუ მაკდონალდსის წინ, საძინებელში და დივანზე. ასე იპოვა 29 წლის მაიკლ არაჯა “სარი-სარის”, პატარა ფილიპინური ჯიხურის წინ. არაჯა, როგორც მეზობლებმა თქვეს, სიგარეტის საყიდლად წასულა. არაჯაც ტრადიციულმა ტანდემმა, ორმა პოლიციელმა მოკლა მოტოციკლიდან.
ყოველ საღამოს, 9 საათზე, ბერეჰულაკი ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად, ახალ ცნობებს ელოდა პოლიციის შენობასთან - ვინ მოკლეს ბოლოს. შემდეგ კი იყო მარათონი სიკვდილის სცენისკენ. ასე გადაიღო სამ ოქტომბერსაც მორიგი მსხვერპლი. 48 წლის ფრედერიკ მაფე და 23 წლის არჯაი ლუმბაგო თავადაც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ტრადიციულმა ტანდემმა მეორე მოტოციკლიდან ცეცხლი გაუხსნა.
სანამ სიკვდილის სცენას ნახავ, ჯერ ხმა გესმის. ახლადდაქვრივებულის სასოწარკვეთილი მოთქმა, პოლიციის სირენების გამაყრუებელი ხმაური, წვიმის წვეთების გამყინავი წკრიალი... და ცხედარი...
6 წლის ჯიმჯი კივის “პაპა!” - ხმა, რომელიც იმ ტანჯვას ასახავს, პატარა გოგონა რომ განიცდის, სანამ მამას დაკრძალავენ.
პატიმრები უყურებენ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილს, რომელიც პოლიციას გადაჰყავს. ხელისუფლების ცნობით, ივლისიდან ნოემბრამდე, 35 600 ადამიანზე მეტი დააკავეს
ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ კარდაკარ მოიარა 3 მილიონზე მეტი ადამიანის სახლი და 730 ათასამდე ნარკომომხმარებელი და 56 ათასამდე დილერი დააპატიმრა. ისინი საერთო საკნებში იხდიან სასჯელს.
ეს ადამიანები პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავები ზოგჯერ მოკრძალებულად აკაკუნებენ რომელიმე სახლის კარზე, დიასახლისს ხელში დაკავების ორდერს აჩეჩებენ, ოჯახის წევრებს კი აპატიმრებენ. ღარიბ უბნებში დაპატიმრების მეთოდები უფრო სასტიკია.
მკვლელობები მანილას ქუჩებში ჩვეულებრივ ამბად იქცა. მაღაზიის თანამშრომლები უყურებენ, როგორ მიასვენებენ ედუინ მენდოზას ცხედარს ქუჩაში.
პოლიციის ცნობით, ფლორჰონ კრუზმა სამართალდამცავებს სახლში შესვლისას ცეცხლი გაუხსნა. თუმცა, მისი ოჯახის წევრების თქმით, კრუზი დედისთვის რადიოს არემონტებდა, როცა შეიარაღებული პირები შემოცვივდნენ და მოკლეს.
გარდაცვლილი ჟუსელიტო რუფინოა, 52 წლის. მეზობლების თქმით, ის თავის 13 წლის ძმიშვილთან ერთად ვიდეოთამაშებით ერთობოდა, როცა უბანში 15 ნიღბიანი კაცი მოვარდა. ჟუსელიტომ მეზობლებს უთხრა, რომ სახლებში შესულიყვნენ და შუქი ჩაექროთ. უცებ ყვირილი მოისმა, “ნანლაბან!” - “ისინი თავს გესხმიან”. სანამ მამაკაცი მიხვდებოდა, რა ხდებოდა, უკვე სასიკვდილოდ იყო დაჭრილი.
36 წლის დანიელო დეფარინეს ცხედარი ხიდის ქვეშ იპოვეს. დაახლოებით ერთ კვირაში მისმა 23 წლის ძმამაც იგივე ბედი გაიზიარა, ისიც მოკლეს. დედას 3 კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ მოეგროვებინა შვილების დასაფლავების თანხა.
სასაფლაოები ამდენი მკვლელობებით, გახდა საზარელი მოჩვენებების თავშეყრის ადგილი. მანილას ჩრდილოეთ სასაფლაოსთან, კაცი რომელიც თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს კარავში, თავის ორი წლის შვილს აჭმევს.
ქუჩებში პოულობენ გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებსაც ხელ-ფეხი შეკრული აქვთ. ზოგჯერ, ცხედრებთან ტოვებენ შეტყობინებებსაც სხვა ნარკომომხმარებლებისა და დილერებისთვის, უწერენ, რომ მათაც იგივე მოელით. ამ ცხედართან შემდეგი შეტყობინება დატოვეს: “დილერი, რომელიც არ შეჩერდება, სიცოცხლეს ასე დაასრულებს”.
ნეილი დიაზი მეუღლის ცხედარს დასტირის. 9 შვილის მამა, შვილების თანდასწრებით, თავისივე სახლის კართან მოკლეს.
პოლიციამ გამოაქვეყნა რეპორტი, რომლის მიხედვითაც, რონალდ კალაუმ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება სცადა მისი დაკავების სპეცოპერაციისას.
17 წლის ერიკა ფერნანდესი ერთ-ერთია იმ 57 მსხვერპლი ქალიდან, რომლებიც ფოტოგრაფმა გადაიღო. ის 21 წლის მეგობარ მამაკაცთან ერთად მოკლეს.
მკვლელობის ადგილას ნათესავები ფრედერიკ მაფესა და არჯაი ლუმბაგოს გლოვობენ.
წყარო: http://www.pulitzer.org/winners/daniel-berehulak-freelance-photographer