რატომ არ გამოაქვეყნა Le Monde-მა მაკრონის შესახებ გავრცელებული იმეილები
09.05.2017
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბზე, არჩევნებამდე 2 დღით ადრე, ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინტერნეტში ანონიმურად 9GB მოცულობის იმეილები და ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნეს. ამბავი მედიასივრცეში სწრაფად გავრცელდა, თუმცა ცნობილმა გამოცემა Le Monde-მა ეს მასალები არ გამოაქვეყნა.

Le Monde-მა შემდეგ განმარტა, რომ გამოცემაში გადაწყვიტეს, მასალები გამოქვეყნებამდე აუცილებლად გადაემოწმებინათ. 9GB მოცულობის იმეილებისა და სხვა დოკუმენტების შემოწმება კი, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. გამოცემაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით საეჭვო იყო მასალების არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნება. ამ დროს პრეზიდენტობის კანდიდატებს ევალებათ “ჩუმად ყოფნა”, რაც ნიშნავს, რომ მაკრონს არც საარჩევნო კამპანიის წარმართვა შეეძლო და არც ინტერვიუს მიცემა მედიასაშუალებებისთვის. “ნათელი იყო, რომ ჰაკერული თავდასხმა საარჩევნო პროცესში უხეშ ჩარევას ისახავდა მიზნად” - განმარტავს Le Monde, რომელმაც აუცილებლად მიიჩნია, თუნდაც იმ დღის რეიტინგის დაკარგვის ხარჯზე, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გამოექვეყნებინა.

“ჩვენ უნდა გადავამოწმოთ თითოეული წერილი, დოკუმენტი, ამას ღრმა ანალიზი და შესაბამისად, დიდი დროც სჭირდება. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, თუ მასალები ახალი ამბისთვის ღირებული იქნება, ჩვენ მათ გამოვაქვეყნებთ.” - განმარტავენ Le Monde-ში.

წყარო: Imediaethics

ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ