Der Standard ავსტრიის წინააღმდეგ
27.07.2017
ავსტრიულ გამოცემა Der Standard - ში 2004 წლის ნომერში საშინაო პოლიტიკის რუბრიკაში დაიბეჭდა სტატია, სათაურით „ჭორებით ვაჭრობა“. მასალაში მიმოხილული იყო ქალაქში გავრცელებული ჭორი, რომ მაშინდელი ფედერალური პრეზიდენტი და პირველი ლედი განქორწინებას აპირებდნენ. ასევე, მინიშნებული იყო, რომ პირველ ლედის სასიყვარულო ურთიერთობა პარალელურად, სხვა მამაკაცთანაც ჰქონდა. პრეზიდენტის ოჯახმა გამოცემას ადგილობრივ სასამართლოში უჩივლა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ Der Standard-ი ამ სტატიით უხეშად შეიჭრა მათ პირად ცხოვრებაში. სასმართლო პროცესი პრეზიდენტის ოჯახმა მოიგო და გამოცემას 12 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. Der Standard -მა მიიჩნია, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით, შეილახა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება და სწორედ ამიტომ, ევროსასამართლოს მიმართა.

ევროსასამართლო მსჯელობაში აღნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, იმის მიუხედავად, რომ ის საჯარო პირია, უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრების დაცვისა და პატივისცემის „სამართლიანი მოლოდინი“. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოცემის მიერ საპრეზიდენტო წყვილის შესახებ გავრცელებული ჭორის მიმართ, არ არსებობდა საჯარო ინტერესი, ეს ინფორმაცია გავლენას არ ახდენდა პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებაზე, შესაბამისად, ევროკონვენციის მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

მოსამართლეთა ამგვარ მსჯელობას არ დაეთანხმა კოლეგიის ორი მოსამართლე, გადაწყვეტილებაში მოცემულია მათი განსხვავებული აზრიც. ისინი აღნიშნავენ, რომ სტატიას პირადი ცხოვრების შესახებ, ჰქონდა საჯარო ინტერესი, რადგან მის მიზანს წარმოადგენდა ვენის საზოგადოების იმ ეგრეთ წოდებული ზედა ფენის, ელიტის დამოკიდებულების კრიტიკა, რომლის ძირითად საქმიანობად, იმ პერიოდში, საპრეზიდენტო წყვილის შესახებ გავრცელებული ჭორების მიმოხილვა იყო. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პრეზიდენტის ქორწინების მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია და ამიტომ, ეროვნულმა სასამართლომ დაარღვია თავისი დისკრეციული უფლება, როცა მომჩივანი კომპანიის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩაერია. შესაბამისად, ამ ორი მოსამართლის აზრით, დაირღვა მე-10 მუხლი.

გადაწყვეტილება სრულად ქართულ ენაზე
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ