არ გაავრცელო პოლიტიკური მოსაზრებები, შეასწორე შეცდომა - სოციალური მედიის ახალი სახელმძღვანელო The New York Times-ისგან
18.10.2017
The New York Times-მა სოციალური მედიის ახალი სახელმძღვანელო წესები შეიმუშავა. წესების მიხედვით, გამოცემის ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელებში არ უნდა გამოხატონ პოზიციები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არ უნდა გაავრცელონ არაზუსტი ინფორმაცია და პატივისცემით უნდა იურთიერთონ სხვა მომხმარებლებთან.

გამოცემა თავის ჟურნალისტებს სამ საფეხურიან ტესტს სთავაზობს: „სანამ რაიმეს გამოაქვეყნებ, ჰკითხე საკუთარ თავს:
  1. ის რისი დაწერაც გინდა, აუცილებლად უნდა ითქვას?
  2. ის რისი თქმაც გინდა, აუცილებელია, რომ სწორედ შენ თქვა?
  3. ის რისი თქმაც შენ გინდა, აუცილებელია რომ სწორედ ახლა, ამ მომენტში თქვა? თუ ამ სამი კითხვიდან რომელიმეზე პასუხი იქნება „არა“, უმჯობესია, თავი შეიკავოთ პოსტის დაწერისგან“.

წესები ვრცელდება ყველა ტიპის სოციალურ მედიაზე და მისი დაცვა გამოცემის ყველა ჟურნალისტს ევალება. მაგალითად, პოლიტიკური მოსაზრებები არ უნდა გამოაქვეყნონ მათ შორის იმ ჟურნალისტებმაც, რომლებიც პოლიტიკაზე არ მუშაობენ.

რამდენიმე წესი The New York Times-ს სოციალური მედიის სახელმძღვანელოდან:

- სოციალურ მედიაში ჩვენი გამოცემის ჟურნალისტებმა არ უნდა გამოხატონ რომელიმე პოლიტიკოსის მხარდამჭერი ან პირიქით, შეურაცხმყოფელი მოსაზრებები. არ უნდა გამოაქვეყნონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება შელახოს ტაიმსის რეპუტაცია.

- ჟურნალისტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მაშინ, როცა კონკრეტული ამბის გაშუქებას The New York Times მიუკერძოებლად, ამბისგან დისტანცირებულად ცდილობს, მისი გამოცემის ჟურნალისტი კი სოციალურ ქსელში გამოხატულ მოსაზრებებში ამბის ორი მხარიდან ერთს ირჩევს და მის მხარდამჭერ პოზიციას გამოხატავს.

- აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მაგალითად ტრამპის შესახებ ნებისმიერი ჟურნალისტის მიერ დაწერილი ნებისმიერი პოსტი, მკითხველისა თუ რესპონდენტების მხრიდან, აღიქმება The New York Times-ის პოზიციად.

- შესაძლოა მიგაჩნდეთ, რომ სოციალური ქსელები თქვენი პირადი სივრცეა და ის გამიჯნულია თქვენი ჟურნალისტური საქმიანობისგან, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი რასაც ვაქვეყნებთ და ვიწონებთ გარკვეულწილად, საჯაროა და ასოცირდება გამოცემასთან, რომელშიც მუშაობთ.

- მნიშვნელოვანია, რომ პოსტები და ტვიტები არ შიეცავდეს არაზუსტ ინფორმაციას, შეცდომა კი სწრაფად გასწორდეს.

- თუ აზიარებთ სხვა გამოცემის მასალას, სადაც საკითხი მხოლოდ ერთი პერსპექტივიდან არის წარმოჩენილი, შესაძლოა აუდიტორიას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თქვენც ამ პერსპექტივას იზიარებთ.

დაბოლოს, თუ არ იცი, პოსტი რომლის გამოქვეყნებაც გსურს, შეესაბამება თუ არა The New York Times-ის სტანდარტებს, დაუსვი საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:

1. გამოხატავდი ამავე პოზიციას ტაიმსის სტატიაში?

2. ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, ხომ არ იფიქრებს რომ შენ მიკერძოებული ხარ?

3. ხომ არ იმოქმედებს ეს პოსტი ტაიმსის სანდოობასა და რეპუტაციაზე?

4. სოციალური ქსელების მომხმარებელმა რომ დაათვალიეროს შენი გვერდი სოციალურ ქსელში, როგორ ფიქრობ, შენ მიერ გამოხატული მოსაზრებები და გაზიარებული ბმულები ხომ არ გაუჩენს კითხვას, რამდენად შეძლებ შენ ამბის მიუკერძოებლად გაშუქებას?

თეგები : სოციალური მედია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ