მილიონობით ყალბი გამომწერი - პრობლემა, რომელსაც ტვიტერი ვერ აგვარებს
06.02.2018
ერთი კვირის წინ New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიება იმის შესახებ, თუ როგორ იყიდეს ტვიტერის ყალბი გამომწერები, ე.წ. “ფოლოუერები” ცნობილმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა, პოლიტიკოსებმა თუ ჟურნალისტებმა. ონლაინ კომპანიის მიერ გაყიდული ყალბი ანგარიშების რიცხვი ათობით ათასს აღწევს.

ტაიმის სტატიის შემდეგ, ტვიტერმა დაახლოებით მილიონი ყალბი გამომწერი გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ანგარიშების შავი ბაზარი მანამდეც არაერთმა გამოცემამ გამოააშკარავა და ეს პრაქტიკა სათავეს ტვიტერის შექმნიდან იღებს, პრობლემას სოციალური ქსელი ამ დრომდე ვერ აგვარებს.

2012 წელს Business Insider- ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორმაც ყალბ ანგარიშებზე, გამომწერებსა და რეტვიტებზე მომუშავე 58 ვებსაიტი გამოააშკარავა. ამ დროს, 1 000 გამომწერის ყიდვა დაახლოებით 18 აშშ დოლარი ღირდა. მსგავსი მასალა გამოაქვეყნა New York Times- მა 2013 წელს, რომლის მიხედვითაც, ყალბ ანგარიშებს 25 კომპანია ყიდდა. 2014-ში კი, 5 დოლარად ნაყიდ 4 000 ფოლოუერზე დაწერა სტატია ჟურნალისტმა გილად ლოთანმა.

მიზეზი, რატომაც ტვიტერი ყალბი ანგარიშებისა და ბოტების პრობლემას ვერ აგვარებს, კრიტიკოსების შეფასებით, მომხმარემებლთა რაოდენობაა - კომპანია ყალბი ანგარიშების გაუქმებისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ მათი რაოდენობა ინვესტორების თვალში სოციალურ ქსელს უფრო მიმზიდველს ხდის.

2015 წელს ტვიტერის თანამშრომელმა, ლესლი მაილიმ ბოტების უზარმაზარი რაოდენობა იპოვა, რომელთა IP მისამართები, მისი თქმით, რუსეთში იყო რეგისტრირებული. მან ტვიტერს ყალბი ანგარიშების წაშლის რეკომენდაციით მიმართა, თუმცა სოციალური ქსელის მენეჯმენტმა ამაზე უარი თქვა. ტვიტერი ამტკიცებს, რომ მომხმარებელთა მხოლოდ 5 პროცენტია ყალბი, თუმცა მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალური რიცხვი 15 პროცენტს (დაახლოებით 48 მილიონი ანგარიში) აღწევს. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ 400 000-მდე ბოტი პოსტავდა პოლიტიკურ მესიჯებს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ზოგი გამოთვლით, დონალდ ტრამპის გამომწერთა 45 პროცენტი, შესაძლოა, ყალბი იყოს. ტვიტერის წარმომადგენელი კი New York Times -თან ამბობს, რომ პრობლემასთან გასამკლავებლად ყველაფერს აკეთებენ.

მომზადებულია cjr -ის სტატიის მიხედვით.

თეგები : სოციალური მედია;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ