ინდოეთის პრესის საბჭო მოუწოდებს მედიას არასდროს გაამხილოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა
04.05.2018
ინდოეთის ბევრმა მედიასაშუალებამ 8 წლის მოზარდის ჯგუფური გაუპატიურებისა და მკვლელობის გაშუქებისას, მისი ვინაობა დაასახელა. აღნიშნულის გამო ინდოეთის პრესის საბჭომ მედიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობა არ უნდა გაამჟღავნონ.

საბჭომ განმარტა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიცირება არღვევს ჟურნლისტური ეთიკის სტანდარტებს, ასევე ინდოეთში მოქმედ ორ კანონს და წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის პრინციპებთან.

ინდური მედიის პარალელურად, მსხვერპლის ვინაობა დასავლურმა გამოცემებმაც დაასახელეს. ერთ-ერთი ასეთი The Washington Post იყო, რომელმაც გადაწყვეტილება ასე განმარტა: “როგორც წესი, გადარჩენილი მსხვერპლის ვინაობას არასდროს ვასახელებთ, მაგრამ ასიფა მოკლეს. გარდა ამისა, მისი ვინაობა ინდურ მედიას უკვე გამჟღავნებული ჰქონდა და ამ შემთხვევისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, მისი სახელი სოციალურ ქსელში “ჰეშთეგადაც” იყო გამოყენებული”.

მსგავსი განმარტება ჰქონდა The Associated Press-საც. “როგორც წესი, The Associated Press სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ვინაობას არასდროს ამხელს, მაგრამ მისი სახელი უკვე ფართოდ იყო გავრცელებული ინდური მედიის მიერ”, - ნათქვამია The Associated Press - ის განცხადებაში.

წყარო: imediaethics.org


თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ