მიანმარის სასამართლომ როიტერის ჟურნალისტებს საიდუმლო მასალების გამოყენებისთვის ბრალი წაუყენა
10.07.2018
ორშაბათს, 9 ივლისს, მიანმარის სასამართლომ როიტერის ორი ჟურნალისტს  ბრალი წაუყენა საიდუმლო სახელმწიფო დოკუმენტების გამოყენებისთვის. პრესის თავისუფლებისთვის ეს გარდამტეხი საქმე, ექვსთვიანი წინასწარი განხილვების შემდეგ, სასამართლო პროცესამდე მივიდა. მოსამართლემ რეპორტიორებს ვა ლონისა (32) და ჩო სო უს (28), ბრალი დასდო კოლონიური პერიოდის ოფიციალური საიდუმლოებებების აქტის დარღვევაში, რაც მაქსიმუმ 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჟურნალისტები თავს დამნაშავედ არ სცნობენ და მბობენ, რომ ისინი ჟურნალისტური ეთიკის მიხედვით მოქმედებდნენ. სასამართლოს დადგენილების შემდეგ ვა ლონმა განაცხადა, რომ მას და ჩო სო უს -ს დანაშაული არ ჩაუდენიათ და საკუთარ უდნაშაულობას სასამართლოსაც დაუმტკიცებენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბრალი დაგვდეს, დამნაშავეები არ ვართ, განაცხადა ხელებზე ბორკილებდადებულმა ჟურნალისტმა, როდესაც მას პოლიციის მანქანაში სვამდნენ, - „ჩვენ უკან არ დავიხევთ, არ დავნებდებით და არ შევშინდებით ამით“.

საქმეს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. დასავლელი დიპლომატების ნაწილი და უფლებადმცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატიის ტესტი ნობელის ლაურეანტი ონ სან სუნ კის მმართველობისას, სადაც არმიას ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევი ძალა აქვს.

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი იყო მიანმარში პრესის თავისუფლების კუთხით.

„თავისუფალი პრესა ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის. ჟურნალისტები არა მხოლოდ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეებს, არამედ ისინი ლიდერებს ანგარიშვალდებულებსაც ხდიან“, - ნათქვამია ჰეილის განცხადებაში, - „ჩვენ მოვუწოდებთ ბირმის მთავრობას ნება დართონ ამ ჟურნალისტებს, დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში და გააგრძელონ მუშაობა“. Reuters-ის პრეზიდენტმა და მთავარმა რედაქტორმა, სტივენ ადლერმა რეპორტიორების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს უსაფუძვლო უწოდა: „ეს ჟურნალისტები დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს და არ არსებობს ფაქტები ან მტკიცებულებები, რომ მათ რაიმე არასწორი ჩაიდინეს ან კანონი დაარღვიეს“.

დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, შემდეგ მოსმენაზე ორივე რეპორტიორს მოიწევს მოწმის სახით ჩვენების მიცემა: „ბუნებრივია, არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ბოლოს მაინც კარგი დასასრული გვექნება“.

თვის დასაწყისში დაცვის მხარის ადვოკატები ამბობდნენ, რომ ჟურნალისტები პოლიციის ოპერაციის შედეგად დაიჭირეს, რაც მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. იმავე 2 ივლისს პროკურორმა განაცხადა¸რომ დოკუმენტებში, რომლებიც ჟურნალისტებს დაკავებისას ჰქონდათ ხელში, უშიშროების ძალების გადაადგილების დეტალები იყო აღწერილი, სხვა დოკუმენტებში კი, რომლებიც მათ მობილურ ტელეფონებში აღმოაჩინეს, საიდუმლო და ტოპ საიდუმლო მასალები ინახებოდა.

ჟურნალისტების დაკავებისას, დეკემბერში, რეპორტიორები მიანმარის დასავლეთით მდებარე სოფელში როჰინგას ტომის ათი მუსლიმი კაცის და ბიჭის მკვლელობის საგამოძიებო მასალაზე მუშაობდნენ. მკვლელობები სამხედრო სადამსჯელო ღონისძიებების დროს მოხდა, რომელმაც გაეროს სააგენტოების თქმით, 700 000 -ზე მეტი როჰინგა აიძულა ბანგლადეშში გაქცეულიყო.

როგორც რეპორტიორებმა ნათესავებს უთხრეს, ისინი მაშინვე დააკავეს, როგორც კი ჩრდილოეთ იანგონის ერთ-ერთ რესტორანში ორმა ადამიანმა, რომლებიც ადრე არასდროს ენახათ, გადახვეული ქაღალდები მიაწოდეს მათ.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ