19.07.2018
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ
პუტინის ჰელსინკში გამართულ შეხვედრას დასავლურ მედიაში მძაფრი
რეაქცია მოჰყვა. ასეთ მასშტაბურ და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში,
რიჩარდ ნიქსონის შემდეგ, ამერიკის არცერთი პრეზიდენტი გახვეულა.
ტრამპს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი გამოცემები და ტელევიზიებიც
კი აკრიტიკებენ.
16 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, მოსალოდნელი კრიტიკის ნაცვლად,
ტრამპმა პუტინისა და მისი პოლიტიკისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა და
რუსეთთან მისი ქვეყნის ცუდი ურთიერთობა ამერიკის „წლების განმავლობაში
ჩადენილ სისულელეებს“ დააბრალა. ტრამპმა პუტინის მტკიცებაც კი
გაიზიარა იმის შესახებ, რომ რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
არ ჩარეულა.
პრეზიდენტის გამოსვლას ამერიკელ პოლიტიკოსებში აღშფოთება მოჰყვა.
„სამარცხვინო“, „ ისტორიაში ყველაზე ცუდი“ - მსგავსი ეპითეტებით
შეამკეს დონალდ ტრამპი სენატორებმა და ბრალი დასდეს პუტინის პოზიციის
მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის გამო საკუთარი ქვეყნის
დადანაშაულებაში.
„მედიაჩეკერი“ რამდენიმე საერთაშორისო გამოცემის რეაქციას
გაგაცნობთ:
Time
ჟურნალი Time, როგორც ყოველთვის, ფორმაშია და მომდევნო, 30 ივლისის
ნომრის გარეკანი უკვე დააანონსა, სადაც დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ
პუტინის ერთმანეთში არეული სახეა გამოსახული, მინაწერით - „
სამიტის კრიზისი“.
Kauppalehti
ფინური გამოცემა Kauppalehti პრეზიდენტების შეხვედრის აღსაწერად
საფეხბურთო ანალოგიას იყენებს. გარეკანზე გამოსახულია ფოტო, რომელზეც
ტრამპს პუტინის მიერ მიწოდებული ფეხბურთის ბურთი უჭირავს ხელში.
„ტრამპი 0 - პუტინი 1“- ასე ჰქვია სტატიას, რომელიც ცხადია, გაზეთის
მთავარი თემაა, რადგან სამიტი სწორედ ფინეთში ჩატარდა.
Le Monde
ფრანგული Le Monde პირველ გვერდზე გამოტანილ ფოტოს და სტატიას ასე
ასათაურებს: „დონალდ ტრამპი, პუტინის საუკეთესო მოკავშირე“.
New York Post
New York Post სამიტს ირონიული წარწერით ეხმაურება, რომელიც გარეკანზე
გამოტანილ ფოტოს ახლავს თან: „ბოროტებას ვერ ვხედავ“ - ვკითხულობთ
ფოტოზე, რომელზეც ტრამპი მრავალმნიშვნელოვნად აკვირდება პუტინს.
Guardian
ისტორიულ სამიტს ბრიტანული Guardian - იც ეხმაურება და პირველ გვერდზე
პუტინი - ტრამპის ხელის ჩამორთმევის ფოტო გამოაქვს, მინაწერით:
„ღალატს ბევრი არაფერი უკლია - ტრამპს პუტინთან მოლაპარაკებებში
ადანაშაულებენ“. გამოცემა CIA-ს ყოფილ დირექტორს ციტრებს, რომელმაც
პირველმა უწოდა ტრამპის გამოსვლას „ამერიკის ღალატი“.
Daily Mirror
ბრიტანული ტაბლოიდური გამოცემა Daily Mirror კიდევ უფრო თამამია და
დონალდ ტრამპს „პუტინის პუდელს“ უწოდებს.