22.08.2018
ბრიტანეთის თვითრეგულირების ორგანომ საკითხის განხილვის შემდეგ, დაადგინა, რომ Sunda Life-ს ფოტოს დაბეჭდვით სტანდარტი არ დაურღვევია. კერძოდ, თვითრეგულირების ორგანოს განმარტებით, მართალია, გამოცემას ფოტოს დაბეჭდვის შესახებ ბავშვის ოჯახისგან თანხმობა არ ჰქონდა, მაგრამ ფოტოზე გაზრდილი პიქსელების ზომის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას არ ახლდა რაიმე სხვა ინფორმაცია, რაც ბავშვის იდენტიფიცირებას და მკვლელსა და მას შორის კავშირის დადგენას შესაძლებელს გახდიდა, Sunday Life-ს სტანდარტი არ დაურღვევია.
“გამოცემის მიერ დაბეჭდილმა ფოტომ, რომელზეც მსჯავრდებულს მუხლებზე პატარა ბავშვი უზის, რომლის სახეც დაფარულია, აჩვენა, რომ მსხვერპლისგან განსხვავებით, მკვლელობაში ბრალდებულს ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდა”, - განმარტეს ბრიტანეთის პრესის თვითრეგულირების ორგანოში, სადაც ასევე დასძინეს, რომ ყველა დეტალისა და გარემოების გათვალისწინებით, გამოცემის მიერ ფოტოს დაბეჭდვა საჯარო ინტერესს წარმოადგენდა და რაციონალური გადაწყვეტილება იყო.
Sunday LIfe-ში თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ და ფოტოს გამოქვეყნების მოტივიც განმარტეს.
“Sunday LIfe-მა სტატია იმ ადამიანზე დაწერა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სექტანტური მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. მსხვერპლი ცნობილი ბიზნესმენი იყო. მსხვერპლის შვილმა, მამის მკვლელობასა და ოჯახისთვის მიყენებულ ტკივილზე საჯაროდ წლების შემდეგ ისაუბრა. სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილმა მისმა ამბავმა საზოგადოებისა და მედიის დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
მომხდარზე წლების შემდეგ მომზადებული მასალის გამოქვეყნებით გამოცემის მთავარი მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი მკვლელობის თანამონაწილე საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და სიცოცხლით ტკბებოდა, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული ფოტოებით დასტურდებოდა. ამის საპირისპიროდ კი, გარდაცვლილის ოჯახს მის საყვარელ ადამიანთან ყოფნის შესაძლებლობა არ ჰქონდა”, - განაცხადა Sunday LIfe-ის ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელმა სტეფან გორდონმა.
წყარო: imediaethics.org