კითხვები, რომელიც the New York Times-ის Op-ed-მა წამოჭრა
19.09.2018
სექტემბრის დასაწყისში the New York Times-მა გამოაქვეყნა მოსაზრების სვეტი სათაურით - “მე ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით არსებული წინააღმდეგობის ნაწილი ვარ”. Times-მა ავტორის შესახებ მხოლოდ განმარტა, რომ ის ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია და მისი ზუსტი პოზიციის დასახელება მის იდენტიფიცირებას მოახდენდა. მოსაზრების სვეტში ავტორი ამტკიცებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი თანამდებობის პირი ტრამპის დღის წესრიგის მოშლისთვის გულმოდგინედ მუშაობს და რომ ის ერთ-ერთი მათგანია.

Times-ის მოსაზრების სვეტის რედაქტორმა ჯეიმს დაომ განმარტა, რომ პიროვნებამ, რომელსაც ის კარგად იცნობდა და ენდობოდა, მას განუცხადა, რომ თეთრ სახლში იყო ადამიანი, რომელსაც op-ed-ის დაწერა სურდა და რომ მას ავტორთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

მიუხედავად რედაქციის განმარტებისა, The New York Times-ის ამ ანონიმურმა Op-ed-მა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ეთიკური თვალსაზრისით რამდენიმე კითხვა წამოჭრა.

  • იმ დროს, როდესაც თავად New York Times და სხვა მედიასაშუალებები ანონიმური წყარობის გამოყენების შემცირების შესახებ საუბრობენ, Times კიდევ უფრო შორს მიდის და ანონიმურ წყაროს საავტორო სვეტში იყენებს;

  • რა მოხდება, თუკი Times-ის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ავტორის ვინაობას დაადგენენ? Times ყოფილმა რედაქტორმა და The Washington Post-ის ახლანდელმა მესვეტემ მარგარეტ სულივანმა განაცხადა, რომ თავად მასალას არანაირი ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ თუკი Times-ის ახალი ამბების განყოფილება ავტორის ვინაობას შეიტყობს, ეს ეთიკური თვალსაზრისით კითხვებს გააჩენს;

  • Times-ის რედაქტორმა პიტერ დაომ ისიც განმარტა, რომ ავტორის შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და გამოცემა ამ წყაროების არსებობაში 100%-ით დარწმუნდა. თუმცა, კითხვის ნიშანს აჩენს როგორ მოხდა გადამოწმება? Times-ის op-ed-ში საუბარია, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობს თანამოაზრეების ერთგვარი გუნდი, რომელიც ავტორის პოზიციებს იზიარებს და მასთან ერთად მუშაობს. სცადა კი New York Times-მა რომელიმე მათგანთან გასაუბრება, მათი არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და იმის დაზუსტება მართლაც არიან თუ არა ისინი op-ed-ის ავტორს თანამოაზრეები?

  • რატომ მისცა Times-მა მის ანონიმურ წყაროს უფლება, რომ მას კიდევ საკუთარი ანონიმური წყაროები ჰყოლოდა? რამდენად მოდის ეს ანონიმური წყაროს შესახებ გამოცემის პოლიტიკასთან შესაბამისობაში?

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ