National Geographic - ჟურნალი, რომელმაც მეცნიერება მედიად და ხელოვნებად აქცია
24.09.2018
"National Geographic-ში ჩვენ გვჯერა მეცნიერების, აღმოჩენებისა და თხრობის ძალის,
რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია"
 

 
1888 წლის სექტემბერში მეცნიერების შესახებ ჟურნალის The National Geographic-ის პირველი ნომერი გამოიცა. პირველი ეგზემპლიარი რა თქმა უნდა ისეთი არ იყო როგორიც ახლაა, მას არც ბრენდული ყვითელი ჩარჩო ჰქონია და არც ფერადი, მომნუსხველი ფოტო ყდაზე.

The National Geographic-ის პირველი ჟურნალი მოკრძალებული იყო, ყავისფერი ყდითა და ზედ რამდენიმე წარწერით. მას შემდეგ მისი დიზაინი შეიცვალა, დაიხვეწა. უცვლელია ჟურნალის ღირებულებები. „ჩვენ გვჯერა მეცნიერების ძალის“, - ვკითხულობთ გამოცემის ვებგვერდზე.

National Geographic აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემაა. სხვათაშორის, საზოგადოებაც იმავე წელს, 1888-ში დაარსდა. თავიდან ჟურნალი პერიოდული არც ყოფილა. National Geographic-მა დაარსებიდან 8 წლის შემდეგ, 1896 წელს დაიწყო ყოველთვიურად გამოცემა. მაშინ ყდაზე ჯერ კიდევ ვერ ნახავდით ბრენდის ცნობილ ფოტოებს. პირველი ფოტო National Geographic-ის გარეკანზე 1905 წელს მოხვდა. ხოლო პირველი ფერადი ფოტო 1957 წელს. 
 

National Geographic მე-20 საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა და სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. 90-იან წლებში ჟურნალის სხვა ენებზე გამოცემაც დაიწყეს. პირველი ნომერი, რომელიც ინგლისურთან ერთად გამოვიდა, 1995 წელს იაპონურ ენაზე იყო. დღეს კი ჟუნალი 37 ენაზე გამოდის. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართული გამოცემაა. ჩვენთან პოპულარული სამეცნიერო ჟურნალი პირველად 2012 წელს გამოვიდა.


National Geographic დღეს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სამეცნიერო გამოცემაა, მის თითოეულ ნომერს 40 მილიონამდე ადამიანი კითხულობს. ჟურნალი ცნობილი სტატიებისა და ფოტოების სივრცეა. მედია, რომელიც გარემოს იცავს მთელი მსოფლიოს გარშემო.


გამოცემიდან მიღებული შემოსავლის 27% National Geographic Society-ის ხმარდება, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელიც გარემოსდაცვაზე მუშაობს და მათ შორის, თავად ჟურნალსაც გამოსცემს. National Geographic პიონერი მედიაა ტექნოლოგიების ათვისების კუთხითაც. დღეს გამოცემა სრულყოფილი მულტიმედია პლატფორმაა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჟურნალისა სოციალურ მედიაშიც. National Geographic-ის ავტორებს არაერთი ჯილდო მოუპოვებიათ, ჯილდოებს გასცემს თავად ჟურნალიც.

მისი ისტორიის განმავლობაში ჟურნალში ათასობით ფოტო დაიბეჭდა, სურათები პრობლემებზე, სამეცნიერო მიღწევებზე, ბუნების საოცრებებზე. გამოცემის ფოტოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელმა სარა ლინმა, 130 წლისთავთან დაკავშირებით, მისი აზრით ყველაზე შთამბეჭდავი ფოტოები ამოარჩია. ავღანელი გოგო, ოჯახი მალიში, პირველი ტრანსგენდერი ჟურნალის ყდაზე - საუკეთესო 130 ფოტოდან ნაწილს ამ კოლაჟში ხედავთ.


ავტორი : ალექსანდრე ქეშელაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ