Mighty Writers - წერა, როგორც თვითგამოხატვის და სოციალიზაციის საშუალება
02.12.2018
ფილადელფია შტატების დიდ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია. თითქმის 40% ფილადელფიელი სტუდენტებისა ვერ ამთავრებს კოლეჯს, სრულყოფილად წერა და კითხვა კი მერვეკლასელი მოსწავლეების მხოლოდ 30% -ს შეუძლია.

ამგვარი სტატისტიკა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც, 2009 წელს სამხრეთ ფილადელფიის ერთ პატარა უბანში წერის სახელოსნო Mighty Writers გაიხსნა.

„ეს სტატისტიკა ჩვენთვის უბრალო ციფრები არაა, ესაა ციფრები, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს, ჩვენთან მოსული ბავშვების მეშვეობით“, - ამბობენ წერის სახელოსნოში, სადაც ფილადელფიელ სკოლის მოსწავლეებს, წერის მეშვეობით, საკუთარი თავის გამოხატვას ასწავლიან. აქ სასწავლო პროცესი მოსწავლეებს ერთმანეთთან სოციალიზაციის საშუალებასაც აძლევს.

Mighty Writers - ში სჯერათ, რომ აზრების წერილობით ნათლად გადმოცემა მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში ეხმარებათ. აქ ყოველწლიურად, წიგნიერების კლასს, სრულიად უფასოდ, 500-დან 3 ათასამდე ბავშვი გადის.

“წერას აქვს ძალა. ისწავლე, როგორ უნდა გამოხატო საკუთარი თავი წერის დროს და შენთვის ახალი სამყაროს კარი გაიღება“, - ეს Mighty Writers-ის სლოგანია.

„ბავშვები ფილადელფიაში არც ისე ხშირად გადიან თავიანთი სამეზობლოს გარეთ. სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ მათგანთან გვქონოდა ურთიერთობის შესაძლებლობა, ჩვენ წერის სახელოსნოები ფილადელფიის 6 სხვადასხვა სამეზობლოში გავხსენით, ასევე გვაქვს, 1 ახალი სკოლა ნიუ-ჯერსიში“, - გვიყვება რაქელ ლუპერი, განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ლუპერის თქმით, ამ სამეზობლოებში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიგრანტები წარმოადგენენ და Mighty Writers-ის მოსწავლეებიც დიდწილად, სწორედ ამ ოჯახებიდან არიან.

„ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, კვირაში სამჯერ მოდიან და წერენ. ვცდილობ, მათ დავეხმაროთ სხვადასხვა ჟანრის წერილობითი პროდუქტის შექმნაში. ერთ პროდუქტზე დაახლოებით 6 კვირა ვმუშაობთ ხოლმე. გარდა ამისა, ჩვენ ცალკე გვაქვს პროგრამა თინეიჯერებისთვის. მათ ვეხმარებით, კოლეჯის შერჩევაში და ასევე, იმის გარკვევაში, თუ რისი გაკეთება სურთ მომავალში. ჩვენი კურსდამთავრებულების 97% კოლეჯში აბარებს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია“, - ამბობს ლუპერი.

Mighty Writers-ში გარდა წერისა, დიდი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების სწავლებასაც. ყალბი ამბების და მედიაწიგნიერების სასწავლო პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა.

მედიაწიგნიერების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ კონკრეტულ უნარებს იმისთვის, რომ ყალბი ამბის ამოცნობა და გადამოწმება შეძლონ.

Mighty Writers- სის საქმიანობაში დიდი წვლილი შეაქვთ მოხალისეებს, სასწავლო კურსების დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ არის შემუშავებული. მედიაწიგნიერებისა და ყალბი ამბების სასწავლო პროგრამაც, თავდაპირველად, სწორედ მოხალისეებმა დაიწყეს. Mighty Writers-ის მოხალისეები არიან New York Times-ის, The Atlantic-ის, Rolling Stone-ს National Public Radio-იოს და სხვა ცნობილი გამომცემლების ჟურნალისტები. მედიაწიგნიერების შესახებ ვორქშოფებს სწორედ ისინი უძღვებიან.

ავტორი : სალომე აჩბა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ