ვიზუალური ნახევარსიმართლეები
15.02.2019

რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქართველი მოჭიდავე ვარჯიშობდა ქუდით, რომელზეც Russia ეწერა. ამის დასტურად მედიებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოჰყავდათ, რომელზეც ქუდზე “Russ...” იკითხება. ქუდის ფერები ემთხვეოდა რუსეთის დროშის ფერებს. მალევე გაირკვა, რომ მოჭიდავის ქუდზე არა Russia, არამედ ამერიკული სპორტული ბრენდის სახელი Russell ეწერა.

ნიუსის კვაზი-პატრიოტულ მოტივებსა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებას რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ეს ამბავი საინტერესო მედიის კონტექსტში სხვა მხრივაც გახლდათ - სოციალური მედიით გამოწვეული აჩქარებისა და ინფორმაციული „წყალდიდობის“ პირობებში, მედიასაშუალებებმა კიდევ უფრო მეტად უნდა დაუთმონ დრო ვიზუალური ინფორმაციის ფაქტებად ინტერპრეტირებას.

მედიის ეს გამოწვევა ექსკლუზიური სულაც არაა ქართული რეალობისთვის. სხვადასხვა პერიოდულობით, სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალება დგება ფაქტის წინაშე, რომ ამბავი, რომლის ვიზუალური მასალაც მათ ვებგვერდებსა თუ ეკრანებზე ხვდება, სრული კონტექსტუალიზაციისა და სრული სურათის შექმნის მცდელობის გარეშე, ინფორმაციის მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას იწვევს.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი გახმაურებული შემთხვევა გასულ თვეში აშშ-ში მოხდა. 18 იანვარს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში, საერთაშორისო მედიაში, უპირველეს ყოვლისა კი ამერიკულ მედიასაშუალებების ვებგვერდებზე გავრცელდა ფოტო და დაახლოებით ერთწუთიანი ვიდეო,. მასში  ჩანს  რომ კენტუკის კონვინგტონის კათოლიკური სკოლის სტუდენტი ნიკ სენდმენი თავზე პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი ქუდითა (Make America Great Again) და ცინიკური სახით შეჰყურებს ასაკოვან მკვიდრ ამერიკელ აქტივისტ მამაკაცს, რომელიც ინდიელთა ლოცვას კითხულობს. ვიდეოში სენდმენის მეგობრებიც ჩანან,  ასევე MAGA-ქუდებით. ისინი სკანდირებენ Build that wall, build that wall (ააშენე კედელი). ვიდეოდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტრამპის მხარდამჭერი ქუდით მოსიარულე, კათოლიკური სკოლის მოსწავლეები ლინკოლნის მემორიალთან მკვიდრი ამერიკელი აქტივისტების დასაცინად და დაჩაგვრისთვის დგანან.

კადრების გავრცელებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და (უმეტესწილად, მემარცხენე-ლიბერალური) მედიასაშუალებების წარმომადგენლები და სოციალური ქსელების ინდივიდუალური მომხმარებლები კენტუკელი თინეიჯერის ცინიკურ გამომეტყველებას ამერიკელი კონსერვატორი, თეთრკანიანი მოქალაქეების რასისტული დამოკიდებულებების ცხად გამოვლინებად აფასებდნენ. თინეიჯერი, სოციალური მედიისა და მედიასაშუალებების განსაკუთრებული მონდომების დამსახურებით, მსოფლიო ყურადღების ცენტრსა და კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თინეიჯერმა მუქარის შემცველი შეტყობინებებიც უხვად მიიღო.

პირველი ვიდეოსა და თანმდევი ფოტოს გავრცელებიდან მალევე, ინტერნეტ და მედიასივრცეში გამოჩნდა სხვა ვიდეო ჩანაწერებიც ლინკოლნის მემორიალის კიბეებიდან, სადაც ორი ერთმანეთის პარალელური აქცია მიმდინარეობდა 18 იანვარს. ერთ აქციას ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა მართავდა თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით, მეორე აქციას კი შავკანიანი ებრაელი ისრაელიტები (Black Hebrew Israelites) აბორტის წინააღმდეგ.

სწორედ ამ უკანასკნელი აქციის მონაწილეებთან მოუვიდათ დაპირისპირება ნიკ სენდმენის თანასკოლელებს, როდესაც ისინი ლინკოლნის მემორიალის ახლოს გამოჩნდნენ MAGA-ქუდებით. თუმცა, Black Hebrew Israelites-ის წარმომადგენლებს სიტყვიერი დაპირისპირება აქვთ არა მხოლოდ სტუდენტებთან არამედ მკვიდრი მოსახლე ამერიკელების აქციის მონაწილეებთანაც.

1-საათიან ვიდეოში, რომელიც ყველაზე გვიან გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, ისმის თუ როგორ ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შავკანიანი ებრაელი ისრაელიტი „ლექსიკონში მოძებნე სიტყვა „ინდიელი“. ინდიელი ველურს ნიშნავს.“ ვიდეოში ჩანს დაპირისპირება ინდიელ ქალსა და ისრაელიტებს შორისაც, სადაც მკვიდრი ამერიკელი შავკანიან ისრაელიტს ეუბნება, რომ ბიბლიაში სისულელეები წერია. ამის შემდეგ კი, ისრაელტითა აქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებენ MAGA ქუდით მოსიარულე სტუდენტებსაც და ერთ-ერთი აქციის მონაწილე დამცინავად იძახის სტუდენტების მიმართულებით “Build a wall!”

სწორედ ამ რეპლიკის საპასუხოდ იწყებენ სტუდენტები სკანდირებას Build that wall, build that wall. მალე კი უფრო მეტი მოსწავლე იყრის თავს დაპირისპირებულ სტუდენტებსა და ისრაელიტებთან სიახლოვეში. სწორედ ამ დროს ჩნდება მკვიდრი ამერიკელი აქტივისტი ნათან ფილიპსი, რომელიც მოკამათე მხარეების დაშოშმინებას ცდილობს ლოცვის ტექსტის დაჟინებული გამეორებით. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაცია იმაზე უფრო კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი იყო, ვიდრე ამის წარმოჩენას მედიასაშუალებები შეეცადნენ.

მედიასაშუალებების ნაწილმა, რომლებიც განსაკუთრებულად კრიტიკულად იყვნენ განწყობილები კენტუკელი თინეიჯერებისადმი, 1-საათიანი ვიდეოს გამოსვლის შემდეგ რიტორიკა შეარბილეს. თუკი პირველი ვიდეოს გამოჩენის დღეს New York Times-მა სტატია შემდეგნაირად დაასათაურა “Boys in ‘Make America Great Again’ Hats Mob Native Elder at Indigenous Peoples March” („ბიჭები ‘Make America Great Again’ ქუდით გუნდურად ესხმიან თავს ასაკოვან მკვიდრ ამერიკელს მკვიდრი ხალხების მარშზე“), მეორე დღეს გამოქვეყნებულ სტატიას შემდეგნაირი სათაური მიუძღვნა “Fuller Picture Emerges of Viral Video of Native American Man and Catholic Students” („მკვიდრი ამერიკელი მამაკაცისა და კათოლიკე სტუდენტების ვირუსული ვიდეოს უფრო სრული სურათი გამოჩნდა“).

საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა მედიასაშუალება შეთანხმდა, რომ სიტუაცია ლინკოლნის მემორიალის კიბეებთან აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმისაგან, როგორც მათმა უდიდესმა ნაწილმა პირველი ვიდეოს გამოჩენისას გააშუქა. მედია იქცა, ერთი მხრივ, კენტუკელი სტუდენტებისადმი მიმართული აგრესიის წამახალისებლად. მეორე მხრივ, ნაჩქარევი შეფასების გაკეთებით მედიამ არგუმენტი მისცა კონსერვატიულ მემარჯვენე პოლიტიკურ ფიგურებსა და მედიებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. მეორე დღესვე, მემარჯვენე კონსერვატორმა კომენტატორებმა, როგორიც ბენ შაპირო, Fox News ან თავად პრეზიდენტი ტრამპია, იერიში მიიტანეს მემარცხენე-ლიბერალურ მედიებზე.

ზემოთნახსენები მედიასაშუალებების შედარებით ნეიტრალური კრიტიკოსების ნაწილმა კი ლიბერალურ-მემარცხენე მედიებს ბრალი დასდეს ტრამპის მხარდამჭერი პოლიტიკის პოპულარიზაციაში სწორედ იმ მიდგომის გამო, რომ ასეთი მედიები წინასწარგანწყობებით მუშაობენ და ამერიკელი მოსახლეობის დიდი ნაწილის განსჯისას ისინი ფაქტებზე მეტად, საკუთარ რწმენებს ეყრდნობიან.

„თქვენ იყავით ნაწილობრივი დამნაშავეები ტრამპის არჩევაში, რადგან თქვენ ხართ ყველაზე გავლენიანი გაზეთი ქვეყანაში და არ იყავით სამართლიანი და მიუკერძოებელი. მილიონობით ამერიკელს სჯერა, რომ თქვენ ისინი გეზიზღებათ და მათთვის ზიანის მიყენება გსურთ. ორი წლის წინ მათ საპასუხო დარტყმით გიპასუხეს და მათ მოიგეს ეს ბრძოლა. თუ ტრამპი ისევ გაიმარჯვებს, გახსოვდეთ რომ თქვენ კიდევ ერთხელ შეასრულეთ მოკრძალებული თუმცა მნიშვნელოვანი როლი ამ გამარჯვებაში“,- დაწერა The Atlantic-ის კონტრიბუტორმა და მწერალმა კეიტლინ ფლანაგანმა 23 იანვარს.

იგივენაირად შეიძლება ითქვას, რომ მედიების ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ განგაშის ზარი შემოეკრათ მოჭიდავის ქუდის ფოტოს გამო, ანტი-რუსული და პრო-რუსული განწყობების კარიკატურიზაციას შეუწყვეს ხელი, რაც საბოლოო ჯამში, ისეთ პატრიოტულ ჟონგლიორობაში გადაიზრდება ხოლმე, როგორიცაა ანტისაოკუპაციო თასმების გაყიდვა თუ ტაქსების გამოჩენა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სახელით.

ისევე, როგორც კენტუკელი თინეიჯერებისა და მკვიდრი ამერიკელი აქტივისტის დაპირისპირებაზე, ქართველი მოჭიდავის შემთხვევაშიც, ვიზუალური მასალა, რომელსაც მედია დაყრდნო ამბის გაშუქებისას მაცდური აღმოჩნდა. თუკი ამერიკული მედიის შემთხვევაში მედიასაშუალებები ინფორმაციის ინტერპრეტაციაში შეცდნენ, ქართული მაგალითი გვახსენებს კლასიკურ ჟურნალისტურ კრედოზე, რომ ამბის გაშუქებისას, მედლის, ამ შემთხვევაში კი, ქუდის მეორე მხარითაც უნდა დავინტერესდეთ. ის, რაც ერთი შეხედვით, ფოტო და ვიდეო მასალებში თავისთავად ცხადია, ხშირად, სულაც არ არის ცხადი ანდა შეგნებულად არის გამოყენებული მედიისა და ინფორმაციის მომხმარებელთა მანიპულაციისთვის.


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ