რუსული გაზეთები დაკავებული ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად ერთიანდებიან
10.06.2019
სამი რუსული გამოცემა Kommersant, RBK და Vedomosti ონლაინგმოცემა MEduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტის, დაკავებული ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად გაერთიანდა.

გოლუნოვი რუსმა სამართალდამცველებმა 6 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება. თავად გოლუნოვი წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სამართალდამცველების მიერ მისთვის აღმოჩენილი შეკვრა არასდროს უნახავს.

Kommersant-მა, RBK-მ და Vedomosti-მ გამოცემების თავფურცელზე ერთნაირი გზავნილი - „ჩვენც ივან გოლუნოვები ვართ“ დაბეჭდეს. ამასთან, მათვე ერთობლივი სარედაქციო წერილიც დაწერეს, სადაც ისინი გოლუნოვის საქმის გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ.

დაკავებული ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობა რუსეთში უკვე არაერთმა ადამიანმა გამოხატა, მათ შორის იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც, რომლებიც კრემლთან ასოცირდებიან და მათი პოლიტიკის გამტარებლებად მოიაზრებიან. მათ გოლუნოვის მიმართ მხარდაჭერა საერთო ღია წერილით გამოხატეს, სადაც მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტა მოითხოვეს.

ჟურნალისტის დაკავების გამო, შეშფოთება კრემილსადმი ლოიალურმა ტელევიზიამ NTV-მაც გამოხატა. „ეს ერთგვარი ტესტია ჩვენთვის“, - განაცხადა არხის წამყვანმა ირადა ზეინალოვამ და იქვე დასძინა - „ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი ქვეყანა იქნება რუსეთი“.

ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად მოსკოვში მარტს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გეგმავს მოსახლეობაც. ჟურნალისტი დაკავების გამო პროტესტი თითქმის მთელ რუსეთს მოედო. მეტიც, მის ფარგლებს გასცდა და საპროტესტო აქციები ბერლინში, კიევში, ლონდონში, რიგაში, სტოკჰოლმსა და ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოების წინაც გაიმართა.

Meduza-ს მთავარი რედაქტორის ივან კოლპაკოვის თქმით, ივან გოლუნოვის დაკავება ბევრი ადამიანისთვის საკუთარი უფლებების დასაცავად ერთგვარი ინსპირატორი გახდა.

მომზადებულია The Guardian-ის სტატიაზე დაყრდნობით

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ