11.06.2019
მაგრამ რას იტყოდა ის დღეს, სოციალური მედიის ეპოქაში?
Facebook-მა აღიარა, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ, მილიონობით მომხმარებელი სოციალურ ქსელში რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი იყო. იგივე განაცხადეს Google-ის, Youtube-ისა და Twitter-ის პლატფორმებმაც. აღმოჩნდა, რომ განმანათლებლობის ნაცვლად, სოციალური მედიის საშუალებით “შხამი” ვრცელდება.
რუსეთის მცდელობები მხოლოდ დასაწყისია. სამხრეთ აფრიკიდან-ესპანეთამდე პოლიტიკა სულ უფრო და უფრო მახინჯ სახეს იღებს. აღნიშნულის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი კი, სწორედ სოციალური მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა, რითაც სოციალური მედია პოლიტიკური გარიგებების იმ დემოკრატიულ პრინციპს არღვევს, რასაც ბერნარდ კრიკი თავისუფლებასთან აკავშირებდა.
ისევე როგორც, ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ამა თუ იმ ფაქტორმა ერების გახლეჩვა გამოიწვია, დღესაც საზოგადოების პოლარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სოციალური მედიაა. იმდენად, რამდენადაც სოციალური მედიის პლატფორმები ჯერ კიდევ ახალია, ისინი სათანადოდ შესწავლილი არ არის და მათი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, ისინი საზოგადოებაზე ექსტრაორდინარულ გავლენას ახდენენ.
სოციალური მედია შემოსავალს ადამიანების თვალწინ ფოტოების, სხვადასხვა პერსონალური პოსტების, ახალი ამბებისა და სარეკლამო მასალების განთავსებით იღებს. სწორედ იმიტომ, რომ მათ შუეძლიათ წინასწარ გაზომონ, თუ რა რეაქცია ექნება ამა თუ მომხმარებელს კონკრეტულ პროდუქტზე, მათ ადამიანებში შეღწევის შესაძლებლობა აქვთ. სპეციალური ალგორითმების გამოყენებით, ისინი საზოგადოების შესახებ ინფორმაციას იმის დასადგენად აგროვებენ, თუ რა მიიქცევს მათ ყურადღებას და მიღებულ მონაცემებს შესაბამისად იყენებენ.
შესანიშნავი იქნებოდა, თუკი მსგავსი სისტემა სიბრძნისა და სიმართლის წინა პლანზე წამოწევას შეუწყობდა ხელს. თუმცა, ეს ასე არ ხდება და ამის დადასტურება სოციალური მედიის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. რაც ერთის მხრივ, თავად საზოგადოების მოთხოვნებით შეიძლება იყოს განპირობებული. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებლის ნაწილი სკანდალებზეა ორიენტირებული, სოციალური მედიაპლატფორმები კარგავენ ხედვას, თუ რა არის მართლაც ღირებული იმ საზოგადოებისთვის, ვისთვისაც ისინი ამა თუ იმ ინფორმაციას ავრცელებენ.
რა უნდა გაკეთდეს?
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, გამოკითხული ამერიკელების მხოლოდ 37%-ს სჯერა იმ ინფორმაციის, რასაც სოციალური მედიის საშუალებით იღებს. საზოგადოებამ ტრადიციული მედიის გაძლიერების სხვადასხვა მექანიზმი შექმნა. მაგალითად, ზოგი სოციალური მედიაპლატფორმებისგან მეტ გამჭვირვალობასა და იმის დასაბუთებას ითხოვს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სანდო და სარწმუნოა. ინფორმაციის გადამოწმების, ე.წ. Factcheck-ინგის მექანიზმი Facebook-მაც აამოქმედა, აშშ-ის კონგრესცი ცდილობს, რომ გამჭვირვალე გახდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ დგას კონკრეტული პოლიტიკური რეკლამის უკან. ყველა ეს იდეა ღირებულია, თუმცა არასამკარისი. ყველაზე დიდი ზიანი მაინც ადამიანების მიერ გაუაზრებლად, არასანდო მასალების გაზიარებას მოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედიას ხშირად აკრიტიკებენ, სწორი მიზნებისთვის გამოყენებით, მას ლიბერალური დემოკრატიის როლის გაძლიერების კუთხით დადებითი როლის შესრულება შეუძლია.
მომზადებულია The Economist-ის სტატიის მიხედვით.