როგორ გავაშუქოთ აბორტის თემა? - NPR-ის სახელმძღვანელო წესები
03.07.2019
აშშ-ის ეროვნულ-საზოგადოებრივმა რადიომ NPR-მა აბორტის თემის გაშუქების წესები შეიმუშავა.

ამ წესების მიხედვით, აბორტის თემაზე მუშაობისას ჟურნალისტებმა აღარ უნდა გამოიყენონ ტერმინები - “სიცოცხლის დასაცავად” (pro-life) და “აბორტის უფლებისთვის” (pro-choice). თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მათ რომელიმე რესპონდენტი ან სტუმარი გამოიყენებს, მას უცვლელად დატოვებენ.

კონკრეტული ჯგუფებისთვის იარლიყების მიწებების თავიდან ასაცილებლად, NPR ცდილობს, რომ ტერმინის “აბორტის უფლების” ნაცვლად არ თქვას “აბორტის მომხრეები/დამცველები”. აგრეთვე, ამბობს - “კლინიკები, სადაც აბორტის გაკეთებაა შესაძლებელი” და არა “აბორტის კლინიკები”.

NPR-ის წესების მიხედვით, ასევე აკრძალულია ტერმინის - “დაუბადებელი ბავშვის” გამოყენება. სტანდარტში ხაზგასმულია, რომ დაბადებამდე, მუცლადყოფნის პროცესში ის არა უკვე ჩამოყალიბებული ბავშვი, არამედ ნაყოფი/ემბრიონია. ამასთან, NPR-ის სტანდარტის თანახმად, ასევე არასწორია შემდეგი სიტყვების გამოყენება “ნაყოფის გულისცემა”. როგორც წესებში ვკითხულობთ, მუცლადყოფნის დროს, ნაყოფის გულისცემის გასინჯვა მხოლოდ ფეხმძიმობის ექვს კვირის თავზეა შესაძლებელი.

NPR-ის სტანდარტის მიხედვით, ასევე არასწორია შემდეგი ფორმულირება - “ფეხმძიმობის გვიანდელი შეჩერება/გვიანდელი აბორტი”. ნაცვლად ამისა, NRP საკუთარ ჟურნალისტებს სთავაზობს, რომ მათ შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოიყენენონ - “არადამაზიანებელი ექსტრაქცია” ან “ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ აუცილებელი პროცედურული ჩარევა”, რაც სამედიცინო ტერმინებია.

NPR-ის რედაქტორის ელისაბედ ჯენსენის თქმით, სტანდარტის შემუშავების მიზანი ამბის თხრობის ფაქტობრივი სიცხადე და პოლიტკორექტულობაა. მისივე განმარტებით, ტერმინი “სიცოცხლის დასაცავად” ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, ისინი, ვინც აბორტის უფლებას უჭერენ მხარს, ახალ სიცოცხლეს საერთოდ არაფრად აგდებენ.

მანვე აღნიშნა,რომ სტანდარტის შემუშავების კიდევ ერთი მიზეზი განაწყენებული აუდიტორიისგან წამოსული უკმაყოფილებაც იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ დამკვიდრებული ტერმინები საზოგადოებაში აბორტის უფლების მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ წინასწარ, არასწორ წარმოდგენებს აყალიბებდნენ.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ