კანადელ კარიკატურისტს დონალდ ტრამპის და მიგრანტების კარიკატურის გავრცელების შემდეგ კონტრაქტი შეუწყვიტეს
17.07.2019
კანადურმა გამოცემამ Brunswick News Inc-მა კარიკატურისტ მაიკლ დე ადერთან თანამშრომლობა შეწყვიტა. გადაწყვეტილება Twitter-ზე მის მიერ დონალდ ტრამპისა და მიგრანტების თემაზე შექმნილი კარიკატურის გავრცელებას მოჰყვა. ნახატზე ტრამპი გოლფის მოედანზე ორი მიგრანტის გვამის გვერდით დგას და მათ ეკითხება - „წინააღმდეგები ხომ არ იქნებით, თამაში რომ გავაგრძელო?“

გამოცემასთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ Twitter-ზე თავად ადერმა დაწერა და განმარტა, რომ ის გამოცემის არა მუდმივი, არამედ კონტრაქტით დაქირავებული თანამშრომელი იყო და შესაბამისად, სამსახურიდან კი არ „გაათავისუფლეს“, არამედ უბრალოდ კონტრაქტი შეუწყვიტეს.

ტრამპის კარიკატურის გამო მაიკლ დე ადერთან კონტრაქტის შეწყვეტას უარყოფს Brunswick News Inc-ი. გამოცემაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება გახმოვანებამდე ერთი კვირით ადრე მიიღეს და მიზეზი უბრალოდ სხვა კარიკატურისტის დაქირავება იყო.

„არასწორია ინფორმაცია თითქოს Brunswick News Inc-მა მაიკლ დე ადერთან კონტრაქტი დონალდ ტრამპის ბოლო კარიკატურის გამო გაწყვიტა. რეალურად, გადაწყვეტილების მიზეზი მკითხველის საყვარელი კარიკატურისტის გრეგ პერის დაბრუნება იყო, რომელთანაც მოლაპარაკებები კვირების განმავლობაში მიმდინარეობდა“, - ნათქვამია გამოცემის მიერ Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, ფაქტია, რომ გამოცემამ მასზე უარი მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, სწორედ აღნიშნული კარიკატურის გამოქვეყნების ფონზე თქვა.

წყარო: imediaethics.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ