IPSO: მასალაში „სექსი იჯარის სანაცვლოდ“ მამაკაცის ვინაობის გამაჟღავნებით სტანდარტი არ დაურღვეულა
19.08.2019
ბრიტანეთის პრესის რეგულირების ორგანომ (IPSO) მიიჩნია, რომ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობდა და ამიტომ ეთიკური სტანდარტები არ დარღვეულა ბრიტანულ Daily Mail-ის მასალაში, რომელიც საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევას ეხებოდა გამოცემამ ამ საქმეში ჩართული მამაკაცის ვინაობა გაამჟღავნა და ფოტო გამოაქვეყნა.

პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის გამოცემის წინააღმდეგ IPSO-ს საჩივრით ამბის ერთ-ერთმა გმირმა მიმართა. მანვე განაცხადა, რომ გამოცემის რეპორტიორმა მასთან საუბარში ვინაობა დამალა და არ უთქვამს, რომ იგი რეპორტიორი იყო.

საჩივრის საპასუხოდ the Daily Mail-მა განმარტა, რომ სარეკლამო განცხადების ავტორთან („უფასო საცხოვრებელი ქალებისთვის სიახლოვისა და ურთიერთობის სანაცვლოდ“), რომელიც ქალებს საცხოვრებელ ფართს სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ სთავაზობდა, ინფორმაციის გადასამოწმებლად კონტაქტში ანონიმურად შესვლა აუცილებელი იყო.

გამოცემაში ასევე განაცხადეს, რომ მათ საკითხის მოკვლევა სწორედ აღნიშნული განცხადების პოვნის შემდეგ დაიწყეს და იმის გამოძიება გადაწყვიტეს, მართლაც არღვევდა თუ არა ვინმე ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელი ფართის სექსის სანაცვლოდ გაქირავება იკრძალება.

The Daily Mail-მა მიუთითა, რომ აღნიშნული მამაკაცის ვინაობის გამხელით, საზოგადოების გაფრთხილება და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანი იყო. IPSO-მ the Mail-ის არგუმენტაცია გაიზიარა და ასევე მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ნამდვილად საჯარო ინტერესს ემსახურებოდა.

წყარო: imediaethics.org

თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ