TikTok-ი და ჟურნალისტიკა - The Washington Post-ის ექსპერიმენტი
23.08.2019
აპლიკაცია TikTok-ი ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა. 2018 წლის მონაცემებით, აპლიკაცია 660 მილიონზე მეტჯერ ჩამოიწერეს. აშშ-ში კი მას 27 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. TikTok-ი მობილურის უფასო აპლიკაციაა, რომელშიც მომხმარებლები ძირითადად მუსიკის თანხლებით რამდენიმეწამიან ვიდეოებს აკეთებენ და ერთმანეთს უზიარებენ. აპლიკაცია განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდა თაობაშია.

გასულ თვეს, TikTok-ი Apple-ის App Store-ში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია იყო და ისეთ ისეთ სოციალურ ქსელებს უსწრებდა წინ, როგორებიცაა Instagram-ი და Facebook-ი. მიუხედავად TikTok-ის პოპულარობისა, მედია ორგანიზაციები ახალი პლატფორმის ათვისებისგან თავს იკავებენ, თუმცა The Washington Post-ი გამონაკლისია.

The Washington Post-ი TikTok-ზე 3 თვის წინ დარეგისტრირდა, ამ პერიოდში მედიასაშუალებამ აპლიკაციაში 80,000-ზე მეტი მიმდევარი გაიჩინა და მილიონზე მეტი "გულის" რეაქცია მოაგროვა.

TikTok-ზე Washington Post-ის ვიდეოების პროდიუსერი დეივ ჯორჯენსონია. ის მოზარდებისთვის კადრს მიღმა ვიდეოების შექმნისას სერიალ The Office-ის ამერიკული ვერსიის სტილს იყენებს.

"ეს ბავშვები ამ სატელევიზიო შოუს (The Office) პირველად ნახულობენ. ვიცი, ისინი უყურებენ მოახლოებულ კადრებს, რომლებშიც ჯიმ ჰალპერტი კამერას უყურებს, ამიტომ ასეთი ფორმატით გადაღება საუკეთესო გზა აღმოჩნდა, მეჩვენებინა ყველაფერი, რასაც კადრს მიღმა ვაკეთებთ", - აცხადებს ჯორჯენსონი.
გარდა Washington Post-ის ცნობადობის გაზრდისა, მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულმა კონტენტმა თინეიჯერებში ჟურნალისტიკის მიმართ ინტერესიც გამოიწვია. თუმცა, TikToK-ზე Post-ის კონტენტი მხოლოდ ხუმრობებსა და ე.წ "მიმებს" არ მოიცავს. გამოცემა ახალ ამბებსაც აშუქებს, თუმცა ისეთი ფორმატით, რომელიც პლატფორმის კონცეფციას ერგება. მაგალითად, ჯორჯენსონმა გადაიღო 40-წამიანი სკეტჩი, რათა გაეშუქებინა სიახლე იმის შესახებ, რომ Disney-სა და Sony-ის უთანხომების გამო "ადამიანი ობობა" Marvel-ის კინოსამყაროში აღარ გამოჩნდებოდა. 




მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე აპლიკაციასთან დაკავშირებით მონეტიზაციის სტრატეგია არ არსებობს, ჯორჯენსონი იმედოვნებს, რომ TikTok-ი გამოცემისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ იქცევა.

"მოგწონთ ეს თუ არა, ამ აპლიკაციაში დარეგისტრირებული ადამიანები მომავლის ადამიანები არიან. ბიზნესის თვალსაზრისით, ვერ ვხვდები რატომ არ უნდა მიაქციოთ ამას ყურადღება. ეს გაზეთისთვის შესანიშნავი შემოქმედებითი და კოლაბორაციული სივრცეა", - აღნიშნავს პროდიუსერი.

ჟურნალისტებისთვის აპლიკაციის პირველად ნახვა შესაძლოა დამაბნეველი იყოს. როგორც კი TikTok-ს გახსნით, პოპულარული ვიდეოები ჩაირთვება. პლატფორმის გასაცნობად საუკეთესო გზა ტრენდული ჰეშთეგების, მუსიკისა და ეფექტების დათვალიერებაა. ხოლო მათგან განსხვავებით, ვინც ფიქრობს, რომ TikTok-ი მორიგი დროებითი ტრენდია Vine-ის მსგავსად, რომელმაც 4 წელზე ნაკლებ დროში შეწყვიტა მუშაობა, ჯორჯენსონი მიიჩნევს, რომ პლატფორმას ბევრად ხანგრძლივი მომავალი აქვს.




წყარო: www.journalism.co.uk

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ