კეიტ (კატრინ) ედი - BBC-ის ომის ვეტერანი ჟურნალისტი
19.09.2019
კეიტ (კატრინ) ედი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და BBC-ის ომის ვეტერანი რეპორტიორია. 34-წლიანი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში, ედს არაერთი კონფლიქტი აქვს გაშუქებული, მათ შორის, ჩინეთში, ლიბიაში, კოსოვოსა და კუვეიტში.

ამასთან, კეიტ ედი რამდენიმე ყველაზე გაყიდვადი წიგნის ავტორიცაა, მათ შორის:

  • “უცხოთა სიკეთე” (The Kindness of Strangers);
  • “კორსეტები კამუფლაჟისთვის: ქალები და ომი” (Corsets to Camouflage: Women and War);
  • “არავის შვილი” (Nobody's Child);
  • “საფრთხეში: ადამიანები, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სამსახურის გამო რისკავენ” (Into Danger: People Who Risk Their Lives for Work);
  • “ბრძოლა საშინაო ფრონტზე: ქალების მემკვიდრეობა პირველ მსოფლიო ომში” (Fighting on the Home Front: The Legacy of Women in World War One).
altკეიტ ედიმ ჟურნალისტური საქმიანობა ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიაში ახალი ამბების რეპორტიორად დაიწყო და მალევე BBC-ზე აღმოჩნდა. ედის BBC-სთან თანამშრომლობა BBC Radio Durham-ის სადგურის ასისტენტის პოზიციიდან დაიწყო. 1979 წელს კი, იგი უკვე BBC News-ს შეუერთდა.

1980 წლის მაისში, როდესაც ლონდონში მდებარე ირანის საელჩო, სადაც ტერორისტებს საელჩოს თანამშრომლები მძევლებად ჰყავდათ აყვანილი, ბრიტანეთის არმიის სპეციალურმა საჰაერო სამსახურმა (SAS) ალყაში მოაქცია და მასზე შტურმი მიიტანა, კეიტ ედი BBC News-ის მორიგე რეპორტიორი იყო. მაშინ BBC-მ მომხდარის გამო, ერთ-ერთი ჩემპიონატის ტრანსლირება შეწყვიტა და კეიტ ედი საელჩოზე შტურმს, მრავალრიცხოვანი აუდიტორიისთვის, პირდაპირ ეთერში, მანქანის კარის უკნიდან, აფეთქებებისა და სამართალდამცველების გარემოცვაში აშუქებდა.

altმისი კარიერული წინსვლაც სწორედ აქედან დაიწყო. მოგვიანებით, ირანის საელჩოზე მიტანილი შტურმის შესახებ ფილმიც გადაიღეს სახელწოდებით - “ექვსი დღე” (6 Days), რომელშიც კეიტ ედის როლს მსახიობი ები კორნიში ასრულებს.

ირანის საელჩოს ინციდენტის შემდეგ, ედიმ ბუნებრივი კატაკლიზმების, კონფლიქტური სიტუაციებისა და ომის შესახებ არაერთი ამბავი გააშუქა. მათ შორის, “პრობლემები” ჩრდილოეთ ირლანდიაში, 1986 წელს აშშ-ის მიერ ტრიპოლის დაბობმბვა (მის მიერ აღნიშნული ამბის გაშუქება კონსერვატული პარტიის თავმჯდომარემ ნორმან ტბიტმა გააკრიტიკა) და 1988 წელს ლოკარბის დაბომბვა.

1989 წელს კეიტ ედი BBC News-ის მთავარი კორესპონდენტის პოზიციაზე დააწინაურეს, სადაც იგი 14 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2003 წელს მან BBC News-ში მთავარი კორესპონდენტის პოზიცია დატოვა საქმიანობა დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატუსით განაგრძო. ამჟამად იგი BBC Radio 4-თან და Radio New Zealand-თან სწორედ ამ ფორმატში თანამშრომლობს.

altჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, კეიტ ედისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი 1989 წელი იყო, როდესაც იგი ჩინეთში, ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე პროტესტს აშუქებდა. ედის გადამღები ჯგუფი ერთადერთი იყო, ვინც იმ მომენტისთვის მოედანზე აღმოჩნდა და მათ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების მიმართ გამოვლენილი სისასტიკის დოკუმენტურად აღბეჭდვა და საზოგადოებისთვის ჩვენება შეძლო. “ჩვენ იქ ვიყავით და შევძელით იმის გადაღება, რაც მათ ჩაიდინეს, თუმცაღა ამის წაშლის სურვილი ჰქონდათ”, - თქვა მოგვიანებით კეიტ ედიმ.

ამის შემდეგ იყო სპარსეთის ყურის ომი, ომი იუგოსლავიაში, ომი ბოსნიაში, 1994 წელს რუანდის გენოციდი და 2000 წელს ომი სიერა ლეონეში - ყველა ამ ადგილას კეიტ ედი მოვლენების შუაგულში იყო და საზოგადოებას საომარი ზონიდან უახლეს ინფორმაციას აწვდიდა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა, რამდენჯერმე ფიზიკური დაზიანებაც მიიღო. საბედნიეროდ, ფატალური შედეგი არცერთ შემთხვევაში დამდგარა და მან გამოჯანმრთელება მალევე შეძლო.

გამორჩეული და საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრებისთვის კეიტ ედის ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ჯილდოც აქვს მიღებული.

თეგები : ბიოგრაფია;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ