კელი და პომპეო: ჟურნალისტის ოსტატური ბრძოლა მანიპულატორთან
29.01.2020
მერი ლუის კელიმ, საზოგადოებრივ-ეროვნული რადიოს წამყვანმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან, უკრაინის შესახებ ინტერვიუს დროს აჩვენა მასტერლკლასი, როგორ უნდა გაუმკლავდე მანიპულატორს და მას, ვისი მიზანიც საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა.

რეპონდენტს საკუთარი დღის წესრიგის შექმნის უფლება არ მისცეთ

როგორც მერი კელიმ განმარტა, მიუხედავად წინა დღეს პომპეოს თანამშრომლებთან შეთანხმებისა, რომ სახელმწიფო მდივანთან მისი ინტერვიუ სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისაც შეეხებოდა, პომპეომ ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის არიდება სცადა. კელიმ მას, ასე ვთქვათ, „ხომალდის მართვის“ შესაძლებლობა არ მისცა და თემას იმდენჯერ დაუბრუნდა, რამდენჯერაც პომპეომ მისგან გაქცევა სცადა.

ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე

პომეოსთან კელიმ სრული სიმშვიდე შეინარჩუნა, მაშინაც, კი, როდესაც მან ტონს აუწია და ამით მის ვერბალურ მხარეს სიძლიერე შესძინა. კელი საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ, მშვიდად და შეუვალად იდგა.

გამონახეთ დრო კითხვისთვის

კელის პომპეოსთან სასაუბროდ მხოლოდ ათი წუთი ჰქონდა და მან დარწმუნებით გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო მდივანთან ყურადღებას არა მხოლოდ ირანზე, არამედ უკრაინაზეც გაამახვილებდა. კელი მშვიდად განაგრძობდა ინტერვიუს და პომპეოს მიტყუების ან თემის შეცვლის საშუალებას არ აძლევდა. ინტერვიუს ასეთი ფორმით წარმართვა იმის შანსებს ამცირებს, რომ ჟურნალისტი მიზანმიმართულად დამაბნეველ განცხადებებს წამოეგება.

არ მისცეთ თქვენი გადაფარვის ნება

მანიპულატორი ადამიანების ერთ-ერთი ტაქტიკა გადაფარვის მიზნით, დიალოგში თქვენთან ერთად პარალელურ რეჟიმში საუბარი, რასაც იქამდე აგრძელებს, ვიდრე ბუნებრივად უკან არ დაიხევთ. შესაბამისად, როდესაც იცით, რომ ეს მოსაუბრის მიზანმიმართული ტაქტიკაა, მას ამის საშუალება არ მისცეთ, განაგრძეთ საუბარი და უკან არ დაიხიოთ.

მუდმივად გაიმეორეთ ფაქტები

მანიპულატორთან ინტერვიუს დროს აღიჭურვეთ ფაქტებით, წინასწარ მოემზადეთ დიალოგისთვის და ჩაატარეთ მოკვლევა თემის ირგვლივ. ფაქტები შესაბამისი მასალით დაასაბუთეთ, იქნება ეს ოფიციალური დოკუმენტები, თუ ვიდეოჩანაწერები. ამასთან, მზად იყავით იმისთვის, რომ გეტყვიან, თითქოს თქვენი მტკიცებულებები სინამდვილეს არ შეესაბამება. თუკი იმის შესაძლებლობა გაქვთ, რომ დოკუმენტის წყარო ფრთხილად და ეთიკურად დაასახელოთ, ასეც მოიქეცით. სწორედ ასე მოიქცა კელიც - პომპეოსთან ინტერვიუს დროს იგი კონკრეტული ციტატებითა და სახელებით იყო შეიარაღებული და როდესაც პომპეომ სცადა კითხვისთვის იმაზე მითითებით აერიდებინა თავი, რომ თითქოს მან არ იცოდა, რომელ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით საუბრობდა ჟურნალისტი, კელიმ მყისვე მისი სახელი უთხრა და იმაზეც მიანიშნა, თუ სად გააკეთა მან აღნიშნული განცხადება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხის შესახებ დაისვას დამაზუსტებელი კითხვები, რომელზეც რესპონდენტი მიუთითებს. სწორედ კელის მიერ ერთ-ერთი ასეთი კითხვის დროს, პომპეომ ამბის დეტალის დაზუსტება ვეღარ შეძლო და ჟურნალისტის მიერ დასმულ დამაზუსტებელ კითხვას ვერ უპასუხა.

არ მისცეთ რესპონდენტს საშუალება, რომ თავი წამებულად წარმოაჩინოს

მანიპულატორი ადამიანების ერთ-ერთი ტაქტიკა თავის წამებულად წარმოჩენაა. ინტერვიუს დროს ისინი ისე იქცევიან, თითქოს ჟურნალისტი მათ დაჩაგვრას ცდილობს და ისინი ამას, როგორც წესი, დიდი სიხარულით აკეთებენ. კელიმ ინტერვიუს დროს სახელმწიფო მდივანს ამ როლის მორგების საშუალება არ მისცა, გამუდმებით უსვამდა დამაზუსტებელ კითხვას და მიუთითებდა, რომ მას სურდა სახელმწიფო მდივნისთვის პასუხის გაცემის შესაძლებლობა მიეცა.

გამოააშკარავეთ ტყუილი

მანიპულატორები აუცილებლად იტყვიან, რომ მათ თქვენთვის ამა თუ იმ თემაზე საუბრის თანხმობა არ მოუციათ. ასე მოიქცა პომპეოც, როდესაც კელის პირდაპირ ეთერში უთხრა, რომ ის მასთან უკრაინის თემის განხილვას არ დათანხმებია, რაზეც კელიმ მყისვე მიუთითა, რომ ეს ასე არ იყო და რომ აღნიშნული მას თანამშრომლებთან ინტერვიუმდე ერთი დღით ადრე შეთანხმდა. ამ განცხადებით, კელიმ პომპეო არა მხოლოდ ტყუილში ამხილა, არამედ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მას იმის მტკიცებულება აქვს, რომ ან სახელმწიფო მდივანი ტყუის ან მისი თანამშრომლები მათზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ.

როდესაც ინტერვიუს ფაქტებით შეიარაღებული წარმართავ მანიპულატორებს მანიპულაციისა და სინამდვილის შეცვლის მინიმალური შანსები რჩებათ. ინტერვიუს დროს იყავით მტკიცენი და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისე, როგორც კელი მოიქცა. იცოდე თემა და მოიმარაგე მტკიცებულებები და რაც ყველაზე მთავარია - შეისწავლე მანიპულატორების ტაქტიკა.

მომზადებულია Forbes.com-ის სტატიის გამოყენებით.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ