შესწორება: RSF აზუსტებს, რომ თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ არ აუკრძალავთ
31.03.2020
რედაქციის შენიშვნა: მასალას თავდაპირველად ერქვა "თურქმენეთში კორონავირუსი აკრძალეს". ის ეფუძნებოდა,  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს" მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას. იმ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ თურქმენეთის ხელისუფლებამ სიტყვა “კორონავირუსი” აკრძალა. RSF მიიჩნევდა, რომ ეს პანდემიის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვის კუთხით რადიკალური ნაბიჯია

ამ მასალის გამოქვეყნებიდან 2 დღის შემდეგ, ორგანიზაციამ გამოაქვეყნა შესწორება, რომელშიც დაზუსტებულია, რომ თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ არ აუკრძალავთ. ორგანიზაცია მის მიერვე ორი დღის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო ბოდიშს იხდის.

„სამწუხაროდ, 31 მარტს ჩვენ მიერ გამოქვეყნებული სტატია, არასწორ ინფორმაციას ეყრდნობოდა და თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ არ აუკრძალავთ, - აცხადებენ ორგანიზაციაში და დაშვებული შეცდომისთვის მკითხველს ბოდიშს უხდიან. მათივე განმარტებით, აღმოჩენილი შეცდომა შეძლებისდაგვარად მალე გასწორდა. 



მასალის პირველი ვერსია შემდეგი შინაარსის იყო:

თურქმენეთის ხელისუფლებამ სიტყვა “კორონავირუსი” აკრძალა. მედიის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აცხადებს, რომ ეს პანდემიის შესახებ ინფორმაციის შეზღუდვის კუთხით რადიკალური ნაბიჯია.  „თურქმენეთის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას საფრთხეში აგდებს“, - ნათქვამია, ორგანიზაციის განცხადებაში.

სიტყვის გამოყენება ქვეყანაში მოქმედ ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა, გარდა ამისა, ის ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული იმ ბროშურებიდანაც ამოიღეს, რომლებიც სკოლებში, ასევე სხვადასხვა სამუშაო ადგილებში ვრცელდებოდა.

RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა ჟან კაველემ თქვა, რომ „მსგავსი აკრძალვა თურქმენეთის მოსახლეობას აყენებს რისკის ქვეშ და პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მიერ დამყარებულ ავტორიტეტს აძლიერებს“.

„სართაშორისო საზოგადოებას შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ“, - დასძინა მანვე.

თურქმენეთის მოსახლეობა კორონავირუსის შესახებ ცალმხრივ ინფორმაციას ფლობს და ხელისუფლების განცხადებით, ამ მომენტამდე ქვეყანაში COVID19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ აქვთ.

ასევე, ცნობილია, რომ მოსკოვში თურქმენეთის საელჩო ჟურნალისტებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაზე ამბობს უარს, რამდენმა მოქალაქემ გამოთქვა სამშობლოში დაბრუნების სურვილი.

პრესის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, თურქმენეთი ერთ-ერთი ჩაკეტილი სახელმწიფოა და ხელისუფლება ყველა ადგილობრივ მედიასაშუალებას აკონტროლებს. ამასთან, მთავრობა იმ ჟურნალისტებს დევნის, რომლებიც აკრძალულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობენ. ინტერნეტთან წვდომაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს, და ამავე დროს, ინტერნეტით ხელმისაწვდომი ინფორმაცია მკაცრ ცენზურას გადის. მაგალითად, კაფეში ინტერნეტით სარგებლობის დროს, მომხმარებელი ვალდებულია, რომ პირადობის მოწმობა წარადგინოს.


გარეკანის ფოტო: RSFIgor SASIN / AFP


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ