BBC-ს ახალი გენერალური დირექტორი ხელმომწერებზე გადასვლის იდეას არ ემხრობა
22.09.2020
BBC-ის ახალი დირექტორი ტიმ დეივი სალიცენზიო გადასახადიდან ხელმომწერთა სერვისზე გადასვლის წინააღმდეგია. იგი ფიქრობს, რომ მსგავსი ცვლილებით BBC სხვა მედიაკომპანიად გადაიქცევა, რომელიც მხოლოდ “მცირერიცხოვანი” აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი”. დეივი კომპანიაში სხვა ცვლილებებსაც აპირებს.

ტიმ დეივმა თანამშრომლებს უთხრა, რომ მათ საქმიანობაში “ფოკუსი მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს. დეივი ფიქრობს, რომ BBC ახლა “მნიშვნელოვანი რისკის” წინაშე დგას და „თუ არსებული ტენდენციები შენარჩუნდება”, BBC აუდიტორიისთვის შეუცვლელი ვეღარ იქნება: “ჩვენ უნდა განვვითარდეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ის, რაც ჩვენთვის ასე ძვირფასია“.

დირექტორის აზრით, BBC-ის ხელმომწერების სისტემაზე გადასვლით ღირსეული ბიზნესის შექმნა შეიძლება, თუმცა ეს მას სრულიად სხვა კომპანიად აქცევს, რომელიც მხოლოდ “სპეციფიკურ ჯგუფებს ემსახურება”. დეივიმ BBC-ის “შესანიშნავი ეროვნული წარმატება” უწოდა და ხაზგასმით თქვა, რომ მთელს ბრიტანეთში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში, ყველა ჯგუფის წარმომადგენლებში, ხალხი უნდა გრძნობდეს, რომ BBC მათთვის მუშაობს და არა საკუთარი ინტერესებისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ BBC-ის პრიორიტეტი მიუკერძოებლობისადმი ერთგულების კიდევ უფრო განმტკიცება უნდა იყოს და ამის მიღწევა ყველაზე პოლარიზებულ დროშიც კი შესაძლებელია: “საქმე მარტივად მემარჯვენე ან მემარცხენე მხარეებში არ არის. საუბარი უფრო მეტად იმაზეა გრძნობს თუ არა ხალხი, რომ ჩვენ სამყაროს მათი გადმოსახედიდან ვხედავთ. კვლევბი აჩვენებს, რომ ბევრი ჩვენგან საკითხების კონკრეტული პერსპექტივით წარმოჩენას ელოდება”.

“თუ გინდათ იყოთ თვითდაჯერებული მესვეტე ან სოციალურ მედიაში პარტიზანული კამპანიის მწარმოებელი, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ ამ შემთხვევაში BBC-ში თქვენი ადილი არ არის”, - უთხრა მან თანამშრომლებს.

მან ამ კონტექსტში თანამშრომლების ქცევის ახალ სახელმძღვანელო წესებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ თითეული თანამშრომლის სოციალურ მედიაში ქცევის სავალდებულო წესები ზედმიწევნით გაკონტროლდება.

დეივიმ ასევე აღნიშნა, BBC კონცენტრირებული უნდა იყოს უნიკალურ, მაღალეფექტიან საქმიანობაზე, რომელიც არაერთგული მაყურებლის ყურადღებასაც კი მიიპყრობს.

დეივი, კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, BBC-ში შემცირებებსაც გეგმავს. მან კომპანიის თანამშრომლებს შორის არსებული ბიუროკრატიის შემცირება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოყო და თქვა, რომ “გაუქმდება უსარგებლო კომიტეტები და შეხვედრები”. დეივიმ ხარჯების შემცირებაც დააანონსა.

მანვე წუხილი გამოთქვა, რომ BBC აქამდე უფრო მრავალფეროვან და ინკლუზიურ ორგანიზაციად არ იქცა, რომელიც თითოეული ჯგუფის ინტერესების უფრო მკაფიო გამომხატველი იქნებოდა. მან პირობა დადო, რომ იგი იმუშავებს ამ მიმართულებით BBC-ის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რათა მან “კიდევ უფრო თვალსაჩნოდ ასახოს ის საზოგადოება, რომელსაც იგი ემსახურება”.

ტიმ დეივის სამომაველო გეგმების პრიორიტეტებში ასევე შედის ონლაინმომსახურებიდან უფრო მეტი სარგებლის მიღება და რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ზრდა.

წყარო: bbc.com

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ