რატომ გადადგა CNN-ის პრეზიდენტი?
03.02.2022
2 თებერვალს CNN-ის პრეზიდენტი ჯეფ ზაკერი, თანამშრომელთან ურთიერთობის გამო, გადადგა.



რა მოხდა?

CNN-ის ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო, როდესაც ახალი ამბების გავლენიანმა მმართველმა, ოთხშაბათს დილით გამოაცხადა, რომ თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებდა.
  • მოულოდნელ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ზაკერმა CNN-ის მთავარ აღმასრულებლებთან ისაუბრა და მიანიშნა, რომ გამოცემაში მცირე დროით დარჩენა და სკანდალის გარეშე წასვლა სურდა.
  • თუმცა, გამოცემა საქმეში მონაწილე ორ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თუ ზაკერი თავისი ნებით არ გადადგებოდა, მას გადაყენება ემუქრებოდა.

რატომ გადადგა ზაკერი?

ჯეფ ზაკერმა ამ გადაწყვეტილებამდე ორი თვით ადრე, 4 დეკემბერს CNN-ის ცნობილი წამყვანი კრის კუომო სამსახურიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ ის ძმას, ენდრიუ კუომოს სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებისგან დაცვაში ეხმარებოდა თავის ჟურნალისტურ სტატუსსა და გავლენას იყენებდა.

ვრცლად ამ თემაზე: რატომ გაათავისუფლა რეიტინგული ტელეწამყვანი CNN-მა?

  • ჯეფ ზაკერი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც კრის კუომოს საქმის გამოძიების ფარგლებში, თავის უახლოეს კოლეგასთან ურთიერთობის შესახებ დაუსვეს კითხვა.
  • ჯეფ ზაკერს ურთერთობა ელისონ გოლუსტთან აქვს, რომელიც CNN-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და მარკეტინგის მთავარი ოფიცერია.
  • ზაკერმა და გოლუსტმა ერთად მუშაობა 1998 წელს, NBC-ში დაიწყეს. შემდეგ ზაკერი CNN-ში გადავიდა და გოლუსტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავისთან დაასაქმა.

ჯეფ ზაკერის თქმით: „ვაღიარე, რომ ეს ურთიერთობა ბოლო წლებში განვითარდა. ურთიერთობის დაწყებისთანავე ვიცოდი, რომ მომეთხოვებოდა მისი გამჟღავნება, მაგრამ არ გავაკეთე. შევცდი.“

ელისონ გოლუსტის თქმით: "მე და ჯეფი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით ახლო მეგობრები და პროფესიონალი პარტნიორები. ჩვენი ურთიერთობა ცოტა ხნის წინ, COVID-ის პანდემიის დროს შეიცვალა. ვნანობ, რომ ეს დროულად არ გავამჟღავნეთ“.

CNN-ის მფლობელი კომპანიის, WarnerMedia-ს კორპორატიული ეთიკის პოლიტიკა

  • თანამშრომლებმა არ უნდა დაიქირაონ ადამიანი, ვისთანაც აქვთ პირადი ურთიერთობა.
  • იმ შემთხვევაში კი, თუკი მას პირადი ურთიერთობა ან ბიზნესი აქვს თანამშრომელთან, რომლის დასაქმებაზე, წინსვლაზე ან დაქირავებაზე შეუძლია გავლენა იქონიოს, წინასწარ უნდა აცნობოს ადამიანური რესურსების (HR) დეპარტამენტს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ