გაითიშება თუ არა ევროპაში ფეისბუქი და ინსტაგრამი - დეტალები და მოლოდინები
09.02.2022
თუ ევროკავშირი ტრანსატლანტიკური მონაცემების გაცვლის ახალ ჩარჩოს არ მიიღებს, Meta ევროპაში ფეისბუქსა და ინსტაგრამს გათიშავს.


რა ხდება?


აშშ-ის უსაფრთხოებისა და მიმოცვლის კომისიისთვის წარდგენილ 2021 წლის ანგარიშში Meta აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სერვისებს (Facebook, Instagram, Whatsapp და სხვა) გათიშავენ, თუ ევროკავშირი კანონმდებლობით არ დაუშვებს მონაცემთა მიმოცვლას ევროპიდან აშშ-ში.

რას ითხოვს ევროპული კანონმდებლობა?


  • მომხმარებლების მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული რეგულაციები, კომპანია Meta-ს უფლებას არ აძლევს, რომ ევროპელების მონაცემები აშშ-ში სერვერებზე გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშავოს.
  • Meta ირწმუნება, რომ მომხმარებლების მონაცემების დამუშავება მნიშვნელოვანია, რათა რეკლამის გაშვების დროს სამიზნე აუდიტორია სწორად შეირჩეს.


Meta-ს პოზიცია: „ჩვენ აბსოლუტურად არანაირი სურვილი და არანაირი გეგმები არ გვაქვს ევროპა დავტოვოთ, მაგრამ მარტივი რეალობა იმაშია, რომ Meta, ბევრი სხვა ბიზნესი, ორგანიზაციები და სერვისები დამოკიდებულები ევროკავშირსა და ამერიკას შორის მონაცემთა ცვლაზე“.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის პოზიცია: "ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი წინააღმდეგობას გაუწევს მათ და დაიცავს თავის სუვერენიტეტს".

როდის გააქტიურდა დავა


  • 2020 წლამდე ამერიკულ კომპანიებს შეეძლოთ, რომ ტრანსატლანტიკური მონაცემების გადაცემის ლეგალურ ჩარჩოდ ე.წ. Privacy Shield გამოეყენებინათ.
  • მაგრამ 2020 წლის ივლისში ევროპულმა სასამართლომ, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის დარღვევების გამო, ეს ხელშეკრულება გააუქმა.
  • ევროსასამართლოს მიაჩნია რომ ხელშეკრულების სტანდარტი ევროპის მოქალაქეების პირად ინფორმაციას სათანადოდ ვერ იცავს.
  • შედეგად, ამერიკულ კომპანიებს შეეზღუდათ ევროპელი მომხმარებლების მონაცემების გაგზავნა ამერიკაში.

რას უნდა ველოდოთ?


ევროკომისიის ინფორმაციით, მონაცემთა გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, კომისიის სპიკერმა Bloomberg-თან განაცხადა, რომ განხილული საკითხების სირთულიდან გამომდინარე, გარკევული დროა საჭირო, რათა კონფიდენციალურობისა და ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით დამყარდეს ბალანსი.

  • ჩემი შეფასებით, ევროპიდან გასვლის შანსები ნულის ტოლია“, - ამბობს გამოცემა slate.com-თან საუბრისას მარიტჯი შააკი, სტენფორდის უნივერსიტეტის კიბერპოლიტიკის ცენტრის საერთაშორისო პოლიტიკის დირექტორი, რომელიც ნიდერლანდებიდან ევროპარლამენტის წევრი იყო.
  • შააკი ამბობს, რომ Meta-სთვის ევროპის ბაზარი ზედმეტად მნიშვნელოვანია. Meta-ს მომხმარებელთა ბაზის 15% ევროპიდანაა. მათ საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვთ და მეტას შემოსავლის დაახლოებით მეოთხედს ავსებენ.
  • შააკი 2021 წლის ავსტრალიის მაგალითსაც იხსენებს, როდესაც Meta-მ ავსტრალიელი მომხმარებლებისთვის დროებით აკრძალა ახალი ამბების სტატიების გაზიარება ფეისბუქზე. მიზეზი კი ავსტრალიის მიერ შემოღებული კანონი იყო, რომელიც აიძულებდა პლატფორმებს, რომ კონტენტის შინაარსში გამომცემლებისთვის ფული გადაეხადათ.
  • Meta-მ აკრძალვა მას შემდეგ შეამსუბუქა, რაც მთავრობა დაჰპირდა, რომ კომპანიას შეეძლო თვითონ მოლაპარაკებოდა გამომცემლებს. შააკს ეს მაგალითი იმის საჩვენებლად მოჰყავს, რომ ავსტრალიელები ფეისბუქის მომხმარებლების 0.5%-ს შეადგენენ და ევროპის ბაზარი Meta-სთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლები ევროპაში

  • statista.com-ის თანახმად, ევროპაში ფეისბუქის მომხმარებელთა რიცხვი სტაბილურად მზარდია. 2021 წლის მეოთხე კვარტალში ფეისბუქს ევროპაში 427 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.
  • ეს რიცხვი 2012 წელთან შედარებით, 61%-ით არის გაზრდილი.
  • ყოველწლიურად მზარდია ინსტაგრამის მომხმარებელთა რიცხვიც. ევროპაში ყველაზე მეტი - 27 მილიონზე მეტი მომხმარებელი ინსტაგრამს გერმანიაში ჰყავს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ