24.10.2022
რა მოხდა?
რუსულ ტელევიზიაში, 20 ოქტომბერს გასულ გადაცემაში წამყვანმა ანტონ კრასოვსკიმ თქვა, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია უნდა “დაახრჩო ან დაწვა”. რუსმა ტელეწამყვანმა თქვა ისიც, რომ “უკრაინა არ უნდა არსებობდეს”.
- წამყვანმა ამ ფრაზებით გადაცემის სტუმრის, რუსი მწერლის სერგეი ლუკიანენკოს მიერ მოყოლილ ამბავს უპასუხა იმის შესახებ, “როდესაც 1980-ან წლებში მწერალი უკრაინაში ცავიდა, იქაურმა ბავშვებმა უთხრეს, რომ უკეთესად იცხოვრებდნენ, მოსკოვის მათი ქვეყანა, რომ არ დაეპყრო.”
- წამყვანმა “იხუმრა” რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ქალების გაუპატიურების შესახებ ცნობებზეც.
ანტონ კრასოვსი ომის მომხრე ტელეწამყვანია “რაშა თუდეიზე”. პროპაგანდისტულ არხს ევროკავშირის მიერ სანქციები აქვს დაწესებული.
უკრაინის პასუხი
“რაშა თუდეიზე” გასული გადაცემის ჩანაწერი “ტვიტერზე” რუსული მედიის მონიტორმა ჯულია დევისმა გაავრცელა. ვიდეო მოგვიანებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადააზიარა და იმ ხელისუფლებებს, რომლებსაც “რაშა თუდეი” არ აუკრძალავთ ამ ფრაგმენტის ნახვისკენ მოუწოდა.
- “ აი რის მხარეს ხართ, თუკი “რაშა თუდეის” თქვენს ქვეყნებში მუშაობის უფლებას აძლევთ. აგრესიული გენოციდის წაქეზება (ამ ადამიანს ამის გამო გავასამართლებთ), რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ “რაშა თუდეი” მთელ მსოფლიოში” - წერს დმიტრო კულება.
რას ამბობს თავად არხი?
24 ოქტომბერს “რაშა თუდეის” მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა “ტელეგრამზე” დაწერა, რომ არხმა ეთერში გასული “ამაზრზენი” განცხადებების გამო ტელეწამყვან ანტონ კრასოვსკისთან თანამშრომლობა შეაჩერა.
“უკრაინელი, ასევე დონბასელი ბავშვებისა და ყველა სხვა ბავშვისთვის, ვისურვებ, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მათ კვლავ მშვიდად იცხოვრონ და ისწავლონ იმ ენაზე, რომელსაც მშობლიურად მიიჩნევენ.” - წერს სიმონიანი.
კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებით, არხი წამყვანის მოსაზრებებს არ იზიარებს.