ყველაფერი, რაც ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენაზე ვიცით
28.10.2022
მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ერთ-ერთი პოპულარული და გავლენიანი სოციალური ქსელის “ტვიტერის” მფლობელი გახდა.

  • კომპანია Tesla-სა SpaceX-ის ხელმძღვანელმა “ტვიტერი” 44 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყიდა.
  • “ ჩიტი გათავისუფლებულია” - ამ ტვიტით მიანიშნა მასკმა კომპანიის შესყიდვის შესახებ 28 ოქტომბრის დილას. “ტვიტერის” ლოგო ლურჯი ჩიტია.
  • 28 ოქტიმბრიდან “ტვიტერის” აქციები საფონდო ბირჟაზე აღარ გაიყიდება.
ილონ მასკის მიერ “ტვიტერის” შეძენა კომპანიაში გარდაუვალ ცვლილებებს გამოიწვევს. ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა მასკი სოციალურ ქსელთან მიმართებით მუდმივად ახსენებს “სიტყვის თავისუფლებას”.

ილონ მასკის პირველი გადაწყვეტილება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, “ტვიტერის” შესყიდივისთანავე მასკმა კომპანიის ხელმძღვანელები გაათავისუფლა.

საუბარია კომპანიის აღმასულებელ, ფინანსურ და იურიდიულ დირექტორებზე, რომლებიც 27 ოქტომბრის საღამოს "ტვიტერის" სან-ფრანცისკოს მთავარი ოფისიდან გაიყვანეს.

მასკი ამბობს, რომ სოციალური ქსელი “კაცობრიობის დასახმარებლად” შეიძინა და სურს “ცივილიზაციას საერთო ციფრული თავშეყრის ადგილი ჰქონდეს”

  • ილონ მასკმა “ტვიტერის” აქციების შესყიდვა ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში დაიწყო.
  • მარტში ცნობილი გახდა, რომ ის კომპანიის 5%-იანი წილი მოაგროვა და მომდევნო თვეს “ტვიტერის” ყველაზე დიდი აქციონერი გახდა.
  • აპრილის ბოლოს მასკმა “ტვიტერის” შესყიდვის შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა მომდევნო თვეებში აზრი შეიცვალა და თქვა, რომ კომპანიის შეძენა აღარ სურდა.
  • ივლისში “ტვიტერმა” ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა მილიარდერს მიღწეული შეთანხმება შეესრულებინა.
  • ოქტომბერში მასკმა იმ პირობით, რომ სასამართლო პროცესი შეჩერებულიყო, კომპანიის შეძენის გეგმები განაახლა.
  • სასამართლომ მხარეებს შეთანხმების დასრულებისთვის ვადა 28 ოქტომბრამდე მისცა.

რას ამბობს ახალი მფლობელი?

ილონ მასკმა “ტვიტერის” ყიდვისთანავე, თავის გვერდზე რეკლამის განმთავსებლებს ვრცელი წერილით მიმართა.

წერილში მილიარდერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სოციალური ქსელი შეიძინა:

  • ცივილიზაციას უნდა ჰქონდეს ერთიანი ციფრული სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დებატები განსხვავებულ შეხედულებებზე ჯანსაღი წესით, ძალადობის გარეშე.
  • “ტვიტერი არ მიყიდია იმისთვის, რომ მეტი ფული ვიშოვო, ეს გავაკეთე იმისთვის, რომ ვეცადო დევახმარო კაცობრიობას, რომელიც მიყვარს”
  • „ტვიტერი, ცხადია, ვერ გახდება ყველასთვის თავისუფალი ადგილი, სადაც ყველაფრის თქმა შედეგების გარეშე იქნება შესაძლებელი”
  • “პლატფორმა უნდა იყოს თბილი და მიმღები ყველას მიმართ.”

მასკის თქმით, “ტვიტერის” მომხმარებლების საჭიროებისთვის რეკლამები რელევანტური უნდა გახდეს. ასეთი რეკლამები კონტენტი იქნება, რომელიც გაართობს ან ინფორმაციას მიაწოდებს მომხმარებლებს იმ სერვისის, პროდუქტისა თუ მედიკამენტის შესახებ, რომლის არსებობაზე არც იცოდნენ, თუმცა მათთვის საინტერესოა. ნაკლებად რელევანტურ რეკლამებს კი მასკი “სპამს” უწოდებს.

მანამდე, 4 ოქტომბერს მასკმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ სოციალური ქსელის ყიდვა დააჩქარებდა “ყველაფრის აპლიკაციის” შექმნას.

The Guardian-ის ინფორმაციით, “ყველაფრის აპლიკაციაში” ილონ მასკი, სავარაუდოდ, ჩინური მრავალფუნქციური პლატფორმის WeChat-ის მსგავს აპლიკაციას გულისხმობს.

“ტვიტერზე” მოსალოდნელია დაბლოკილი ადამიანების დაბრუნებაც, მათ შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რომელიც “ტვიტერმა” 2021 წლის 8 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაზე ტრამპის მხარდამჭერების მიერ მიტანილი შტურმის შემდეგ დაბლოკა. კომპანიის მიზანი იყო თავიდან აეცილებინა ტრამპის ტვიტების მიერ ძალადობის წაქეზების რისკი.

ილონ მასკმა “ტვიტერის” ამ გადაწყვეტილებას “სულელური” უწოდა. მასკი წარსულში აკრიტიკებდა “ტვიტერის” კონტენტის მოდერაციის პოლიტიკას და ის პლატფრომაზე ადამიანების სამუდამოდ დაბლოკვის წინააღმდეგია.

თუმცა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი ანგარიშის აღდგენის შემთხვევაში ის “ტვიტერზე” დაბრუნებას არ აპირებს და თავის პლატფორმა Truth Social-ზე დარჩება.

სხვა სოციალური ქსელების მფლობელებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების საჯაროდ გაცხადებისგან თავს იკავებენ, ცნობილია, რომ ილონ მასკი 2022 წლის შუალედურ არჩევნებში აშშ-ში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს დაუჭერს მხარს.

მასკის დაპირებით, “ტვიტერზე” შეეცდება “დაამარცხოს სპამები, ბოტები და რეალური ადამიანების ავთენტურობა დაადასტუროს”.

გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკმა ინვესტორებს უთხრა, რომ “ტვიტერის” სამუშაო ძალის 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს, თუმცა ვრცელდება ცნობებიც იმის შესახებ, რომ მასკმა კომპანიაში პირველი ვიზიტის დროს თანამშრომლებს უთხრა, რომ ამ რაოდენობით ადამიანების შემცირებას არ აპირებს. “ტვიტერს” ამ ეტაპზე 7,500 თანამშრომელი ჰყავს.

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ