გაუარესებული მედიაგარემო - HRW-ის ანგარიში
12.01.2023
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch”-მა საქართველოში 2022 წლის მოვლენები ყოველწლიური ანგარიშით შეაჯამა. დასაწყისშივეა აღნიშნული, რომ “გაუარესდა მდგომარეობა მედიის თავისუფლების მხრივ, რაც მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმებით და კრიტიკული ტელეარხის დირექტორის დაპატიმრებით გამოიხატა“.

ასევე საუბარია ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პირობაზე, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოში მედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის გარანტიებია.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

2022 წელს გაუარესებულ მედიაგარემოზე უფლებადამცველი ორგანიზაციის გარდა, საუბრობენ სხვა გავლენიანი მედია ორგანიზაციები, მათ შორის
  • რეპორტიორები საზღვრების გარეშე
  • ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა
  • “ამნესთი ინთერნეიშენალი”
  • აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
წაიკითხეთ სრულად “როგორ გაუარესდა მედიაგარემო 2021 5 ივლისის შემდეგ საქართველოში”

მოკლედ, რა წერია HRW-ის ანგარიშში?

  • 2022 წლის მაისში სასამართლომ “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
  • “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს ზუგდიდში, გადაღების დროს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს.
  • ივნისში “ტვ პირველის” ოპერატორ მურმან ზოიძეს ბათუმში თავს დაესხნენ.
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულმა სამმა ჟურნალისტმა მაუწყებლობის მენეჯმენტი ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაში დაადანაშულა. მაუწყებელს იმავე ბრალდება ერთმა ყოფილმა ჟურნალისტმაც წაუყენა.
  • “ტვ პირველის” დამფუძნებელ ვახტანგ წერეთელზე ერთ-ერთი პარლამენტარის მიერ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე დაიწყო გამოძიება საქართველოს პროკურატურამ.
ანგარიშში ასევე ნახსენებია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები. “სასამართლოებმა 26 ადამიანს მიუსაჯეს პატიმრობა იმ ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, რომლებიც ამ მოვლენებს აშუქებდნენ. თუმცა, ხელისუფლებას არ გამოუვლენია და დაუსჯია მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები.”

Human Rights Watch-ის 2021 წლის მედიის ანგარიში იხილეთ ბმულზე.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ