Fox News-ს ცილისწამებისთვის მილიარდამდე დოლარის გადახდა დაეკისრა
20.04.2023
კონსერვატიული გამოცემა, "ფოქს ნიუსი" ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელ კომპანია "დომინიონს" ცილისწამებისა და კომპანიისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანისთვის 787,5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

რა ხდება?
  • სარჩელი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა, როდესაც "ფოქს ნიუსი" ბრალს სდებდა ხმის მიცემის ელექტორნული მანქანების მწარმოებელი კომპანიის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნების გაყალბებასა და მისთვის მიცემული ხმების საერთო რაოდენობიდან ამოღებაში.
  • გასაჯაროვებული სამართლებრივი ჩანაწერებით ირკვევა, რომ ფოქს ნიუსის ჟურნალისტები და პროდიუსერები პირად მიმოწერებში ერთი მხრივ აკრიტიკებდნენ ტრამპს და ამბობდნენ, რომ "ის მალე დაასრულებდა მმართველობას", თუმცა მეორე მხრივ, ეთერში ცრუს უწოდებნენ "დომინიონის" ბრალდებებს და ავრცელებდნენ კონსპირაციულ თეორიებს 2020 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე.
  • მათ შორის, "დომინიონის" მფლობელების წარმომავლობაზე, საიდუმლო ალგორითის მიერ ტრამპისთვის მიცემული ხმების ჯო ბაიდენისთვის გადაცემასა და მათი "სისტემის" დაუცველობაზე.
  • დამატებით, "ბრალდებულთა" შორისაა გადაცემა "Sunday Morning Futures", სადაც წამყვანი მარია ბარტირომო გადაცემის სტუმარს (სიდნი პოველს - ყოფილი ფედერალური პროკურორი) ეკითხება "ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დომინიონის პროგრამაზე, ვიცი, რომ მათ ჰქონდათ ხმის მიცემის პროცესში დარღვევები, ამაზე რომ ისაუბროთ."
  • "დომინიონის" წარმომადგენლები კომპენსაციის სახით "ფოქს ნიუსისგან" 1,6 მილიარდ დოლარს ითხოვდნენ, თუმცა სასამართლო პროცესამდე, მხარეები 787,5 მილიონ დოლარის გადახდაზე შეთანხმდნენ.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?
  • ეს იყო პრეცენდენტული შემთხვევა, რადგან ამერიკის სასამართლოს უნდა "ჩაესწორებინა" და განეხილა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მედიაგამოცემის მიერ პოლიტიკური თემების გაშუქების სტანდარტი.
  • დამატებით, "დომინიონმა" დააყენა იმ ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პასუხისმგებლობა, ვინც იცოდა და განზრახ, "დომინიონის" დისკრედიტაციისთვის ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას.

2021 წელს, "ფოქს ნიუსსა" და ამავე არხის ორ წამყვანს, ლუ დობს და მარია ბარტირომოს, იმავე ბრალდებით სასამართლოში, ხმის მიცემის ელექტრონული მანქანების მწარმოებელმა მეორე კომპანიამაც ("Smartmatic"-მა) უჩივლა და კომპანიის რეპუტაციული ზიანისთვის 2,7 მილიარდ დოლარს მოითხოვს. ეს საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.

რას ამბობს ფოქს ნიუსი?
  • ფოქს ნიუსი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებებს და მათი განცხადებით, ციტატები ჟურნალისტებისა და პროდიუსერების შიდა კომუნიკაციიდან კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და ინტერპრეტირებული.
  • ასევე, მათი წარმომადგენლების თქმით, ეს იყო ზეწოლა მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ