რა არის "კემბრიჯ ანალიტიკა"?
15.08.2023
თუ სერვისს უფასოდ იღებ და პროდუქტში ფულს არ იხდი, გამოდის, რომ თავად ხარ პროდუქტი - ეს ფრაზა განსაკუთრებით პოპულარული ინტერნეტის აქტიური გამოყენებიდან გახდა და იმას გულისხმობს, რომ სოციალურ ქსელების მოხმარებისას ფულს პირდაპირი გზით არ ვიხდით, თუმცა დღეს, ჩვენი პერსონალური მონაცემებია მონეტიზირებული.

მოდი განვმარტოთ, ამ ქსელების "ციფრული ანაბეჭდების" დატოვების გარეშე გამოყენება, ფაქტობრივად შეუძლებელია, "სქროლვის" სიხშირე, ინტერაქცია პოსტებზე თუ ნებისმიერი სხვა ციფრული მანევრი, ინახება და პლატფორმების უკან მდგომ "ტექ-გიგანტებს" ჩვენზე იმაზე დიდ ინფორმაციას აწვდის, ვიდრე ეს საკუთარ თავზე შეიძლება ვიცოდეთ.

მეტიც, "ფეისბუქს", "ტიკტოკს" თუ სხვას პირდაპირი გავლენა აქვს იმაზე თუ რას ვიყიდით, სად შევჭამთ, ვის მოვუსმენთ ან არ მოვუსმენთ ან ყველაზე მნიშვნელოვანი, ვის მივცემთ ხმას არჩევნებზე.

სწორედ ეს მოხდა 2016 წელს, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებისას.

თუმცა, ამბავი 2013 წლიდან იწყება, როდესაც კემბრიჯის უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის დეპარტმანეტის მკვლევარმა ალექსანდრ კოგანმა, ქვიზების აპლიკაცია "ეს არის შენი ციფრული ცხოვრება" (This is your digital life) ჩაუშვა, როგორც ის მაშინ ამბობდა ეს მხოლოდ აკადემიურ მიზნებს ემსახურებოდა.

მომხმარებლებს კი მცირე თანხის მიღების ან აპლიკაციაში "პრემიუმ ფუნქციების" გააქტიურების სანაცვლოდ შეეძლოთ ქვიზების შევსება და გამოკითხვაში მონაწილეობა, დამატებითი პირობა ავტორიზაციისას, მათი "Facebook"-ის ანგარიშით შესვლა იყო.

სწორედ ამ პირობით, კოგანი საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციასთან ერთად, როგორიცაა სახელი, გენდერი, ასაკი, აგროვებდა ლოკაციის მონაცემებს, სტატუსებს, განთავსებულ ფოტოებსა და მომხმარებლის მიერ დალაიქებულ გვერდებს, რაც მათ ინტერესებსა და შეხედულებებზე მეტყველებდა.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 1 მომხმარებლის Facebook-ავტორიზაციით, მთელი მისი "მეგობრების სიის" ინფორმაციაზეც ჰქონდა წვდომა.

მასშტაბი რომ განვსაზღვროთ, აპლიკაციაში 270 ათასი მომხმარებლის რეგისტრაციამ 87 მილიონი სხვა მომხმარებლის ინფორმაცია შეუგროვა კოგანს.

მაგალითად, თუ მე გავივლიდი ამ აპლიკაციაში ავტორიზაციას "ფეისბუქით" და მეგობრებში პირობითად 300 მეგობარი მეყოლებოდა, კოგანი მიიღებდა ინფორმაციას როგორც ჩემს ასევე ჩემი სამასივე მეგობრის ინტერესებზე, იდეებზე, ინტერაქციასა და შეხედულებებზე.

მეგობრების სიიდან შემთხვევით მოხვედრილი მომხმარებლების გარდა, იმ 270 ათასი ადამიანისთვის კვლევისა და ქვიზების შეკითხვები, ე.წ "დიდი ხუთეულის", OCEAN-ის პრინციპს ემყარებოდა, კოგანს მათი ხასიათის დეტალებს თითქმის სრული სიზუსტით აწვდიდა და მოიცავდა:

  • O - Openness - ღიაობა
  • C - Conscientiousness - კეთილსინდისიერება
  • E - Extroversion - ექსტროვერტულობა
  • A - Agreeableness - დათანხმებადობა
  • N - Neuroticism - ემოციური სტაბილურობა

თითოეულ პუნქტში დაბალი და მაღალი ქულები შესაბამისად განსაზღვრავდა ადამიანის ხასიათს.

2014 წელს, პოლიტიკური კონსულტაციების კომპანია "Cambridge Analytica"-ს თანამშრომელი კრისტოფერ ვაილი შეხვდა ალექსანდრ კოგანს, რომელმაც თავისი აპლიკაცია გააცნო და მასალები გადასცა.

2015 წელს, ფეისბუქის ერთერთმა თანამშრომელს Cambridge Analytica-ს მიერ მომხმარებელთა ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებით გაუჩნდა ეჭვი და შიდა კვლევით დაადასტურეს კიდეც.

ამავე წლის დეკემბერში, Facebook-მა წაშალა კოგანის აპლიკაცია და მოსთხოვეს Cambridge analytica-ს რომ ასევე გაენადგურებინა მათი მომხმარებლების ინფორმაცია, როგორც იმ დროს "facebook"-ის წარმომადგენლებს უთხრეს ეს მონაცემები უკვე წაშლილი ჰქონდათ.

თუმცა, როგორც 2018 წლის მარტში გაირკვა, კრისტოფერ ვაილიმ, The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომ მათ ეს მონაცემები არ წაუშლიათ და მეტიც, პირდაპირ იყენებდნენ აუდიტორიის სამიზნე ჯგუფებად ჩამოყალიბებისა და თითოეული ამომრჩევლის პორტრეტის შექმნისთვის.

2016 წელს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთერთი ხელმძღვანელი სტივ ბენონი, SCL გრუფში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა, Cambridge Analytica კი ამ კომპანიის "შვილობილი კომპანიაა".

კრისტოფერ ვაილი, "The guardian"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რთულია 2016 წელს, დონალდ ტრამპის გამარჯვება პირდაპირ "Cambridge analytica"-ს დავუკავშიროთ, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობაზე მანიპულაციურმა ვიდეო თუ ფოტო მასალამ, რომელიც გამიზნულად ხვდებოდათ მათ არჩევანზე დიდი გავლენა იქონია.

"ფეისბუქის სკანდალის" პარალელურად, დიდ ბრიტანეთში, Chanel 4-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს პოტენციური შრილანკელი დამკვეთი (რომელიც რეალურად ჟურნალისტის აგენტი იყო), რომელსაც დიდ ბრიტანეთში გავლენების მოპოვება სურს, Cambridge Analytica-ს აღმასრულებელ დირექტორს, ალექსანდერ ნიქსს ხვდება, სადაც ნიქსი არწუმებს დამკვეთს, რომ ტრამპის არჩევნებში მათ ფეისბუქ მონაცემები გამოიყენეს.

2023 წლის აპრილში, Facebook დათანხმა, რომ $725 მილიონი გადაუხადოს დაზარალებულ მომხმარებლებს.

ფორმის შევსებით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებსაც 2007 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში ჰქონდათ ფეისბუქი, ამ თანხიდან როგორც დაზარალებულები პროცენტულ წილს მიიღებენ.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ