16.08.2023
- გამოცემები The Insider და Bellingcat საგამოძიებო მასალებში წერენ რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, ევროპაში წასული დამოუკიდებელი ჟურნალისტების სავარაუდო მოწამვლის ფაქტების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ:
- Insider-ის მიხედვით, სავარაუდოდ, თბილისში მოწამლეს "ეხო მოსკვის" (Эхo Москвы) ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი.
- 25 ოქტომბერს ძლიერი სისუსტითა და თავბრურსხვევით გაიღვიძა; 26 ოქტომბერს, საღამოს, ხელისა და ფეხის არეში ძლიერი წვის შეგრძნება გამოუვლინდა.
- 27 ოქტომბრის ღამეს, სიმპტომების მიუხედავად, თბილისიდან ერევანში გაემგზავრა მანქანით. მისი მდგომარეობა სწორედ მაშინ გაუარესდა.
"ვერ ვკონცენტრირდებოდი, მქონდა ძლიერი შფოთვა" — უთხრა The Insiders ბაბლოიანმა — "ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული აღარ მეკუთვნოდა."
ერევანში, სასტუმროში მისვლის შემდეგ
- ბაბლოიანს ჰქონდა გულისრევის შეგრძნება, წითელი ლაქები კანზე, გრძნობდა სისუსტეს, ტკივილსა და აწუხებდა უძილობა.
The Insider-ის სტატიაში წერია, რომ
- თავდაპირველად ირინას არ მიუმართავს ტოქსიკოლოგისთვის, რადგან "ვერც კი იფიქრებდა, რომ ვინმეს მისი მოწამვლა მოუნდებოდა".
მოგვიანებით, ბერლინში გადასვლის შემდეგ,
- ტოქსიკოლოგიური ანალიზი გაიკეთა, ოღონდ ანალიზის შედეგები არ მიუღია. კლინიკაში უთხრეს, რომ მისი სისხლის სინჯები დაიკარგა. ცოტა ხნის წინ მან განმეორებით გაიკეთა ანალიზი, მაგრამ სიმპტომების გამოვლენიდან თვეების შემდეგ "თითქმის დაუჯერებელია ტოქსინების კვალის აღმოჩენა."
გამომძიებელი ჟურნალისტები ასევე იუწყებიან, რომ
- ერთი კვირით ადრე, ირინა ბაბლოიანის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს, ელენა კოსტიუჩენკოს.
- ის მუშაობს დამოუკიდებელი რუსული გამოცემებისთვის — "ნოვაია გაზეტა" (Новая газета) და "მედუზა" (Медуза).
- ის, სავარაუდოდ, მოწამლეს მიუნხენში.
აღსანიშნავია, რომ
- გამოქვეყნებულ მასალაში The Insider მიუთითებს, რომ როგორც წესი, საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებამდე არ აქვეყნებენ საგამოძიებო მასალებს შესაძლო დანაშაულის, ან დამნაშავეთა შესახებ.
თუმცა, ამ შემთხვევაში, გამოცემის რედაქტორებმა თქვეს, რომ
- მიზანია, ამით, არსებული საფრთხის შესახებ გააფრთხილონ რუსეთიდან წასული სხვა აქტივისტები და ჟურნალისტები.
- ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ესაუბრნენ სტატიაში დასახელებულ ჟურნალისტებსაც და გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებით მიიღეს.
"პოლიტიკური მიზეზების გამო, რუსეთიდან ემიგრაციაში წასულები ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამიტომაც ისინი რუსული სპეცსამსახურების მარტივი სამიზნე ხდებიან", — წერს გამოცემა.
გამოცემა მიმართავს მათ, ვისაც მოწამვლის ანალოგიური მახასიათებლები გამოუვლინდა, რომ დაუკავშირდნენ რედაქციას და მოუყვნენ ამის შესახებ, რომ გამომძიებლებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია შესაძლო კრიმინალის შესახებ.