ინსტაგრამზე ე.წ "ვერიფიცირებული" ანგარიში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ჰქონდეს - რა ხდება?
18.08.2023
დღეს, სოციალური ქსელები განსაზღვრავს ახალ ამბებს, პოლიტიკას, პირად ურთიერთობებსა თუ სხვა ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს, რადგან ამ ქსელებში მუდმივად განიხილება მიმდინარე მნიშვნელოვანი თემები, ხშირად მომხმარებლები არიან ინფორმაციის გამავრცელებლები, პოლიტიკოსებისთვის კი არის სივრცე დიდ აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის.
  • წაიკითხეთ ვრცლად: "ინფლუენსერები ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროა - 2023 წლის კვლევა"

რას ნიშნავს მეტას ( Instagram, Facebook) "ვერიფიცირებული" ანგარიში?

"ინსტაგრამი" ვერიფიკაციის ლურჯ ნიშანს 2013 წლიდან ანიჭებს მომხმარებლებს მათი მოთხოვნის საფუძველზე. თავდაპირველად, ეს კონკრეტული ადამიანის პოპულარობით, მისი სახელის ძებნის სიხშირითა და პლატფორმაზე აქტიურობით განისაზღვრებოდა. დამატებით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ე.წ "ფოლოვერების" რაოდენობას.

თუმცა, 2023 წლის თებერვლიდან შესაძლებელი გახდა მისი "გამოწერა" ანუ ყოველთვიური საფასურის ($11.99-$14.99) სანაცვლოდ მომხმარებლის პროფილზე ლურჯი ნიშნის დამატება.

მომხმარებელი ამისთვის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:
  • იყოს ასაკით 18 წელზე დიდი
  • ჰქონდეს პირადობის მოწმობა ვერიფიკაციისთვის
  • ჰქონდეს Instagram ან Facebook ანგარიში
  • "ეთანხმებოდეს" ამ პლატფორმების მიერ დაწესებულ მოხმარების პირობებსა და წესებს.
ამ პლატფორმებზე, სხვადასხვა ფოტოებსა თუ ვიდეოებზე დაგროვებული "მოწონებების" ან ნახვების რაოდენობა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი მოზარდებისთვის რეალურ ცხოვრებაში სოციალური როლის განმსაზღვრელიც კი არის.

  • კვლევების თანახმად, იმ გოგოების 32%-ს, რომელთაც არ მოსწონდათ თავიანთი სხეული, “ინსტაგრამმა” თავი უფრო ცუდად აგრძნობინა. იგივეა ამერიკელი ბიჭი თინეიჯერების 12%-ის შემთხვევაშიც.
  • მუდმივად იზრდება ადამიანების სურვილი, რომ ამ ქსელებისთვის საკმარისად "კარგები" და დაფასებულები იყვნენ. ამიტომ, "გამოწერის მეთოდი" მეტასთვის შემოსავლის ახალი წყარო გახდა
  • მხოლოდ ერთ დღეში, 2023 წლის აპრილში, "ინსტაგრამმა" 44 მილიონი "ვერიფიკაციის" ნიშანი გაყიდა და ამით, დამატებით, მხოლოდ 24 საათში $600 მილიონის შემოსავალი მიიღო.
რა საფრთხეა?

მიუხედავად იმისა, რომ "Meta verified"-ის იდეა, კრეატორების და სხვა მომხმარებლების ანგარიშების "ნამდვილობის" პირადობის მოწმობით დადასტურებაა, რათა მათი სახელით არ შეიქმნას ყალბი ანგარიშები, არსებობს რამდენიმე გამოწვევა:
  • ციფრული სეგრეგაცია - მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშები (ის მომხმარებლები, რომლებიც თანხას იხდიან) აღიქმებიან ლეგიტიმურად და სხვა მომხმარებლებს შესაძლოა აღარ ჰქონდეთ ციფრულ დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა.
  • ნებისმიერი ახალი ამბების სააგენტოს შეუძლია საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიიღოს ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი, რაც მანამდე ერთგვარად განსაზღვრავდა "სანდო მედიას" დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია.
  • დამატებით, კვლევებით დასტურდება, რომ სოციალური ქსელები, განსაკუთრებით "ინსტაგრამი" თინეჯერებს თავს არასაკმარისად კარგად აგრძნობინებს, ეს ლურჯი ნიშანი კი შესაძლოა ამის ახალი მიზეზი გახდეს.
"ინსტაგრამზე" თანხის სანაცვლოდ მიღებული ვერიფიკაციის ნიშნები სოციალურ ქსელებში მიმების შექმნისა და გავრცელების საგნადაც კი იქცა.










როგორია "ტვიტერის" (ამჟამად X) ვერიფიკაციის მოდელი?

ტვიტერზე ვერიფიკაციის ნიშანის "გამოწერის" მეთოდით ყიდვა 2022 წლიდან შეიძლება. თუმცა, "მეტასგან" განსხვავებით, ნიშნებს ფერების მიხედვით ანიჭებენ ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს.
  • ლურჯი ნიშანი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის, რომელსაც $8-ის სანაცვლოდ შეუძლია შეძენა
  • ოქროსფერი ნიშანი ხელმისაწვდომია კომპანიებისთვის.
  • ნაცრისფერი კი სამთავრობო უწყებებისთვის.

თეგები : სოციალური მედია;
ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ