29.08.2023
- გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (*RSF) მიმართავს ლიბანის მთავრობასა და პარლამენტს, გაიწვიონ კანონპროექტები "ლგბტქი პროპაგანდის აკრძალვის" შინაარსით, რადგან, რეალურად, ინიციატივა მედიის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
- ლიბანში, ლგბტქი (*ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექს ადამიანები) თემის მზარდი რეპრესიების ფონზე, ორი ასეთი კანონპროექტია ინიციირებული, რაც "სექსუალური გადახრის ხელშეწყობის ფაქტების" კრიმინალიზებას გულისხმობს.
დეტალები:
- 2023 წლის 16 აგვისტოს, ერთ-ერთი ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა მოჰამედ მორტადამ, კულტურის მინისტრმა, რომელიც ჰეზბოლას მოკავშირე შიიტური მოძრაობის წარმომადგენელია.
ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ
- "ნებისმიერი ქმედება, რომელიც აშკარად ან ირიბად უწყობს ხელს არანორმალურ სექსუალურ აქტებს", იწვევდეს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით.
იმავე დღეს, პარლამენტს წარედგინა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს — თავისუფლების აღკვეთას ხუთი წლის ვადით, მათთვის, "ვინც იცავენ, ან წააქეზებენ ჰომოსექსუალებს".
რა კავშირშია ეს საკანონმდებლო წინადადება მედიის თავისუფლებასთან?
- "შესაძლოა, საკანონმდებლო წინადადებები მთავრობამ გამოიყენოს იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ლგბტქი ადამიანების უფლებრივ საკითხებს აშუქებენ", — ამბობს იურისტი და მკვლევარი ნიზარ საგიე, არასამთავრობო ორგანიზაციის "Legal Agenda"-ს თანადამფუძნებელი — "ხელისუფლებას უფლება არ აქვს, შეზღუდოს საჯარო დებატები ამ საკითხებზე, რადგან ეს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პრაქტიკის დარღვევაა."
- "ლგბტქი ადამიანების დარბევისა და დევნის მზარდი ფაქტების ფონზე, ლიბანის გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები ბოროტად იყენებენ სექსუალური მორალის საკითხს პრესის თავისუფლებაზე ახალი თავდასხმების გასამართლებლად" — თქვა ჯონათან დაგერიმ, RSF-ის ახლო აღმოსავლეთის სამსახურის უფროსმა — "ჩვენი ორგანიზაცია შეახსენებს ლიბანის მთავრობას საერთაშორისო ვალდებულებებსა და კონსტიტუციით გარანტირებულ ვალდებულებას, იცავდეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლებას, რომ მედიას შეეძლოს საზოგადოების ინფორმირება ნებისმიერ საკითხზე, და მათ შორის, ლგბტქი პირებთან დაკავშირებულ თემებზე."
სტრიქონებს შორის:
- ჟურნალისტები, რომლებიც ლიბანში სექსუალობასთან და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობენ, კიბერ-თვალთვალისა და მუქარის სამიზნეებად იქცნენ.
- ჟურნალისტებზე შეტევის ეს კამპანია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ჰასან ნასრალამ, რომელიც ჰეზბოლას ლიდერია ლიბანში, განაცხადა, რომ "ლიბანი უნდა ებრძოდეს ჰომოსექსუალობას" და მხარდამჭერებს მოუწოდა, ლგბტქი ადამიანების მოხსენიებისას გამოიყენონ ტერმინი "სექსუალური დევიანტები".
ასეთი ფაქტების თაობაზე RSF-თან ისაუბრა ჟურნალისტმა ჰუსეინ ჩააბემ, რომელმაც X-ის ანგარიშზე (*ყოფილი Twitter-ი) მმართველი პოლიტიკური ელიტა გააკრიტიკა სიძულვილის ენის გამო. საპასუხოდ კი მუქარის წერილები მიიღო. დაემუქრნენ საცხოვრებელი ადგილის მისამართის გასაჯაროებითაც.
იმავე პრობლემაზე საუბრობს ჯო ჯაული — ვაშინგტონში დაფუძნებული არაბულენოვანი ტელეარხის ახალი ამბების წამყვანი, რომელიც პირველი არაბი გეი ჟურნალისტია, ვინც საკუთარი სექსუალობის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
კონტექსტი:
- ლიბანში ჟურნალისტები ამბობენ, რომ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა განსაკუთრებით 2019 წლის პროცესების შემდეგ გაძლიერდა.
- ქვეყანაში ყველაზე გავლენიან ტელეარხებს აკონტროლებენ მმართველ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული პირები, რაც შინაარსობრივად, ამ მედიასაშუალებების მხრიდან ჰეზბოლას იდეების მხარდაჭერას გულისხმობს.
- ჟურნალისტების წინააღმდეგ თავდასხმები და სასამართლო პროცესები კიდევ უფრო გაძლიერდა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დაწყებისა და ბეირუთის პორტის აფეთქების შემდეგ, 2020 წელს. უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა ჟურნალისტების წინააღმდეგ.